ან ევროკავშირი, ან ევრაზიული კავშირი — კრემლში მისულ სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის დიალოგი მინიშნებებითა და გადაკრული სიტყვებით წარიმართა.
ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანი, ფაქტობრივად, საგარეო კურსის არჩევანის წინაშე დააყენა, თუმცა თან დასძინა, რომ ერევნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით მოსკოვი „აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებს“.
მიუხედავად ამ ნათქვამისა, მისმა შემდგომმა სიტყვებმა საპირისპირო აჩვენა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც კრემლს აშკარად შეუსუსტდა გავლენები სომხეთში.
„ვხედავთ, რომ სომხეთში მიმდინარეობს დისკუსია ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად მშვიდად ვართ. გვესმის, რომ ნებისმიერი სახელმწიფო მიისწრაფვის, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობისგან, მაგრამ ეს უნდა იყოს აშკარა და, ასე ვთქვათ, ღია.
პირდაპირ ვიტყვი: ევროკავშირთან საბაჟო კავშირში და, ამავდროულად, ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებაში ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ არსობრივად შეუძლებელია და საკითხი არა პოლიტიკური, არამედ სუფთად ეკონომიკური ხასიათისაა, რადგან ზოგიერთი რამ საჭიროებს უდიდეს ერთობლივ მუშაობას, რომელიც წლების განმავლობაში უნდა ტარდებოდეს.
ეს არის მათ შორის ცალკეული სავაჭრო ჯგუფების შეფასება, მათი ბაზარზე შესვლა და პროდუქციის ფიტოსანიტარული ზედამხედველობა“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მოსკოვში დაისვა კითხვები ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებითაც. თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს საბოლოო წერტილი არა რუსულმა მხარემ, არამედ აშშ-მ დაუსვა, რის გამოც ერევანში კრემლისადმი სკეპტიციზმი გაიზარდა, რადგან არ შესრულდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციით გათვალისწინებული ვალდებულებები.
ამ მხრივ, ვლადიმერ პუტინმა თავი იმით იმართლა, რომ ეს იყო „შიდაპოლიტიკური პროცესი“:
„რა თქმა უნდა, მესმის, რომ დღემდე ყველაზე მგრძნობიარე საკითხი არის ყარაბაღი და ყველაფერი, რაც მას შეეხება. ამის თაობაზე ჩვენ ხშირად და, შეიძლება ითქვას, მუდმივად ვსაუბრობთ.
ვიცით, რომ თქვენც და თქვენს კოლეგებსაც აქვთ შეკითხვები და გარკვეული პრეტენზიები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან. ვფიქრობ, აშკარაა, მას შემდეგ, რაც თქვენ 2022 წელს პრაღაში აღიარეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან ჩარევა პროცესში, რომელმაც მიიღო შიდააზერბაიჯანული განზომილება, უბრალოდ არაკორექტული იქნებოდა...“ — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერევანსა და ბაქოს შორის ყარაბაღისა და, ზოგადად, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები ამოწურულია, რადგან მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს.
„2022 წელს ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ სპეციფიკური ვითარება წარმოიშვა და, ჩემი აზრით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მექანიზმებს უნდა ემუშავათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამან, რა თქმა უნდა, მიგვიყვანა ორგანიზაციისადმი ჩვენი ურთიერთობების ცვლილებებამდე.
ამ დრომდე არ ვიღებთ მონაწილეობას ორგანიზაციის მუშაობაში მარტივი მიზეზის გამო: კვლავ ვერ ვუხსნით ჩვენს მოქალაქეებს, რატომ არ ჰქონდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას რეაგირება, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად“, — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს მიანიშნა, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ერევნისთვის უკვალოდ არ ჩაივლის.
„ბევრი პოლიტიკური ძალა, რომელიც პრორუსულად არის განწყობილი, რა თქმა უნდა, ამას გულწრფელად გეტყვით, რადგან ისეთი დიალოგი გვაქვს, რომლის დროსაც ყოველთვის ვსაუბრობთ გულწრფელად და პირდაპირ.
დიდად ვისურვებდით, ამ პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა შეძლონ არჩევნებსა და შიდაპოლიტიკურ მუშაობაში მონაწილეობა.
ვიცი, ზოგიერთ მათგანს თავისუფლება აქვს აღკვეთილი, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის პასპორტს ფლობს. ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ვერევით, მაგრამ ვისურვებდით, ყველა მათგანს შეეძლოს ამ შიდაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
დემოკრატიაზე არანაკლებ გადაკრული სიტყვებით უპასუხა კავკასიური ქვეყნის ლიდერმა:
„წინ საპარლამენტო არჩევნები გვაქვს, რომელთა შედეგების მიხედვით აირჩევიან დეპუტატები და ეს, პრაქტიკულად, პრემიერ-მინისტრიც.
მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ საკითხს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის პასპორტი აქვთ. ამიტომ, დიდი პატივისცემის მიუხედავად, სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, რუსული პასპორტის მქონე პირებს არ შეუძლიათ იყვნენ არც დეპუტატობის და არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები…
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჩვენთან ზედმეტი დემოკრატიაც კი არის და ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია. მაგალითად, ჩვენთან სოციალური ქსელები 100 პროცენტით თავისუფალია, საერთოდ არანაირი შეზღუდვები არ გვაქვს და ძალიან ბევრი მოქალაქე ფიქრობს, რომ ეს ნამეტანია…“ — თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობისას ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა. სომხეთმა კრემლზე პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება გადაწყვიტა, თუმცა, როგორც დრომ და ყარაბაღის ბოლო ომმა აჩვენა, განსაკუთრებული იმედი სომხურ მხარეს აღარც სამხედრო თვალსაზრისით ჰქონია.
