ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ღაზის სექტორიდან გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მქონე 25 ბავშვი და მათი თანმხლები 92 პირი მესამე ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, რუმინეთში, ნორვეგიასა და ბელგიაში გადაიყვანეს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გრძელდება მუშაობა სამედიცინო ევაკუაციის საკითხებზე და უფრო მეტი პაციენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.
ჯანმოში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში 18 500-ზე მეტ პირს კვლავ ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომლის მიღებაც ომით განადგურებულ ღაზის სექტორში ფაქტობრივად შეუძლებელია.
„სიტყვებით აღუწერელი გრძნობაა. ის სამწელიწად-ნახევრისაა. აქ იჩაგრებოდა, ალბათ უკვე გსმენიათ ამის შესახებ. როდესაც დამირეკეს, შვება ვიგრძენი, რადგან გავაცნობიერე, რომ ვიღაც ჩვენზე ზრუნავდა და ამ საკითხს აგვარებდა. უკვე ვიცი, რომ ჩემი შვილი გაცილებით უკეთ გახდება. საკეისრო კვეთა გავიკეთე და ოპერაციის დროს გავიგე, რომ მას სასისა და ტუჩის თანდაყოლილი ნაპრალები ჰქონდა. ხელებსა და ფეხებზეც არ ჰქონდა თითები. ცხადია, ძალიან ვინერვიულე, რადგან ორსულობის დროს ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. მოგვიანებით ასევე გვაცნობეს, რომ მას ნაწლავის პრობლემაც აქვს“, – აცხადებს მენას დედა, დუა ტაისერ აზა.
მენა იმ 25 ბავშვსა და 92 თანმხლებ პირთა შორისაა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მესამე ქვეყნებში – იტალიაში, რუმინეთში, ნორვეგიასა და ბელგიაში გადაიყვანა. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე პაციენტები და მათი თანმხლები პირები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პალესტინის „წითელ ნახევარმთვარესთან“ ერთად მოწყობილ საველე ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ.
„ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როდესაც დაგვირეკეს, ძალიან გაგვიხარდა და შვებით ამოვისუნთქეთ. ღმერთმა განკურნოს და ჯანმრთელობა მისცეს. მისი მდგომარეობა ყოველ წამს უარესდება, რადგან კისტაც იზრდება“, – აცხადებს ჰაბიბა რადვანის დედა, სოჰა ფატი აბუ რადვანი.
ამ ბავშვებს სხვებთან შედარებით გაუმართლათ, რადგან ათასობით ბავშვი თუ ზრდასრული უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროებათ.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მეტი დერეფნის შესაქმნელად, რათა პაციენტები საზღვარგარეთ გადავიყვანოთ და მკურნალობის საშუალება მივცეთ. დაახლოებით 16 000 ასეთი პაციენტი გვყავს“, – დასძენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფის კოორდინატორი ლუკა პიგოგი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზაში არსებული ვითარების გამო 18 500-ზე მეტ პაციენტს კვლავ სჭირდება სამედიცინო ევაკუაცია, რადგან რეგიონში შესაბამისი მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი.
ორგანიზაცია მოუწოდებს უფრო მეტ ქვეყანას, გამოიჩინონ ინიციატივა და ამ ადამიანებს სამედიცინო დახმარება შესთავაზონ.

