საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება. „ქართულმა ოცნებამ“ პირველ საკომიტეტო მოსმენაზე ამ კანონპროექტს უკვე დაუჭირა მხარი.
მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს საბოლოოდ მიიღებს, სიჩქარის 15-დან 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბებისთვის მძღოლები 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდებიან. ავტობუსის ზოლში მოძრაობა 100 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაისჯება. უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობაზე კი ჯარიმა 40 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. ავტომობილის მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობისთვის მოქალაქეები 30-ის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდებიან.
იცვლება მართვის მოწმობაზე არსებული წლიური ქულების რეგულირებაც – ღვედის გამოუყენებლობაზე ჯარიმის გარდა მძღოლებს 5-ის ნაცვლად, 10 ქულა გამოაკლდებათ. გზაზე განლაგების, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების წესების დარღვევის შემთხვევაში კი მძღოლები 10 ქულის ნაცვლად, 20 ქულას დაკარგავენ.
ევრონიუს ჯორჯია დაინტერესდა, რას ფიქრობენ მოქალაქეები „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა ნაწილი ამ ცვლილებებს კრიტიკულად ხვდება, ზოგისთვისაც სანქციების გამკაცრება მისაღები აღმოჩნდა.
„სიგარეტი რომ გაძვირდა, რამე შეიცვალა? აღარ ეწევა ხალხი? ადამიანი თვითონ უნდა ხვდებოდეს, რომ წესრიგი არ დაარღვიოს. ეს ბიუჯეტში თანხის შევსებაა“;
„ამას სჯობს, გზები გააკეთონ, ზედმეტი შუქნიშნები მოხსნან“;
„ჯარიმის გაზრდის რა გითხრათ, მაგრამ მეტი ყურადღება რომ გამოიჩინოს პატრულმა ყოველ დარღვევაზე, უკეთესი იქნება“;
„მთლად მისაღები არაა, საკმარისი ჯარიმები იწერება ისედაც, არ უნდა გაიზარდოს“, – ამბობენ მოქალაქეები ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ 19 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მან დეპუტატებს უთხრა, რომ ამ ცვლილებების მიზანი „საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციაა“.
„ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ავარიებს ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგინეთ სწორედ ის ცვლილებები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გზებზე საგზაო შემთხვევების პრევენციას და ვფოკუსირდით სწორედ იმ სანქციებზე, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევს ავარიებსა და ადამიანების გარდაცვალებას“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრევენცია მხოლოდ ჯარიმების გამკაცრებით ვერ მიიღწევა და სანქციების გამკაცრებამ შესაძლოა მხოლოდ მოკლევადიან შედეგი მოიტანოს. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი განმარტავს, რომ ჯარიმების გამკაცრებამდე მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა საჭირო.
„გვჭირდება ახალი კანონებიც, რომლებიც იმ სივრცეს ამოავსებს, რაც დღეს გვაქვს, მაგალითად, საბავშვო სამგზავრო სავარძლები, ქულათა სისტემის აღსრულება და ადმინისტრირება კანონების მეშვეობით. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ცნობიერების ამაღლების კამპანია გატარებული იმიტომ, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათი უსაფრთხოებისთვის კეთდება თუნდაც ეს სანქციების გაზრდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ნდობა არ არის ხოლმე მოქალაქეების მხრიდან ასეთ დროს“, – განაცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა.
რამდენად შეამცირებს ჯარიმების ახალი სისტემა ავტოსაგზაო შემთხვევებს, ეს მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ცვლილებების ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაქვეყნოს. თუმცა ამაში უკვე დარწმუნებულია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და ცდილობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც დაერწმუნებინა საკომიტეტო მოსმენისას. მათ ცვლილებათა პაკეტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

