ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრებს ააქტიურებს. სწორედ ამ მიზნით შეკრიბა ბლოკმა კანდიდატი და წევრი სახელმწიფოები ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ევროკავშირის გაფართოების პირველი ფორუმი ჩატარდა.
მასპინძელი უწყება, ევროკომისიაა, რომელშიც მკაფიოდ ამბობენ, რომ ბლოკის უსაფრთხოება და კეთილდღეობა სწორედ გაფართოებაზეა დამოკიდებული, რათა ეკონომიკური კავშირი უფრო ძლიერი, გავლენიანი და დაცული იყოს. მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა იმ სარგებელს გაუსვა ხაზი, რომელსაც თავის მხრივ ქვეყნები ბლოკის წევრობით იღებენ.
„ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ევროპა ერთიანია, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. რა თქმა უნდა, ევროპული წევრობისკენ გზა რთულია. ეს მოითხოვს მრავალ რეფორმასა და ჩვენს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, თუმცა სარგებელი ბევრია. ქვეყნებმა, რომლებიც გაფართოების ბოლო ტალღის დროს შეუერთდნენ ევროკავშირს, განიცადეს წარმოუდგენელი ეკონომიკური ზრდა, ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, უმუშევრობა თითქმის განახევრდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ ოთხი წლით გაიზარდა და შეიქმნა ექვსი მილიონი ახალი სამუშაო ადგილი. იგივე მოხდება შემდეგ გაფართოების პროცესშიც და ეს არის ზრდის გეგმების ნაწილი. გაფართოების ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს, რათა უზრუნველყონ თანაბარი პირობები ჩვენი კავშირის ერთიან ბაზარზე – სანაცვლოდ, ევროპა ხსნის ერთიან ბაზარს. ერთად ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვზრდით ცოდნას, გამოცდილებას.
ვდებთ ინვესტიციებს ისეთ სასიცოცხლო კავშირებში, როგორებიცაა ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტი და სუფთა, განახლებადი იაფი ენერგორესურსები, რათა უზრუნველვყოთ საიმედო ენერგომომარაგება. არის კიდევ უფრო მეტი სარგებელიც, როგორებიცაა ევროკავშირში სატელეფონო ზარებისთვის როუმინგის საფასურის გაუქმება ან ევროპის გადახდის ერთიან სივრცეზე წვდომა, რათა კომპანიებმა შეძლონ თავიანთი ფულის გაგზავნა კავშირში და კავშირიდან – მნიშვნელოვნად შემცირებული ხარჯებით. სწორედ ასე ჩვენ ვაშენებთ საერთო კეთილდღეობის ევროპას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
დისკუსიების ამოცანას ის წარმოადგენს, რომ გაფართოების პროცესი დაინახონ როგორც წევრი სახელმწიფოების, ისე კანდიდატი ქვეყნების თვალით. ამ მხრივ დარბაზში წარმოდგენილები იყვნენ უკრაინის, მოლდოვის, მონტენეგროს, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის, სერბეთის წარმომადგენლები. მოწვეული არ ყოფილა საქართველო, რომლის ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია და ჯერ ისევ აქტიურ ფაზაშია დიპლომატიური უთანხმოება ბრიუსელსა და თბილისს შორის. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ შეკითხვები მაინც ისმოდა.
„რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დახმარების შესახებ დასმულ შეკითხვას. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კიდევ უფრო რთულია, რადგან ხელისუფლება ახლოდან აკვირდება იმას, თუ ვის ვაძლევთ ფულს. ფული იქაა, ის გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტიც, ახლა ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ როგორ მივცეთ მათ ფული ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა. გასულ კვირას მე მქონდა გაცვლითი დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საქართველოს წარმომადგენელიც აქ იყო”, – ამბობს გაფართოების კომისარი მარტა კოსი.
„ვფიქრობ, რომ მოლდოვის, მონტენეგროს, უკრაინისა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფი გაწევრიანებით, ჩვენ ასევე დავეხმარებით საქართველოსაც. ეს იქნება დამარწმუნებელი არგუმენტი იმისა, რომ გაფართოება მართლაც ხდება. საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე, ზოგიერთი ოლიგარქი, ან რაც შეიძლება მათ ვუწოდოთ, გზავნიდა გზავნილს, რომ მოსახლეობას დაევიწყებინა გაფართოება, რადგან ეს არ მოხდებოდა. მათ შორის საქართველოსა და სხვა ქვეყნებშიც. ახლა ჩვენ შეგვიძლია ძალიან მკაფიო არგუმენტისა და მტკიცებულების მოყვანა, რომ გაფართოება მოხდება და საქართველოს შეუძლია, დაბრუნდეს გაფართოების პროცესში, თუ რაღა თქმა უნდა, საქართველოში ცვლილებები მოხდება”, – აღნიშნა თავდაცვისა და კოსმოსის საკითხების ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
„ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, საქართველოშიც ბევრჯერ ვყოფილვარ. ვფიქრობ, კულტურულად და სულიერად ახლოს ვართ, რომ არაფერი ვთქვა მეღვინეობაზე, რომელიც ჩვენი კულტურების განუყრელი ნაწილია. როდესაც პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ქართველი მეგობრებისგან ბევრი მილოცვა მივიღე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ახლა თქვენ ჩვენს ნაცვლადაც იბრძვით. თქვენ იბრძვით ჩვენთვისაც. მე სრულად ვეთანხმები კომისარ კუბილიუს, რომ ჩვენი წარმატება იქნება საუკეთესო პასუხი საქართველოში ჩარევაზე, მათი გაუჩინარებიდან ევროპული პროცესებიდან, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სევდიანი ამბავია. ქართველები ევროპელები არიან და სრულად იმსახურებენ იყვნენ ამ ოჯახის წევრი. ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დროებითი სიტუაციაა, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, ჩვენ მოლდოველები ვიბრძოლებთ მათთვის, მე ამას ვპირდები. იმედია, ისინი დაბრუნდებიან, უსაფრთხოების პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ვფიქრობ, ისინი მოწყვლადები არიან სწორედ მათი არაპროგნოზირებადი მეზობლის გამო, ჩვენ გვიცავენ უკრაინელები, ამიტომაც ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებსა და ძმებს ამ სასტიკ ომში”, – აღნიშნა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტეანუმ.
გაფართოება რომ ნდობაზე დგას, არაერთხელ გაესვა ხაზი. იმასაც, რომ ტექნიკური სამუშაოების გარდა ევროკავშირისთვის მასთან საგარეო და უსაფრთხოებითი პერსპექტივების თანხვედრა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, როდესაც პარტნიორებზე ან შესაძლო პარტნიორებზე მიდგება საქმე. ამის თაობაზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა კაია კალასმაც ისაუბრა. მისი აღქმით, თანხვედრის აუცილებლობა უკრაინაში მიმდინარე რუსულმა აგრესიამ უფრო მკაფიოდ გამოავლინა.
„თუ ისტორიას გადახედავთ, დავინახავთ, რომ კარი იღება და შემდეგ ისევ იკეტება. გაფართოება არაა ბუნებრივი ფენომენი, არამედ გეოპოლიტიკური იმპერატივი. მნიშვნელოვანია აიხსნას, თუ რატომაა ეს მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკის ცვლილებას და ამიტომ ევროპული გეოპოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან არსებობდეს ქვეყნების თანხვედრა. ან ხარ ჩვენთან, ან არ ხარ – ჩვენ ზოგიერთი წევრი ქვეყნით უკვე გვაქვს ამ მხრივ გარკვეული გამოწვევა. როდესაც არ ვართ ერთიანები, არ გვაქვს ის ძალა, რაც უნდა გვქონდეს.უნდა ვისაუბროთ ერთ ხმაში, უნდა ვთანხმდებოდეთ, ვინაა მეგობარი და ვინაა მტერი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ევროპის ყველაზე ძლიერი ჯარი ახლა უკრაინას ჰყავს. თუ უკრაინა ჩვენი წევრია, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ უსაფრთხოების თვალსაზრისით – ეს ნათელია. ვმუშაობთ იმაზე, რომ დავიცვათ თავი და მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ თავდაცვაში. რაც შეეხება იმას, თუ მართლაც იქნება თავდასხმა და რუსეთი გამოგვცდის. რუსეთი სისუსტეს მოპატიჟებად აღიქვამს, თუ ის იფიქრებს, რომ არ ვართ მზად, შესაძლოა გამოგვცადოს, თუ ჩათვლის, რომ მზად ვართ, ვუპასუხოთ, არ გამოგვცდის. ესაა ლოგიკა. თუ უფრო მეტს გავიღებთ თავდაცვაში ინვესტიციისთვის, რისკები შემცირდება. რთულია იმის ხალხისთვის ახსნა, თუ რატომაა მშვიდობის დროს საჭირო თავდაცვაში ინვესტირება, როდესაც არსებობს გზების, განათლებისა თუ სხვა სოციალური საკითხები. თუმცა, თუ არ გაქვს უსაფრთხოება და თავდაცვა – სხვა ყველაფერი რისკის ქვეშაა, ინვესტიცია სწორედ მშვიდობის დროს უნდა განახორციელო, რადგან თუ ომია, ეს უკვე დაგვიანებულია. თუ დიდ სურათს შეხედავ, დავინახავთ, რომ მსოფლიოში არსებობენ ძალები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს ომი დასრულდება, თუ უკრაინა დანებდება. დანებდით და მიეცით რუსეთს ის, რაც მას სურს”, – ეს ხომ იმპერიალიზმის გამოკვებაა. ეს მეტ ომს ნიშნავს მომავალში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა გზით და ეს გაგრძელდება”, – თქვა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა კაია კალასმა.
„რუსული ჰიბრიდული მეთოდები არსად ჩანს ისე კარგად, როგორც კანდიდატ ქვეყნებში”- თვლიან ბრიუსელში და მათ დასახმარებლად სტრატეგიულ კომუნიკაციებში ცვლილებების შესახებაც განაცხადეს. ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზები არ არსებობს, თუმცა არსებობს გზები, რომლითაც ხელშემშლელ ბარიერებზე უკეთესი რეაგირებაა შესაძლებელი. ევროპა გაფართოების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე მუშაობს, ამასთან საშუალებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს ჯერ კიდევ წევრობამდე გახდნენ გარკვეული სექტორებისთვის შეუცვლელი ელემენტები. ბრიუსელი მოკავშირეებს არაერთ შესაძლებლობას ჰპირდება, თუ მეორე მხარეს ამის პოლიტიკური ნება იარსებებს.

