სამწუხარო რეალობაა, რომ ადრე გაშვილების მიზნით ბავშვებს იტაცებდნენ. დედებს ეუბნებოდნენ, რომ შვილები დაეღუპათ, თუმცა მათთვის ცხედრებიც კი არ უჩვენებიათ.
ამ არაადამიანური პრაქტიკის შესახებაა მარტინა ვოიცეხოვსკას და იოვიტა ბარანიეცკას დოკუმენტური ფილმი „მოპარული ბავშვები”, რომლის პრემიერაც ვარშავაში, WatchDocs-ის ფესტივალზე შედგა.
„არსებობს ბევრი შემთხვევა ესპანეთსა და მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მთელ აღმოსავლეთ ბლოკისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც იყო ეს პრაქტიკა. უამრავი გატანჯული დედაა. თუმცა საქართველოს მონაცემები წარმოუდგენელი და გასაოცარია. ჩვენ ვსაუბრობთ 3.5- მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაზე. ამ ეტაპზე ამ პატარა ქვეყანაში 100 000 რეგისტრირებული დედაა, რომლებიც დღემდე ეძებენ თავიანთ შვილებს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით, კიდევ რამდენი შეიძლება იყოს“, – განმარტავს მარტინა ვოიცეხოვსკა, „მოპარული ბავშვების“ თანარეჟისორი.

ფილმი ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ ისტორიას ჰყვება.
პირველი ისტორია ეხება გამომძიებელ ჟურნალისტს, თამუნა მუსერიძეს, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ იგებს, რომ აყვანილია. ის გადაწყვეტს, მოძებნოს თავისი ბიოლოგიური დედა და გზად 1970-იანი წლებიდან დაწყებული კრიმინალური საქმიანობის კვალს აწყდება, როგორც თამუნა ამბობს, ამ საქმეში გარეული იყვნენ ექთნები, ტაქსის მძღოლები, ექიმები…

„მოხარული ვარ, რომ პრემიერა შედგა და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ბავშვების დედები, რომლებიც საზღვარგარეთ გაყიდეს, ამ ფილმის წყალობით იპოვიან ჩვენთან დაკავშირების გზებს. სამარცხვინოა, რომ ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა“.
მეორე ამბავი ტყუპ დებზეა, რომლებმაც ერთმანეთი სოციალურ ქსელში იპოვეს. თუმცა მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ნაშვილები იყვნენ. თამუნას მსგავსად, მათაც სურთ დაეხმარონ ადამიანებს ბიოლოგიური ოჯახების პოვნაში.

“ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ფილმი ნამდვილ ზვავს გამოიწვევს და ძალიან ბევრი ადამიანი აღმოაჩენს, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობდა. ბევრი ადამიანი დაიწყებს საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახების, საკუთარი ფესვების შესახებ სიმართლის ძიებას”, – ამბობს ევრონიუსთან მარტინა ვოიცეხოვსკა, „მოპარული ბავშვების“ თანარეჟისორი.
ფილმის პრემიერა ვარშავაში, WatchDocs-ის ფესტივალზე შედგა. მისი ნახვა HBO Max-ზე 12 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.
