მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ განათლების რეფორმა „ზუსტად პასუხობს“ გამოწვევებს

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ განათლების რეფორმა „ზუსტად პასუხობს“ გამოწვევებს

სფერო, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან მუდმივი ცვლილებების სამიზნეა, მორიგ ჯერზე იცვლება. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი განათლების რეფორმა შვიდი ძირითადი ამოცანისგან შედგება, რომელიც, მმართველი პარტიის მტკიცებით, „ზუსტად პასუხობს“ სფეროში არსებულ შვიდ უმთავრეს გამოწვევას.

საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაბარებულმა პრემიერ-მინისტრმა ამ შვიდიდან ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად დაასახელა ახალგაზრდების ემიგრაცია, რასთან საბრძოლველადაც, ხელისუფლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს, თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, არა ხელოვნური წინაღობების შექმნით. სამთავრობო რეფორმის ერთ-ერთი სადავო საკითხი ეხება მე-12 კლასის გაუქმებას, რაზეც მმართველი პარტიის პასუხი ასეთია:

„კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მეთორმეტე კლასი, სწავლის საზღვარგარეთ გასაგრძელებლად, ამისთვის „სპეცკლასები“ შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში. გვინდა, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი „სპეცკლასები“. შესაბამისად, ვინმეს ექნება სურვილი, დაამთავროს მეთორმეტე კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი“.

„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ – ეს პრინციპი უმაღლესი განათლების საფეხურზე გავრცელდება. სამთავრობო რეფორმის მიხედვით, თითო წლით მცირდება ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა. იმის მიუხედავად, რომ რეფორმის წარდგენის დღიდან განათლების ექსპერტები ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებდნენ და მას „ევროპული უმაღლესი განათლების ერთიანი სივრციდან გამოყოფად“ აფასებდნენ, საკანონმდებლო ორგანოში 26 ნოემბერს მისულმა ირაკლი კობახიძემ ამ ნაბიჯს საერთაშორისოდ აპრობირებული უწოდა.

„როდესაც ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე, აქ ვფიქრობთ, უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში. ეს არ ეხება გამონაკლის მიმართულებებს, სამედიცინოს პირველ რიგში, სადაც ხანგრძლივობა დიდი უნდა იყოს. ყველა სხვა მიმართულებით შეიძლება შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა. გვინდა შემოვიღოთ „3+1+1“ სისტემა.

თუ სტუდენტს სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მაგალითად, სადოქტორო პროგრამაზე მოგვიანებით სწავლის გაგრძელება, ამ შემთხვევაში იქნება გახანგრძლივებული 2-წლიანი მაგისტრატურა, რომელიც უნდა დაამთავროს შესაბამისმა სტუდენტმა…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საქართველოს კონსტიტუციის თავი 2. მუხლი – 27: ,,აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია”.

მოცემული კონცეფციით, პარტია კარნახობს უმაღლეს სასწავლებლებს, რა უნდა ასწავლოს, სად უნდა ასწავლოს, ვინ უნდა ასწავლოს, ვის უნდა ასწავლოს და რამდენი ხანი უნდა ასწავლოს. დირექტივები მოდის პარტიიდან და არ მოდის აკადემიური გამოცდილებიდან…“ – თქვა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფიო ხორგუანმა.

განათლების შვიდ ძირითად გამოწვევას შორის ვერ მოხვდა სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხი – ეს კი იმ ფონზე, როცა მხოლოდ თბილისში, ათამდე სკოლაში, წლებია, მიმდინარეობს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ირაკლი კობახიძემ მხოლოდ რეგიონებში საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობასა და გეგმებზე ისაუბრა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ოპონენტებისთვის „რთულად განსახორციელებელ იდეად“ რჩება.

„გვინდა, აქცენტი გავაკეთოთ ორი ქალაქის მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ეს არის ქუთაისი და რუსთავი. კონკრეტულად, რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, რაც ამ ქალაქს განვითარებაში დაეხმარება…

რაც შეეხება ქუთაისს, გვინდა, ქუთაისი ჩამოყალიბდეს, როგორც მეორე საგანმანათლებლო კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეს არის ერთი წამყვანი კერა – თბილისი. ამისთვის უნდა შეიქმნას ქუთაისში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც არის ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი…

ვფიქრობთ, 60%-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი და დანარჩენი 40% უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე, პირველ რიგში, ქუთაისსა და სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებზე…“ – თქვა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს გარეთ მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი „ქართული ოცნების“ „შიშებზე“ მიუთითებენ. მათი განცხადებით, მმართველ პარტიას ეშინია „ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების, რომელთა უმრავლესობა თბილისში სწავლობს“.

მთავრობამ განათლების რეფორმა 17 ოქტომბერს წარადგინა. „ქართული ოცნების“ გეგმა ითვალისწინებს საკადრო პოლიტიკის „თვისებრივად გადახედვასაც“.

რეფორმის განსახორციელებლად განსაზღვრულია ვადებიც – სიახლეების ნაწილი 2026 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend