კატეგორიები

„ვეღარ ვცხოვრობთ ქალაქში, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის” – დაბინძურების კერები რუსთავში

„ვეღარ ვცხოვრობთ ქალაქში, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის” – დაბინძურების კერები რუსთავში
2025 წელს რუსთავში ჩატარებულმა კვლევამ დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები გამოავლინა.

“ბავშვებს ცხვირიდან სიხლდენა ჰქონდათ ნოემბერში – იმდენად რთული მდგომარეობა იყო.. ჩვენს დაბინძურებას უდაბნოს მტვერიც დაემატა, ეს ქარხნებიც დღე და ღამე მუშაობდნენ და მზე აღარ ჩანდა ქალაქში.”

როგორც რუსთაველები ამბობენ, სუფთა ჰაერი ამ ქალაქში ფუფუნებაა, რომელიც სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ახლა საახალწლო ნაძვისხე დგას, ევრონიუს ჯორჯია რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს გამოელაპარაკა. მოქალაქეები გახშრებულ ავადობასა და იმ გაუსაძლის სუნზე ჰყვებიან, რომლებიც მათი ყოველდღიურობის განუყოველ ნაწილად იქცა.

„როდესაც ცხელ ხაზზე დავრეკე და ვთქვი, რომ საშინელი სუნია, ფანჯარას ვერ ვაღებთ და ვერ გავდივართ, საიდან მოდისო გვეკითხებიან – ეგ რომ ვციოდეთ მთელი რუსთავი დავირაზმებით და მივალთ.. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ! უნდა ვაიძულოთ ნებისმიერი ქარხანა, რომ დააყენოს ეს ფილტრები – უნდა იფიქრონ მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც” ,- ამბობს რუსთავის მცხოვრები თამარ კენკებაშვილი.

„ჰაერის დაბინძურება ყველას ერთნაირად ვნებს – არ არჩევს ის შენ მთავრობის მომხრე ხარ, თუ მოწინააღმდეგე. როცა ხილული არ არის ეს დაბინძურება მაშინაც მოქმედებს – ჩვენს ჯანმრთელობას, შვილების ჯანრთელობას აზიანებს.. ეს დაბინძურება ხომ არ ქრება – რუსთავს თუ არ ვნებს – გარშემო ქალაქებზე და სოფლებზე მოქმედებს, ნიადაგს, წყალს აბინძურებს – მერიის თანამშრომლებსაც ვნებს და საწარმოებში მომუშავე ადამიანებსაც.. ჩვენ ვახმოვანებთ იმ ადამიანებსაც, ვისაც წნეხის თუ შიშის გამო არ შეუძლია ხმის ამოღება”, – გვეუბნება კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, მაიკო მუშკუდიანი.

ვითარებას კიდევ უფრო მძიმდება მაშინ, როდესაც ქალაქის ინდუსტრიული ზონიდან მომავალ გამონაბოლქვსა და მტვერს – ე.წ. ტრანსსასაზღვრო დაბინძურება – უდაბნოს მტვერი ემატება.

“ტოქსიკური დაბინძურების კერები რუსთავში” – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკამ“ 2025 წელს, მოამზადა. უცხოელმა და ქართველმა მკვლევრებმა რუსთავსა და მის შემოგარენში – ნიადაგის, მტვრისა და სხვადასხვა საკვები პროდუქტის ნიმუშები აიღეს და რამდენიმე დამაბინძურებელზე გამოიკვლიეს. მათი მიზანი როგორც მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების, ასევე მძიმე ლითონების გამოვლენა იყო.

„სამრეწველო ზონების, მეტალურგიული ქარხნების, ცემენტის საწარმოებისა და წიდის საწყობების გარშემო აღებულ ნიადაგისა და მტვრის ნიმუშებში გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო ნივთიერების მომატებული კონცენტრაცია. მაგალითად, სამრეწველო ტერიტორიის სიახლოვეს აღებულ ქუჩის მტვერში ვერცხლისწყლის, ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა საბაზისო დონეებს, შესაბამისად, 4.5-ჯერ, 24-ჯერ და 26-ჯერ აღემატებოდა. ამავე რაიონებთან მდებარე საბავშვო მოედნების ნიადაგში აღმოჩნდა კადმიუმისა და თუთიის მომატებული მაჩვენებლებიც, რომლებიც აჭარბებდა ბავშვთა ქვიშის ყუთებისთვის დადგენილ ჰიგიენურ სტანდარტებს“,- ვკითხულობთ კვლევაში, რომლის კიდევ ერთი მიგნება რუსთავსა და სამრეწველო ზონის მიმდებარე სოფელ თაზაქენდში, ბუნებრივ გარემოში გაზრდილი ქათმის კვერცხში აღმოჩენილი დაბინძურებაა.

“კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ რუსთავში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს მეტალურგიული და ცემენტის მრეწველობის მემკვიდრეობითი და მიმდინარე გავლენა. დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე მუდმივად ფიქსირდებოდა სამრეწველო ობიექტების სიახლოვეს, ასევე ნარჩენი მასალებისა და წიდის გადამუშავებისა და მეორადად გამოყენების ადგილებში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ინდუსტრიული ქალაქი რუსთავი საბჭოთა წარსულში 90-მდე მსხვილ სამრეწველო საწარმოს – მძიმე მრეწველობის ობიექტებს აერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი დღეს არასრულად ან საერთოდ აღარ ფუნქციონირებს, კვლავაც რჩება 400-ზე მეტი აქტიური საწარმო, რომლებიც მეტალურგიის, რეზინის, პლასტმასისა და ავეჯის წარმოების მიმართულებით მუშაობენ. დარღვევით მომუშავე ობიექტებიდან მომავალი გამონაბოლქვი და გაფრქვევები კი გარემოს ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურების ძირითადი წყაროა.

“ის ადამიანები, ვინც საშუალო ფენად მიიჩნეოდა, გაღარიბდნენ,  გაღატაკდნენ – ჩვენ ვდგავართ ახლა ერთ-ერთ ძირადღირებულ ნაძვის ხესთან, რომლის გახსნაც მოაწყო მთელი ზარზეიმით ღარიბი ქალაქის მერიამ, იხარჯება მილიონები ასეთ ნაძვის ხეზე და ღარიბ ხალხს სთავაზობენ სანახაობას” – ამბობს სოფია შველიძე მკვლევარი და საინიციატივო ჯგუფის წევრი კრწანის ტყე-პარკის გადასარჩენად. ის ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც ამ ქალაქის მცხოვრებლებს განსაკუთრებით ხშირად ექმნებათ.

მთელი ჩემი ცხოვრება აქ გავატარე – ჩემი წინაპრები, ჩემი ბებია და ბაბუა ამ ქალაქის დამაარსებლები არიან, ძირძველი რუსთაველები, რომლებმაც ააშენეს ეს ქალაქი – აქ რომ მოვედი, სატქმელი სხვებმაც გამომატანეს – ჩვენ მაგივრადაც თქვიო.. სამწუხაროდ ასეთ პოლიტიკური მდგომარეობაა, რომ ბევრი ვერ ბედავს ამ თემაზე ხმის ამოღებას – ემოციურადაც ძალიან რთულია, როდესაც უბრალოდ სუნთქვით, შენს ქალაქში ცხოვრებით, შენს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება. ბავშვებს სიხლდენა ჰქონდათ ნოემბერში – ჩემს შილებსაც ჰქონდათ ეს სიხლდენა იმდენად რთული მდგომარეობა იყო – ჩვენს დაბინძურებას დაემატა უდაბნოს მტვერი ეს ქარხნებიც დღე და ღამე მუშაობდნენ, მზე აღარ ჩანდა ქალაქში ისე იყო დაბურული – მძიმე მეტალებს ვსუნთქავდით ფაქტობრივად. ნოემბრის თვე იყო საშინელება.

ძალიან ბევრი დაავადებული ბავშვი გვყავს, მათ შორის ონკოპაციენტები.. თურქეთში რომ მიდიან ეს ბავშვები, იქ პირდაპირ ეუბნებიან, რომ ჰაერით არის მათ დაავადებები გამოწვეული. ბავშვებს ჩამოუყალიბდათ ქრონიკული დაავადებები უბრალოდ საკუთარ ქალაქში ცხოვრებით და სუნთქვით. წარმოიდინეთ, რამდელა ტრაგედია შეიძლება გახდეს უბრალოდ შენს ქალაქში ცხოვრება” – ამბობს სოფია შველიძე**.**

“ის, რაც აჩვენა “არნიკას” კვლევამ, ეს არის ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს მსგავსი ტიპის ინდიკატორულ კვლევებს, პრინციპში არ იყო მოულოდნელი, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს მსგავსი ტიპის სხვა კვლევები სხვა რეგიონებთან მიმართებაში, სადაც გვხვდება საკმაოდ დიდი რაოდენობით მძიმე მეტალები ნიადაგში.. სამწუხაროდ, ამ თემას არ ექცევა ქვეყანაში დიდი ყურადღება” – გვეუბნება მწვანე ალტერნატივის წევრი მანანა ქოჩლაძე. ის კიდევ ერთ დამაბინძურებელზე გვიყვება, რომელიც ახალმა კვლევამ გამოავლინა.

“კვერცხის მძიმე მეტალებით დაბინძურებასთან ერთად, ასევე ნახეს დუსტის კვალი, რომელიც უკვე მრავალი წელია აკრძალულია და მიუთითეს, რომ დიდი რაოდენობის გამო, სავარაუდოდ, ის კიდევ გამოიყენება სოფლის მეურნეობასა და სახლებში” – ამბობს ქოჩლაძე.

ქიმიური პესტიციდი, რომელსაც ჩვენ დუსტის სახელით ვიცნობთ, მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან მთელს მსოფლიოში სოფლის მეურნეობაში, მავნე მწერების გასანადგურებლად განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენებოდა. მისი ტოქსიკური ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე ცოტა მოგვიანებით გახდა ცნობილი, ამიტომ დუსტის გამოყენება უკვე მრავალი წელის აკრძალულია როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე საქართველოში. ამ ტოქსიკური საშუალების გამოვლენილი კონცენტრაციები, კვლევის ავტორების შეფასებით, აკრძალული პოესტიციდის „ბოლოდროინდელ გამოყენებაზე მიუთითებს და გრძელვადიან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.“

„შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ DDT-ის მაღალი კონცენტრაციები ქალაქის განახლებული საბავშვო მოედნების ნიადაგშიც კი გამოვლინდა“ – ვკითხულობთ კვლევაში.

„ძალიან რთულია ჩემთვისაც და ბევრი სხვა რუსთაველისთვისაც, რომლებსაც ძალიან გვიყვარს ეს ქალაქი.. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, უნდა გადავსახლდეთ აქედან? ავიბარგოთ? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ქალაქის ერთადერთ ფილტვებს – კრწანისის ტყეს გვართმევენ და ვიბრძვით ამ ტყის შენარჩუნებისთვის. ეს არის ერთადერთი ფილტვები – ჰაერის ბუნებრივი რეზერვუარი რომელიც დღეს შემოგვრჩენია” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი და მკვლევარი სოფია შველიძე. ის იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებსაც რუსთავის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან ითხოვენ.

“შეეზღუდოთ იმ ქარხნებს მუშაობა რომლებიც მუშაობენ წესების დარღვევით, რომლებსაც არა აქვთ ფილტრები – ჩვენ ვიცით, რომ 50-მდე ქარხანაა რუსთავის შემოგარენში და ყველა მუშაობს დარღვევით.. გაიზარდოს ჯარიმები – ქათმის კვერცხშიც კი იპოვნეს ისეთი დაბინძურება, რომელიც პირდაპირ ანადგურებს ადამიანის ჯანმრთელობას და ჩვენ ვიცით რომ გარშემო ძალიან ბევრი ფერმაა.. ყოველდღე სოციალურ ქსელში ახალი პოსტები ჩნდება, რომ ადამიანები ვერ აღებენ ფანჯრებს და უბრალოდ ვერ ცხოვრობენ ქალაქში, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენ გვეკუთვნის!” – ამბობს აქტივისტი.

ჰაერის დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით ევრონიუს ჯორჯია რუსთავის მერიას დაუკავშირდა, თუმცა მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები