კატეგორიები

რუსულმა ძალებმა ხმელნისკი, ლუცკი და ოდესა დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხმელნისკი, ლუცკი და ოდესა დაბომბეს
Copyright AP
ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის ინფორმაციით, რუსეთმა პირველ აპრილს ღამით დასავლეთ უკრაინის ქალაქები ხმელნისკი და ლუცკი დაბომბა, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები და კომერციული ობიექტები დაზიანდა.

რუსული დრონის დარტყმის შემდეგ დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლუცკში საწყობებსა და საფოსტო ტერმინალს დიდი ზიანი მიადგა.

„ნოვა ფოშტას“ ტერმინალსა და საკვების საწყობებში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

მიყენებული ზიანის მასშტაბის მიუხედავად, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ლუცკი  პოლონეთის საზღვართან ახლოს, დასავლეთ უკრაინაში, მდებარეობს. ის უცხოური სამხედრო დახმარების მიღების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.

საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის უმეტეს ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კიევსა და სხვა ქალაქებსა და რეგიონებში.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც რუსული მხარისთვის შეთავაზებულI სააღდგომო ზავის შესახებაც ისაუბრა.

„ლუცკში დაზიანდა საკვების საწყობები და „ნოვა პოშტას“ ტერმინალი. პოლტავას ოლქში, სხვა რეგიონებში, საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. სინამდვილეში, ეს არის რუსების პასუხი ჩვენს წინადადებაზე აღდგომის დღესასწაულებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინამ ღიად შესთავაზა რუსეთს ასეთი წინადადება. რუსეთი კი პასუხობს შაჰედებით დრონებით პასუხობს და აგრძელებს ტერორისტულ ოპერაციებს ჩვენი ენერგეტიკული სექტორისა და ჩვენი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზეც მიიტანა იერიში, რის შედეგადაც სამოქალაქო და პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ კიპერმა, განაცხადა, რომ პორტში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ასევე ხანძარი გაჩნდა საწყობებში.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 339 დრონი გაუშვა, მათ შორის „შაჰედის“ ტიპის დაახლოებით  200 დრონი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 298 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს. მინიმუმ 20-მა დრონმა თავდაცვითი ხაზი გაარღვია და 11 ადგილს დაარტყა.

დაკავშირებული ამბები
რუსულმა ძალებმა ხმელნისკი, ლუცკი და ოდესა დაბომბეს ბუჩის გათავისუფლებიდან ოთხი წელი გავიდა