ლეგენდის თანახმად, ბოლივიის მაღალმთიან რეგიონებში მიმოფანტული უზარმაზარი, სამთითიანი ნაკვალევი ძლიერ ურჩხულებს ეკუთვნით. თუმცა 1960-იან წლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უცნაური ნაკვალევი იმ გიგანტური, ორფეხა დინოზავრებისაა, რომლებიც 60 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდნენ. ისინი ბოლივიის ანდების, დღევანდელ სოფელ ტორო-ტოროსა და ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე, უძველეს წყალსატევებთან ბინადრობდნენ.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პალეონტოლოგთა ჯგუფმა 16 600 ასეთი ნაკვალევი აღმოაჩინა და აღწერა. ეს ნაკვალევი თეროპოდებს ეკუთვნით.
ესაა დინოზავრების ჯგუფი, რომელშიც ტირანოზავრი რექსიც შედის. პალეონტოლოგების კვლევა, რომელიც ექვსწლიან საველე სამუშაოს ეფუძნება და რომელიც რეცენზირებულ ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა, ნაკვალევების ყველაზე დიდ რაოდენობას მოიცავს.
„ეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომლის დათვალიერებაც შესაძლებელია. ამ ტერიტორიაზე 1700 ნამარხი და 16 000-ზე მეტი ნაკვალევი აღმოაჩინეს. თუ ეროვნული პარკის მთელ ტერიტორიაზე ვისაუბრებთ, შეიძლება ათასობით კიდევ უფრო მეტი დინოზავრის ნაკვალევი ვიპოვოთ. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში დინოზავრის ნაკვალევის უდიდესი რაოდენობის შესახებ“, – ამბობს ტორო-ტოროს ეროვნული პარკის მცველი, სელსო აგილარი.

ნაკვალევის ზომების მრავალფეროვნების შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დინოზავრები, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლის გიგანტური არსებები, ჯოგებად მოძრაობდნენ პაწაწინა თეროპოდებთან ერთად, რომლებიც ქათმის ზომის, დაახლოებით 32 სანტიმეტრის სიმაღლის იყვნენ.
კვლევის თანახმად, დინოზავრები ამ ტერიტორიაზე ცურვასაც ცდილობდნენ. ტბის ფსკერზე დინოზავრის 1378 ნაკვალევი იპოვეს.
პალეონტოლოგები ამბობენ, რომ 66 მილიონი წლისწინანდელი ცარცული პერიოდის დინოზავრების ცხოვრებისა და მათი ქცევის შესასწავლად ეს შესანიშნავი კვლევაა.
„ეს ყველაზე დიდი კვლევაა. თავდაპირველად ერთი ტერიტორიით დავიწყეთ, შემდეგ კი აღმოვაჩინეთ, რომ ეს ნაკვალევები სხვა არეალში მიდიოდა და ყველა მათგანის დაკავშირება შეიძლებოდა. საბოლოოდ, ცხრა სხვადასხვა უბანი მივიღეთ, რომლებიც მეტ-ნაკლებად ერთმანეთთანაა დაკავშირებული“, – ამბობს პალეონტოლოგი, რობერტო ბიაჯი, რომელიც კვლევაზე მუშაობდა.

ნაკვალევის ბუნებრივად შენარჩუნების მიუხედავად, ხშირად ადამიანები მაინც ანადგურებენ მათ. ათწლეულების განმავლობაში ფერმერები ნაკვალევებით დაფარულ მიწას სოფლის მეურნეობისთვის იყენებდნენ.
ორი წლის წინ კი ბოლივიაში იმ მთის ფერდობებზე, სადაც ათასობით დინოზავრის ნაკვალევი იყო აღმოჩენილი, გვირაბების გაყვანის სამუშაოები დაიწყო, რაც შემდგომ ეროვნული პარკის ჩარევის შედეგად შეჩერდა.
პალეონტოლეგებს მიაჩნიათ, რომ სწორედ მსგავსი ჩარევის გამო ამ ტერიტორიებზე დინოზავრების ძვლები, კბილები და კვერცხები თითქმის არ მოიძებნება. თუმცა, ამავდროულოად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძვლების ნაკლებობას შესაძლოა ბუნებრივი მიზეზებიც ჰქონდეს.
აღმოჩენილი ნაკვალევების რაოდენობა და სტრუქტურა იმაზე მიუთითებს, რომ დინოზავრები დღევანდელი ბოლივიის ტერიტორიაზე არ დასახლებულან, აქ მხოლოდ გადაადგილდებოდნენ.


