კატეგორიები

„იალტა 2.0?“ - შენჭენის ისტორიული სამიტის უშედეგოდ დასასრული

„იალტა 2.0?“ - შენჭენის ისტორიული სამიტის უშედეგოდ დასასრული
ხელმოწერილი „მშვიდობის დეკლარაცია“ და განცხადებები „მსოფლიო დიპლომატიის ახალი თავის დაწყების“ შესახებ - შენჭენში გამართული ისტორიული სამიტი იმაზე გაცილებით ნაკლები შედეგით დასრულდა, ვიდრე მოლაპარაკებების გამართვამდე მოლოდინი არსებობდა.

ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა, რომელიც დააანონსებისთანავე იალტის 1945 წლის კონფერენციას შეადარეს, კონკრეტული გარღვევის გარეშე დასრულდა.

თუკი 81 წლის წინ ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, ფაქტობრივად, მიაღწიეს შეთანხმებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში გავლენ ის სფეროების გადანაწილებაზე, 2026 წლის 19 ნოემბერს შენჭენში, მრგვალ მაგიდასთან მყოფი პოლიტიკოსები ამ რეგიონებში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტების დასრულებისკენ მისასვლელ გზებზე მხოლოდ საუბრობდნენ, თუმცა კონკრეტული შედეგი მიღწეული ისევ არ არის.

უკრაინაში გრძელდება კრემლის სრულმასშტაბიანი ომი. ბუნდოვანია ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მომავალი, სადაც უცნობია, ვაშინგტონის გეგმები თეირანის წინააღმდეგ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პეკინის ზრახვები ტაივანის საკითხისადმიც, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ დაძაბულობას ქმნის ჩინურ და ამერიკულ მხარეებს შორის.

ანალიტიკოსების მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ უფრო მართებული იქნებოდა პარალელის გავლება 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებასთან - ისტორიულ კონტექსტში, გეოგრაფიასა და მონაწილე მხარეების შემადგენლობაში არსებული ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით.

პეკინი ამ სამმხრივ შეხვედრას წარმოაჩენს, როგორც წამყვან სახელმწიფოებს შორის გლობალური მშვიდობისა და სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცების შესაძლებლობას. ეს თავად სი ძინპინმაც დაადასტურა, როდესაც სამიტს უწოდა „ნოვატორული მნიშვნელობის მოვლენა“ და დასძინა, რომ „მსოფლიოში მშვიდობა სუფევს, როდესაც ზესახელმწიფოები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ“:

„დღევანდელი მსოფლიო აღარ წარმოადგენს ერთმანეთისგან იზოლირებული კუნძულების ერთობლიობას. ხშირად ვამბობ, რომ კაცობრიობა ერთიან გლობალურ სოფელში ცხოვრობს, სადაც ყველა ერთად ვითარდება, ერთად განიცდის აღმასვლასა და დაცემას და საერთო მომავალს იზიარებს. ამ გლობალურ სოფელში დიდ სახელმწიფოებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ. წამყვან სახელმწიფოებს შორის პოზიტიური ურთიერთქმედება არჩევითი შესაძლებლობა კი არა, აუცილებლობაა.

დღეს მსოფლიო საუკუნის განმავლობაში არნახული ცვლილებების წინაშე დგას და ეს პროცესები სულ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. საერთაშორისო ვითარება კი, სამწუხაროდ, მშვიდობისგან შორს არის. სწორედ რთულ პერიოდში იძენს პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

როგორც მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, ჩვენმა სამმა ქვეყანამ მაგალითი უნდა მისცეს სხვებს: ერთობლივად უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს, ერთად დაიცვას მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა და უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის პროგრესში.“

ჩინეთის პრეზიდენტის შეფასებით, პლანეტის პრობლემების გადასაწყვეტად, სამი სახელმწიფოს ლიდერების მანდატი სრულიად საკმარისია, თუმცა მშვიდობის დასამყარებლად სი ძინპინი ბირთვულ განიარაღებას უჭერს მხარს. მისი შეფასებით, „ბირთვული შეიარაღება სრულად უნდა იყოს აკრძალული და ლიკვიდირებული“.

„ძველი მიდგომით, პრობლემები არასოდეს მოგვარებულა მათზე საუბრისგან თავის არიდებით. მშვიდობაც არასოდეს დამყარებულა დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის არსებული შესაძლებლობების უარყოფით. ჩვენ ერთად ვირჩევთ განსხვავებულ გზას.

როგორც კი ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს, მის გარეშე დარჩენა ძალიან რთულია. მისი დათმობა ძალიან ძნელია ქვეყნის ლიდერისთვის...“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ლიდერების შეხვედრაზე ბევრი რამ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა 2025 წლის ზაფხულის შემდეგ - ბოლოს ლიდერები ალასკაზე, ანკორიჯში შეხვდნენ, ახლა კი მათი დიალოგი, შეიძლება ითქვას, „ნეიტრალურ მოედანზე“ გაიმართა, თუმცა ისევ იმავე შედეგით დასრულდა.

საგულისხმო იყო შტატების პრეზიდენტის განწყობა თავისი რუსი კოლეგისადმი, რომელსაც „მეგობარი“ უწოდა და თქვა, რომ „მრავალი წლის განმავლობაში მათ შესანიშნავი ურთიერთობები აკავშირებთ“, თუმცა ამის მიუხედავად, უკრაინის შესახებ პუტინსა და ტრამპს შორის „შესანიშნავი ურთიერთობების“ არსებობამ ჯერჯერობით მშვიდობა ვერ მოიტანა.

მშვიდობისკენ მიმავალი გზებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხების განხილვის მზაობაზე განაცხადა პუტინმა, თუმცა კონტინენტის სახელმწიფოთა ლიდერებს ის კვლავ მოსკოვში ეპატიჟება. ამავდროულად, შენჭენის შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც თითქმის იმდენივე ხანს გაგრძელდა, რამდენიც სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა, რუსეთის პრეზიდენტი ისევ ამტკიცებდა, რომ ომი უკრაინაში მოსკოვს არ დაუწყია, კიევი კი „მტკივნეულ პასუხს აგებს“ ანექსირებული ყირიმის ხიდის დაბომბვებისთვის.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის - და ამაში ეჭვი არ მეპარება - რომ პრეზიდენტი ტრამპი ნამდვილად არის დაინტერესებული კონფლიქტების, მათ შორის უკრაინის კონფლიქტის, მოგვარებით და გულწრფელად ისწრაფვის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, აშშ-რუსეთის ურთიერთობების განზომილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას.

უდავოა, გვსურს, რომ პროცესები უფრო სწრაფად წარიმართოს და უფრო ეფექტიანი იყოს, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს კონსტრუქციული განწყობა მომავალშიც შენარჩუნდება...

რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებსა და მსგავს საკითხებს, ისინი ამომწურავად და დეტალურად ჯერ არ ჩამოგვიყალიბებია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სრულიად ლეგიტიმური კითხვაა. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ცდილობს, ყველაფერზე პასუხისმგებლობა - თუ ამ გამოთქმას მაპატიებთ - მთლიანად ჩვენ დაგვაკისროს.

თუმცა, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას და სამმხრივი ფორმატის ფარგლებში ვისარგებლე შესაძლებლობით, მიმეთითებინა, თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ განვითარდა მოვლენები სინამდვილეში.რაც შეეხება უკრაინის კრიზისს, მისი სათავე კიევში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებაა...

არავინ იცის, რა მოხდება მომავალში - მხოლოდ უფალმა უწყის. თუმცა, ძალიან მინდა, ამ შეხვედრას გაგრძელება მოჰყვეს. სულ მცირე, იმ გაგებით მაინც, რომ რამდენიმე საკვანძო საკითხთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებისა და ერთგვარი „საათების გასწორების“ გზით შესაძლებელი გახდეს ურთიერთგაგების მიღწევა, თუნდაც არა ფორმალური შეთანხმებების, არამედ საერთო ხედვის ჩამოყალიბების დონეზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, „რუსეთის იმ მიმართულებით დაძვრისა“, საითკენაც ის თავად წასვლას არ აპირებს, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, „უაზრო“ უწოდა. მისი განცხადებით, ამ საკითხში მოსკოვი „არცერთ ნაბიჯს უკან არ გადადგამს“.

მანვე მიანიშნა, რომ კრემლი კვლავ არ აპირებს უკრაინისთვის იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებიც სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოკუპირებული აქვს.

პუტინის განცხადებით, ომის დასრულებისთვის უკრაინისა და ევროპის ხელისუფლებებმა უნდა აღიარონ „არსებული რეალობა“ და თანხმობა განაცხადონ მის ოფიციალურად დაფიქსირებაზე.

დაკავშირებული ამბები
„იალტა 2.0?“ - შენჭენის ისტორიული სამიტის უშედეგოდ დასასრული ისრაელის არმია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ღაზაში სამხედრო ოპერაციას ატარებს