პარიზის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა.
გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო „მტკიცებულებების დამალვის, ზეწოლის ან შეთქმულების რისკი არარსებობის გამო“, რაც, მოსამართლის თქმით, პატიმრობის გაგრძელებას გაუმართლებელს ხდიდა.
პენიტენციურ დაწესებულებას ნიკოლა სარკოზი, სავარაუდოდ, 10 ნოემბერს დატოვებს, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას რამდენიმე შეზღუდვა დაუწესდება.
კერძოდ, ნიკოლა სარკოზი იქნება მკაცრი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ, მას აეკრძალება საფრანგეთის დატოვება, ე.წ. „ლიბიის საქმეში“ სხვა ბრალდებულებთან ერთად, ასევე იუსტიციის მინისტრ ჟერალდ დარმანინთან დაკავშირება.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი 21 ოქტომბერს დააკავეს. პარიზის საქალაქო სასამართლომ მას ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მას ედავებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის, ხელისუფლებისგან დაფინანსების მოპოვებას.
სასამართლო პროცესზე ვიდეოჩართვისას ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მას ჰუმანურად ექცეოდნენ, თუმცა ციხეში გატარებულ დროს „კოშმარული“ უწოდა.


