ისრაელმა ირანის დედაქალაქ თეირანის დასავლეთ ნაწილზე მიიტანა იერიში.
გავრცელებულ კადრებში, რომლებიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, ჩანს დაზიანებული შენობები და მაშველები, რომლებიც ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ.
ირანის ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა 1900-ს აჭარბებს.
აშშ-სა და ისრაელს საჰაერო იერიშები მიაქვთ სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის სამხედრო ბაზებზე, სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ირანის რევოლუციური გვარდიისა და მოხალისეთა ძალების პოზიციებზე. ისინი თავს ესხმიან ირანის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს.
ისრაელის არმიის პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ირანმა და „ჰეზბოლამ“ შესაძლოა პასექის დღესასწაულის პერიოდში ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშები გააგრძელონ.
„ჩვენ ვაგრძელებთ მტერზე მიზანდასახულ იერიშებს. ჩვენი მიღწევები ფართომასშტაბიანია. ჩვენ ვანგრევთ და ვუმიზნებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმსა და მის მხარდამჭერ ძალებს. ასევე გასულ ღამეს ბეირუთის ცენტრში „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის მაღალი რანგის მეთაურებზე მივიტანეთ იერიში.
შესაძლებელია, ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა და ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰეზბოლამ“ პასექის დღესასწაულის პერიოდში ისრაელის ტერიტორიაზე მიიტანონ იერიში, რათა ზიანი მიაყენონ მშვიდობიან მოსახლეობას.
ჩვენი თავდაცვითი სისტემები განლაგებულია. ჩვენ მზად ვართ ქვეყნის მასშტაბით საფრთხეების გასანეიტრალებლად. თუმცა დღესასწაულის წინა პერიოდშიც მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თავდაცვა სრულად შეუვალი არ არის. აქედან მოგიწოდებთ, დაიცავით შიდა ფრონტის სარდლობის მითითებები“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა.
ირანი საპასუხოდ დრონებითა და რაკეტებით უტევს როგორც ისრაელს, ისე სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე ქვეყნებს.
ამავე დროს, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ, განაცხადა, რომ თეირანი გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის წინააღმდეგ მოქმედი ძალების მხარდაჭერას. მისი გზავნილი სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა.
