თავგადასავლების მოყვარულებს ჰიმალაის მწვერვალების დაპყრობის შესაძლებლობა ისევ ექნებათ. მიუხედავად იმისა, რომ ნეპალში კორონავირუსით დაავადებულთათვის საავადმყოფოებში ადგილები შევსებულია, შვიდი თვის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
კომპანია „აზიური ლაშქრობის“ მფლობელი ანგ ცერინგი ამბობს, რომ ამის გამო ძალიან გახარებულია.
„ნეპალის მთასვლელთა გაერთიანება, მეწარმეები, გიდები და ამ სფეროში ჩართული სხვა პირები გახარებული არიან ამ ფაქტით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ტურისტული სექტორი მალე ფეხზე წამოდგება.“
ნეპალის შემოსავალის მთავარი წყარო უცხოელი ვიზიტორებია. საზღვრების დახურვა უარყოფითად აისახა დაახლოებით იმ 800 ათას კაცზე, ვინც ტურიზმის ინდუსტრიაშია ჩართული. საზღვრების გახნის მიუხედავად, ამ დროისთვის გარკვეული შეზღუდვები კვლავ რჩება ძალაში.
ნეპალის სამთო გიდი რინჯე შერპას ამბობს, რომ სამსახურში დაბრუნება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო:
„ძალიან გვიხარია, რომ მალე სამსახურს დავუბრუნდებით. ბოლო რამდენიმე თვე ფინანსურად ძალიან რთული, ფსიქოლოგიურად კი მტანჯველი იყო. ახლა როგორც იქნა ვმუშაობთ, თუმცა პანდემიის გამო, ძალიან მცირე რაოდენობის ტურისტს ველოდებით.“
ვიზიტორებმა ჩამოსვლამდე წინასწარ ნებართვა უნდა აიღონ, მიუთითონ მარშრუტის დეტალები და წარადგინონ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც კორონავირუსის მკურნალობასაც დაფარავს. გარდა ამისა, ტურისტებმა საკუთარი ქვეყნიდან გასვლამდე კორონავირუსის ტესტი უნდა ჩაიტარონ, ნეპალში ჩამოსვლის შემდეგ კი ერთ კვირიანი კარანტინი დაიცვან.
ტურიზმის ადმინისტრაციის დირექტორის, რუნდა სინგ ტამანგის განცხადებით, მთავრობამ საზღვრები მხოლოდ იმ ვიზიტორებს გაუხსნა, რომელთა კონტროლიც შედარებით მარტივია.
პანდემიის დაწყების შემდეგ, ნეპალში კორონავირუსის 176 500 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 984 ადამიანი კი გარდაიცვალა. 30 მილიონიან ქვეყანაში, ვირუსის გავრცელების გამო, საავადმყოფოებში ადგილები შევსებულია.