ომის დასრულების გეგმაში ცვლილებებია. თეთრ სახლში შემუშავებული 28-პუნქტიანი დოკუმენტი 19 პუნქტამდე შემცირდა და მას დიპლომატიური თუ პრაქტიკული გაგებით მნიშვნელოვანი ფორმულირებები ამოაკლდა. აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ამერიკული მედია წერს, რომ კიევი გეგმას უკვე დასთანხმდა, თუმცა ეს არ არის მშვიდობის დამყარების ის ვერსია, რომელიც თავდაპირველად 20 ნოემბერს 28 პუნქტის სახით გავრცელდა.
გავრცელებული ცნობებით, ახალი გეგმის შემუშავებაში თავად უკრაინა და ევროპაც მონაწილეობდა. ზუსტად რა წერია ამ შეთანხმებაში, ჯერ ისევ ბუნდოვანია. პროგრესი პროცესში ჟენევის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია, რომელიც უკრაინამ და აშშ-მა ერთმანეთთან აწარმოვეს და აზრებიც დააახლოვეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმას უახლოეს დღეებში ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან განიხილავს. მისი ვიზიტი ვაშინგტონში უკვე მზადდება.
„ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ აღარ არსებობს 28 პუნქტი, ბევრი ელემენტი გათვალისწინებულია. ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს და ეს სამუშაო გამოწვევებითაა სავსე, რათა დოკუმენტის ფინალიზება მოხდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ღირსებისათვის. ვაფასებთ, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი მზადაა, დაგვეხმაროს, ამერიკა კი ამას კონსტრუქციულად უდგება. მთელი დღე დავუთმეთ ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციას, ისინი გულწრფელნი არიან ჩვენს მხარდაჭერაში, უკრაინა არაა მარტო.
ჩვენმა გუნდმა უკვე მომახსენა ახალ სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით. მის მგრძნობიარე საკითხებს დეტალურად პრეზიდენტ ტრამპთან გავივლი. უკრაინა არ გახდება დაბრკოლება მშვიდობისთვის, ეს ჩვენი პრინციპია, ჩვენ ასევე გვესმის, თუ რამდენად ბევრია ჩვენ ირგვლივ ინტერესი – პირველ რიგში რუსული ინტერესი, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ომის გასაგრძელებლად. ვხედავთ იმასაც, თუ ვინ ცდილობს, დაასუსტოს უკრაინის პოზიცია – დეზინფორმაციითა და ჩარევით. ჩვენ ვიცავთ უკრაინის ინტერესს, ვიცავთ უკრაინელებს. რუსეთი არ შეამცირებს ზეწოლას ჩვენზე, ასე რომ საჰაერო დარტყმის საფრთხე სერიოზულია. ჩვენ კარგად გვესმის ვისთან გვაქვს საქმე. თუ მართლაც მოლაპარაკებებში ვართ და კონსტრუქციულად ვმუშაობთ, არ უნდა ვხედავდეთ რაკეტებსა და დარტყმებს უკრაინასა და ჩვენს ხალხზე. ამერიკაზე ბევრია დამოკიდებული. რუსეთმა დაიწყო ეს ომი და მანვე უნდა დაასრულოს ის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ხელმძღვანელობენ ჯერჯერობით ძველი, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმით, რომელიც ძალიან მოსწონთ. ახალი რედაქცია კი ჯერ კრემლში არავის გადაუგზავნია. ამის შესახებ ბელარუს კოლეგასთან საუბრის შემდეგ მედიას უთხრა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, რომელმაც ირიბი მუქარა გააჟღერა იმის თაობაზე, რომ თუ განახლებულ გეგმაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ანკორიჯში მიღწეული სულისკვეთება ასახული არ იქნება, ეს სიტუაციას, სავარაუდოდ კი კრემლის დამოკიდებულებას პრინციპულად შეცვლის.
„დონალდ ტრამპის გეგმის საკვანძო ნაწილები ეფუძნება ანკორიჯში მიღწეულ ურთიერთგაგებას, რომელსაც რუსეთ-ამერიკას შორის უმაღლესი დონის შეხვედრაზე მიაღწიეს აგვისტოში. ეს პრინციპები საერთო ჯამში გეგმაში ასახულია, რასაც მივესალმეთ. ჩვენ გვაქვს საკონტაქტო არხები ამერიკელ კოლეგებთან, რომლებსაც ავამუშავებთ. ჩვენ მათგან ველით იმ ვერსიას, რომელსაც ისინი მიიჩნევენ შუალედურად, – ევროპელებსა და უკრაინელებთან ტექსტის შეთანხმების ფაზის დასრულების თვალსაზრისით. მაშინ მას შევხედავთ, რადგან თუ გეგმა იქნება მოკლებული იმას, რაც ანკორიჯში საკვანძო საკითხების ირგვლივ გამოვხატეთ, რაღა თქმა უნდა, ეს პრინციპულად განსხვავებული სიტუაცია იქნება. თუმცა ვიმეორებ, რომ ამ დრომდე ჩვენთვის ოფიციალურად არავის არაფერი გადმოუცია. ვაფასებთ აშშ-ის პოზიციას, რომელიც ერთადერთი იყო დასავლელ ლიდერებს შორის, ლონდონის, ბრიუსელის, პარიზისა თუ ბერლინისგან განსხვავებით, რომელიც ავლენს ინიციატივას დარეგულირების გზების პოვნის თვალსაზრისით – ჩვენ ამას ვაფასებთ”, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
რუსული დელეგაცია ამ ეტაპზე აბუ-დაბიში აშშ-ის არმიის მდივან დენ დრისკოლს ხვდება, რათა სავარაუდოდ განახლებული გეგმა განიხილონ. იქვე იგეგმება მისი ხელახალი შეხვედრა უკრაინულ მხარესთანაც. ამის პარალელურად მოსკოვი აგრესიას აგრძელებს, კიევზე დღევანდელ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა. ამ საკითხზე აშშ-ის განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ვაშინგტონი მხარეებზე ზეწოლას გააგრძელებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ღიად ამბობენ იმასაც, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გეგმის ირგვლივ რამდენიმე პუნქტი განსაკუთრებულ განხეთქილებას იწვევს.
„ტექნიკური საუბრების დეტალებში ვერ შევალ, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელთა ირგვლივაც არსებობს უთანხმოება, თუმცა დარწმუნებულები ვართ, შეგვეძლება მათზე ვიმუშაოთ. უკვე 10 თვეა, რაც პრეზიდენტი ორივე ქვეყნის ლიდერზე ახორციელებს ზეწოლას. უნდა ელოდოთ, რომ ეს გაგრძელდება. პრეზიდენტს სურს, ეს ომი დასრულდეს”, – ამბობს თეთრის ახლის პრესსპიკერი კაროლინ ლევიტი.
ვიდრე მოსკოვი, კიევი და ვაშინგტონი გეგმის ირგვლივ საჯარო განხილვებს ერიდებიან, დასავლური მედია ყურადღებას ამახვილებს გეგმის ევროპულ ვარიანტზე, რომელიც „როიტერსმა” მოიპოვა. ევროპულ გეგმაში აღარ გვხვდება მესამე პუნქტი იმის თაობაზე, რომ რუსეთი უარს იტყვის მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმაზე, ნატო კი გაფართოებაზე. ეს იმიტომ რომ ის, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება ნატოს წესდებას, მეორე მხრივ კი, უკვე ნათქვამის დუბლირებას ახდენს. შეცვლილია თავდაპირველ გეგმაში არსებული დათქმა იმის თაობაზე, რომ უკრაინული სამხედრო დანაყოფებს 600 000-კაციანი შეზღუდვა დაუწესდებათ, ევროპული გეგმით ის 800 000-ით გვხდება, რაც უკრაინის მხრიდან შედარებით მცირე დათმობაა, თუ გავითვალისწინებთ 2025 წლის იანვარში ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ შეიარაღებული ძალები 880 ათასს ადამიანს ითვლიდა.
ცვლილებებია ნატოსთან დაკავშირებულ პუნქტებში, კერძოდ, ევროპელების ვერსიაში სავარაუდოდ ნაგულისხმევია, რომ უკრაინაში ნატოს ჯარები მხოლოდ მშვიდობის პერიოდში არ განთავსდება. არაა განმარტებული ის, თუ რას ნიშნავს მშვიდობიანი პერიოდი. მე-13 პუნქტი, რომლითაც რუსეთი გლობალურ ეკონომიკას უნდა დაუბრუნდეს, ჩამატებულია სიტყვა „ეტაპობრივი”. ტერიტორიული დათმობების ნაწილში კი გათვალისწინებულია უკრაინისა და ევროპის მოთხოვნა, რომ ცეცხლი ჯერ მიწაზე შეწყდეს, ტერიტორიებზე საუბარი კი შემდეგ დაიწყოს. შერბილდა მოთხოვნა უკრაინაში 100-დღიან შუალედში არჩევნების ჩატარების თაობაზე, ფორმულირება შეცვლილია სიტყვებით „რაც შეიძლება მალე”.
„ჩვენ გვსურს მშვიდობა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც რეალურად კაპიტულაციაა, ისეთი, რომელიც უკრაინას შეუძლებელ სიტუაციაში ჩააყენებს და რუსეთს მისცემს თავისუფლებას, წაიწიოს წინ, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან მიმართებით. აშშ-ის მიერ წარმოდგენილი გეგმა პირველ რიგში ინიციატივაა, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის და ეს მიმართულება მშვიდობაა. ამასთან, ამ გეგმაში არსებობს ასპექტები, რომლებიც დისკუსიას, მოლაპარაკებასა და გაუმჯობესებას საჭიროებს. რაც მაგიდაზე დაიდო, გვაძლევს იმის წარმოდგენას, თუ რა შეიძლება იყოს მისაღები რუსეთისთვის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის მისაღებია უკრაინისთვის ან ევროპისთვის? ამ კითხვაზე პასუხია – არა. უკრაინა არის ერთადერთი, რომელიც იტყვის, თუ რა სახის დათმობებზეა წამსვლელი საკუთარი ტერიტორიების ნაწილში – ეს ეხება ენას, კონსტიტუციას და ა.შ. ამასთან გიდასტურებთ, რომ ევროპა არის ერთადერთი, ვინც გადაწყვეტს, თუ რა უნდა მოუხერხონ გაყინულ რუსულ აქტივებს, რადგან ის გეგმის ნაწილია. ვაშინგტონში ჩასვლა და ამის თქმა არ მჭირდება, რადგან ასეთია კანონი და ასე იყო მუდამ.
ჯარი არის უპირველესი, რაც უკრაინას დაიცავს.
ჟენევაში წარმართული დისკუსიების საკითხი გასული რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ის, რომ არ შეზღუდულიყო უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა რუსეთის აკვიატების გამო. უკრაინისა და ჩვენთვის პირველადი გარანტია უსაფრთხოებისთვის სწორედ ჯარია, რომელსაც ვაძლიერებთ – წვრთნებით, შეიარაღებითა თუ შესაძლებლობებით”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ბრიუსელის უმაღლესი წარმომადგენელი ეწინააღმდეგება იმ ფაქტსაც, რომ დიდი შვიდეულს რუსეთი დაუბრუნდეს – ეს კაია კალას ვერ წარმოუდგენია. კიევის მთავარი მოკავშირე ახლა სწორედ ევროპაა, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერს, რომელმაც მას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუთქვა, მათ შორის საჯაროდაც საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას.
„რამდენჯერმე ვესაუბრე მსურველთა კოალიციას, დიდ ოცეულს, პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტ ზელენსკის, მათ შორის დილით. ჩვენ ვართ ერთიანი ცეცხლის შეწყვეტის სურვილში, იმაში, რომ ომის მიერ მოტანილი ტანჯვა დროულად დასრულდეს უკრაინაში. მიზანი ხანგრძლივი და მყარი მშვიდობაა, მივესალმებით აშშ-ის ძალისხმევას, დაასრულოს ომი. გეგმის საწყისი სამუშაო ვერსია, რომელიც 28 პუნქტისგან შედგებოდა, შეიცავდა პუნქტებს, რომელიც სრულიად მიუღებელი იყო, ამასთან მასში იყო მნიშვნელოვანი პუნქტებიც, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის აშშ-ისა და პარტნიორებისგან. დისკუსიები ჟენევაში მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ გეგმის გასაუმჯობესებლად მუშაობა გრძელდება. უკრაინის სუვერენობა უნდა შენარჩუნდეს, მას უნდა შეეძლოს, დაიცვას თავი მომავალში. ეს ეხება უკრაინას და გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს სწორედ მან. წინ დიდი გზაა, საკმაოდ რთულიც, მაგრამ იმაზე მეტად ვართ მოწადინებული, ვიდრე ოდესმე, რათა პროცესი წინ წავწიოთ”, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
უცვლელია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სურვილი, უკრაინასა და რუსეთს ახალ გეგმაზე ხელი 27 ნოემბრამდე, ანუ მადლიერების დღემდე მოაწერინოს. თუმცა ამ პერსპექტივას ჩართული მხარეები სკეპტიკურად უყურებენ.

