პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს 1000-ლარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებას.
კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, ის ეხება როგორც კერძო სექტორში, ისე საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს.
ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებაში აქვთ კონკრეტული დათქმებიც. კერძოდ, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუკი მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს ექნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა:
„როგორ შეგვიძლია, დავარქვათ შრომას „ღირსეული“, როცა საქართველოში 280 000-მდე ადამიანი 900 ლარზე ნაკლებს იღებს ანაზღაურების სახით, საიდანაც დაახლოებით 170 ათასი – 500 ლარზე ნაკლებს.
ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე არის სუპერმარკეტების ქსელებში დასაქმებული სტუდენტების საკითხი, რომლებიც სწავლის საფასურის დასაფარად იძულებულნი არიან დასთანხმდნენ ურთულეს პირობებს და ხშირად ღამის ცვლაშიც იმუშაონ.
მომსახურების სფეროში დასაქმებულების, შრომითი უფლებები ხშირად იმდენად უხეშადაა დარღვეული, რომ ეს შრომით ექსპლუატაციას უფრო ჰგავს.
იცით, რამდენმა მედიკოსმა დატოვა ქვეყანა? დღეს [საქართველოში] ექთნების მწვავე დეფიციტია და მიზეზი არის სამარცხვინოდ დაბალი ანაზღაურება.
საბანკო სექტორში დასაქმებულები? მაშინ როდესაც ფინანსური ინსტიტუტების მოგება 100 მილიონია, დასაქმებულების კი კრიტიკულად დაბალი და ცინიკური“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ქეთევან ბაკარაძემ.
მინიმალური ხელფასი ბოლოს, 1999 წელს განისაზღვრა 20 ლარით, როცა საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, შესაბამისი ბრძანება გამოსცა. მას შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებები არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა მმართველი პარტიის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა. მისი განცხადებით, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნება როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში.
ეკონომიკური პარამეტრებისა და ინფლაციის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. მისი განცხადებით, 2025 წლის ოქტომბრის მონაცემები აჩვენებს, რომ წლიური ინფლაცია 5.2%-ს შეადგენს, ეროვნული ბანკის პოლიტიკა კი, მისივე თქმით, ინფლაციის მიზნობრივი დონის 3%-მდე დაყვანაა.
ამასთან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, წლიურად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია 11.3%-ით გაძვირდა, თუმცა მიმდინარე წლის წინა კვარტალთან შედარებით, 2.4%-ით შემცირდა.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების მატებით.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბოლოს სექტემბერში გამოაქვეყნა იმ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა – მათ შორის მოხვდა ბოსტნეული და ბაღჩეული, სადაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 150%-ზე მეტი შეადგინა. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი, ფქვილის გაძვირებისა და მუშახელის ხელფასის ზრდის მიზეზით, 5-10 თეთრით გაძვირდა პურიც, რაც, სავარაუდოდ, საქსტატის მომდევნო ანგარიშში აისახება.

