პარლამენტის მიერ 2024 წლის 27 ნოემბერს მთავრობის მეთაურად დამტკიცებიდან მეორე დღესვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აცნობა, რომ ქვეყანა 2028 წლამდე პოლიტიკურად წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ სუვერენიტეტისა და ქართველობის დაცვის მოტივით მიიღო. მას შემდეგ, რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ერთი წლის გადმოსახედიდან, მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ გაწევრიანების პროცესი არა ქართულმა მხარემ, არამედ ევროკავშირმა შეაჩერა.
„ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან არა მხოლოდ ზეპირი განცხადებებით, არამედ წერილობითაც დადასტურებულია, რომ მოლაპარაკებები არა საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან შეჩერდა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც გასული წლის 28 ნოემბერს. ახლა ეს ადამიანები, რომლებიც გარეთ დგანან, ან უბრალოდ ცდილობენ, რეალობას თვალებში არ ჩახედონ, ან პირდაპირ არიან გარედან დაფინანსებული და მართულები იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორმე მინავლებული მუხტი გაცოცხლდეს. არანაირი გზიდან გადახვევა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თუ ახლაც კი ვინმე წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ მოლაპარაკებებს გახსნის, დიახ, ჩვენ ავდგებით და ხელს მოვაწერთ. დიახ, ჩვენ ვიქნებით 2030 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროდირექტივებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ, ჩვენ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს, დანარჩენი უკვე, იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ერთად გიხილავთ“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ერთი წლის თავზე, მმართველმა პარტიამ, არა მხოლოდ პოლიტიკურად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, არამედ დემოკრატიულად ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა დასავლურ ცივილიზაციას. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ ამ პოლიტიკური ძალის პირობებში, საქართველოს ევროპული პერსპექტივა განულებულია.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრი არაორდინალური წელი ყოფილა, მაგრამ 2025 წელი არის ის წელი, რომელიც ჩვენ გავლიეთ რუსული ჯოჯოხეთის შემობრუნების პროცესში. 2025 წელი არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი უკანასკნელი ათწლეულების ამ ქვეყნის ისტორიაში.
მძიმე წელია არა იმიტომ, რომ უარესი არაფერი მომხდარა, საქართველომ მისი დამოუკიდებლობის აღდგენის ხანმოკლე ისტორიაში რუსეთთან არაერთი ომი გამოიარა, მაგრამ ასეთი უომარი ჩაბარების, კაპიტულაციის, დიდი მასშტაბური ღალატის განცდა, რომელიც მე პირადად გამიჩნდა და აბსოლუტურად უმრავლესობას გაუჩნდა ერთი წლის წინ, 28 ნოემბერს, ასეთი განცდა ნამდვილად იშვიათია. იშვიათია განცდა, რომ შენ ქვეყანას მთელი შენი მთავრობა ღალატობს და აბარებს იმ მტერს, რომელთანაც სულ მინიმუმ უახლოესი სამი ათწლეულის მანძილზე ოთხჯერ იომე. ძნელი სანახავი წელი იყო, მაგრამ ამავდროულად, იყო იმედის წელი, რომ საქართველოში იზრდებიან და გაიზრდებიან მომავალი თაობები, რომლებსაც ეს ეროვნული განცდა არსად არ მისდით, არ დაუკარგავთ და იმავე შემართებით იბრძვიან ქუჩაში, რა შემართებითაც ქართველი გმირები რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ აფხაზეთში, სამაჩაბლოში და სხვაგან.
გმირობის, თავდადების, თავგანწირვისა და თავისუფლების სიყვარულის წელი იყო იმ სიმძიმის პარალელურად, რაც მთავრობის გამყიდველობამ გამოიწვია. ამ დღის პოლიტიკური შეფასება ძალიან რთულია იმიტომ, რომ ემოციურად ძალიან მძიმე დღეა“, – განაცხადა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.
იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ ირწმუნება რომ საქართველო ევროგაერთიანების გზაზე ყველა მოთხოვნას სათანადოდ ასრულებს და მხოლოდ ანტიქართულ საკითხებს ეწინააღმდეგება, ბრიუსელიდან, რომელსაც თავადვე ხშირად აკრიტიკებენ, საპასუხო კრიტიკა უხვად მოდის. ევროკავშირის დედაქალაქში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის სტრატეგია პოლიტიკურად და სამართლებრივად ვერ არის თავსებადი ევროპულ იდეალებსა და პოლიტიკასთან. მხოლოდ კანონების მიღებით და სოფლის მეურნეობაში დანერგილი ევროპული სტანდარტებით კი საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
ავტორი: ალეკო გვეტაძე

