2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცებულია. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტს პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.
ჯანდაცვის სერვისები, სოციალური უზრუნველყოფა, საჯარო სექტორში მომუშავეთა სახელფასო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული გამოწვევები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც კითხვები დაისვა საკანონმდებლო ორგანოში, ბიუჯეტის პროექტის განხილვებისას.
„მომდევნო წელს, 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 370 ლარის, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია 495 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსია შესაბამისი კატეგორიებისთვის იქნება 444 ლარი და 594 ლარი…
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება დამატებით იზრდება 12 მილიონ ლარზე მეტით და პროგრამის ბიუჯეტი 124 მილიონ ლარს აჭარბებს. 2025 წელთან შედარებით, პროგრამის დაფინანსება, ჯამურად, გაზრდილია 29 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობით…
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება პირველად პროექტთან შედარებით, 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გაიზარდა, თითქმის, 90 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს.
რაც შეეხება უშუალოდ ხარჯების გადანაწილებას, ზოგადი განათლების დაფინანსებაზე დამატებით გამოიყო 37 მილიონ ლარზე მეტი და მისი მოცულობა 1 მილიარდ 923 მილიონ ლარს აღწევს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 10%-ისა…
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით გამოყოფილია 123 მილიონ ლარზე მეტი და ჯამური დაფინანსება 1 მილიარდ 538 მილიონ ლარს აჭარბებს.
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, დამატებით გამოიყო 53 მილიონ ლარზე მეტი და მისი დაფინანსება 237 მილიონ ლარს აჭარბებს.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის დაწყება; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტებისთვის გამოყოფილია 305 მილიონ ლარამდე; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა იზრდება 44 მილიონ 500 ათასი ლარით და 667 მილიონ ლარს შეადგენს; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 150 მილიონი ლარი, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 205 მილიონი ლარი…“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლების არგუმენტებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ამომწურავად პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს, არ ეთანხმებიან ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში.
ოპოზიციონერ დეპუტატთა თქმით, მართალია, იანვრიდან სოციალური შემწეობის მიმღებთა და პენსიონერთა შემოსავლების იზრდება, თუმცა, საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ამით მათი პრობლემა, როგორც ამბობენ, მაინც არ გვარდება.
„მაშინ, როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტები კატასტროფულად არის მომატებული, წარმოდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით პენსიის 20-45 ლარამდე ზრდა რატომღაც ძალიან დიდი მიღწევად მიგაჩნიათ.
განათლების მიმართულებით 3.1 მილიარდი ლარი არის გამოყოფილი საიდანაც 1.8 მილიარდი სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობაზეა გამოყოფილი და 2026-წლის ბიუჯეტში ბავშვთა კვებაზე და სკოლებში ბავშვების სკოლის ფორმებით უზრუნველყოფაზე არაფერი არ არის ნათქვამი და რეალურად სკოლის ფორმების შეძენა ბავშვების ოჯახების შესაძენია, რაც ძალზედ მძიმე ტვირთად აწვება დუხჭირ ოჯახებს…
ქვეყანაში შექმნილი დამატებითი დოვლათი და შემოსავლები ხალხზე არ ნაწილდება, არასწორად ნაწილდება და მთელი ეს შექმნილი დამატებითი დოვლათი და სიკეთეები გადანაწილებული არის კორუფციულ კლანებზე, რომლებიც ნაწილი დაჭერილია და ზოგი დასაჭერად არიან გამზადებულები – ეს არის სიმართლე!“ – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ.
სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი ძირითადი ხარჯი მიმართულია განათლებაზე.
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეფორმის ფარგლებში, საჭირო გახდა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და ფინანსურ დოკუმენტში კორექტივების შეტანაც.
სასკოლო და უმაღლესი განათლების სფეროებში მმართველი პარტიის დაგეგმილ ცვლილებებს წარდგენის დღიდან აკრიტიკებენ ხელისუფლების ოპონენტები.
პარლამენტში მყოფი ოპოზიციონერების თქმით, „ახალი თაობის საუკეთესო ინტერესების გასათვალისწინებლად, მსოფლიოში დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში განათლების რეფორმები მიმდინარეობს წლების განმავლობაში“:
„ფინეთში განათლების რეფორმას 20 წელი დასჭირდა, ავსტრალიაში რეფორმამდე 5 წელი მიმდინარეობდა კვლევაზე, რეფორმის მოდელირებაზე და რისკების შეფასებაზე მუშაობა. დიდ ბრიტანეთშიც ხანგრძლივი პროცესი ემყარებოდა კვლევას და მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერებას. ყველა ქვეყანაში მაღალია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდების ჩართულობა რეფორმირების პროცესში.
ჩვენს ქვეყანაში სადაც უდიდესი გამოწვევებია განათლების ხარისხის მიმართულებით, რასაც თქვენ აღიარებთ კიდეც. რატომ ვაკეთებთ განათლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – უმაღლესი სასწავლებლების შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებულად? და რომ არ ივარგოს თქვენს მიერ შექმნილმა სისტემამ? ვინ იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე?
თქვენმა არცერთმა წინამორბედმა ჯერჯერობით არ აგო პასუხი იმ მავნე გადაწყვეტილებების გამო, რომლებითაც განათლების სისტემა მოიყვანა ამ მდგომარეობამდე…
უმაღლესი განათლების შემოთავაზებული რეფორმა თავისი ხელოვნურობით წააგავს სააკაშვილის ,,100 ახალი საავადმყოფოს პროექტს”, რომლის შედეგების ყველაზე კარგი ილუსტრაციაა რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში: უზარმზარი მრავალსართულიანი, ერთ დროს მრავალპროფილური, ეხლა კი უფუნქციო გამოშიგნული შენობა, წინ მიშენებულ მომცრო კლინიკა და უწყლოდ დატოვებული ულაზათო შადრევანი ეზოში. კარგად დავფიქრდეთ, ამ რეფორმით ასეთი რამ არ შეგვრჩეს ხელში!“ – თქვა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას უპასუხა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა. მისი თქმით, „ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მათ შორის ნავთობიც, ნედლეულიც და ოქროც, არის ადამიანი, ის ინტელექტუალური რესურსი, რომლის რეალიზებისათვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი უნდა იყოს გამოყენებული“.
ხელისუფლების თანახმად, 2026 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 11 300 დოლარს გადააჭარბებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისა და ფინანსური დოკუმენტის ირგვლივ ოპონენტთა კრიტიკის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
მანამდე კი, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მანვე თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა „დაახლოებით 30-40%-ით, ჯერ კიდევ ჩამორჩება ევროკავშირის წევრ ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი“.
