ნეონაცისტური დაჯგუფების, „მანიაკთა მკვლელობის კულტის“ ქართველმა ლიდერმა, მიხაილ ჩხიკვიშვილმა, რომელიც გაზაფხულზე მოლდოვიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნა ექსტრადირებული, აღიარა ბრალი, რომელიც სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის ჩადენის წაქეზებას, ბომბებისა და მომწამლავი ნივთიერება, რიცინის დამზადების ინსტრუქციების სხვა პირებისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„გამორჩეულმა საგამოძიებო სამუშაოებმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. ასეთი ძალადობრივი, ნიჰილისტური, რასისტული ჯგუფები ამერიკელი ხალხისთვის საფრთხედ რჩებიან – ჩვენი მოქალაქეების დაცვაში კვლავ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ“, -განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა, პამელა ბონდიმ.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ 2022 წლის ივლისიდან მიხაილ ჩხიკვიშვილმა, ძირითადად აპლიკაცია Telegram-ის გამოყენებით, რამდენჯერმე წაახალისა სხვა პირები, ჩაედინათ ძალადობრივი ქმედებები.
დაახლოებით 2021 წლის სექტემბრიდან, მან გაავრცელა მანიფესტი სახელწოდებით „მანიაკთა მკვლელობის კულტი.“ 2023 წლის ნოემბერში მან ახალ წელს ნიუ-იორკში მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო. ახალი წლის ღამით, მის თანამოაზრეს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და რასობრივი უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის, რიცინით მოწამლული ტკბილეული დაერიგებინა.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მიხაილ ჩხიკვიშვილის მიერ ძალადობის წახალისებამ მრავალი თავდასხმა და მკვლელობა გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით. მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


