მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიინტერვიუ ვალიდ აბუ ჰაიასთან

ინტერვიუ ვალიდ აბუ ჰაიასთან

როგორია ახლო აღმოსავლეთის მომავალი ახლად მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რაში მდგომარეობს მისი რეგიონული სტრატეგია, როგორ ხედავს თელ-ავივი პალესტინელთა მომავალს და რას ფიქრობს მის სტატუსზე.

საქართველო-ისრაელის ორმხრივი თანამშრომლობა და შეხების მთავარი წერტილები – ევრონიუსი საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას, ესაუბრა.

-თქვენ ახალ მისიაზე დაინიშნეთ მაშინ, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივები ჯერ კიდევ ბუნდოვნად გამოიყურებოდა. 2 თვის შემდეგ უკვე ახლა ვხედავთ საკმაოდ წარმატებულ პირველ ფაზას ამ მხრივ, რომელიც იმედია კონფლიქტის დასასრულამდეც მიგვიყვანს. ვნახოთ, რა გრძნობაა თქვენი ქვეყნისთვის ასეთ გარდამტეხ მომენტში დანიშვნა?

-მე ახლო აღმოსავლეთიდან ვარ, ადგილიდან, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. იმედია, ამიერიდან ცვლილებები მხოლოდ პოზიტიური იქნება. ჩვენ ორი წელია ომში ვიმყოფებოდით, პირველი დღიდან ეს იყო ომი, რომელიც არ გვსურდა. ის არ იყო ისრაელის მიერ განზრახული ომი, არამედ გამოწვეული იყო „ჰამასის” მიერ მოწყობილი 7 ოქტომბრის თავდასხმით. ჩვენ გვქონდა ორი მიზანი – პირველი, ჩვენი ტყვეების გათავისუფლება, მეორე კი „ჰამასის” მმართველობის დასრულება ღაზაში და ამით ჩვენი ხალხისთვის უსაფრთხოების მოტანა. ჩვენ ამ მიზნებს მივაღწიეთ, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ველით რამდენიმე სამხედროს ცხედარს „ჰამასისგან”. მეორე ფაზა იმედია იქნება ღაზის დემილიტარიზება და ღაზის სათავეში არა ტერორისტული დაჯგუფება, არამედ სხვა მმართველი პარტია. ესაა რეალობა, რომლის ნახვაც ახლო აღმოსავლეთში გვსურს. ისრაელი ყოველთვის მიისწრაფოდა მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, ყველა მის მეზობელთან ერთად. ამ მხრივ კომპრომისები არ იქნება და იმედია, შემდგომი დღეები იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე გასული 2 წელი იყო ომში.

-გეოპოლიტიკურ მიმართულებებზე მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებთ, მანამდე მინდა, გკითხოთ, რა არის ისრაელის საკვანძო პრიორიტეტები საქართველოში, ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებში იკვეთება. ახლახან ვიხილეთ ორი საინტერესო ვიზიტი საქართველოში ისრაელის მინისტრების დონეზე, რა არის ის მთავარი ასპექტები, რაშიც ორ ქვეყანას ერთმანეთის დახმარება შეუძლია?

-ვიტყოდი, რომ ისრაელი და საქართველო ორი ერთმანეთის მსგავსი ერები და ქვეყნები არიან. კარგი მეგობრები და პარტნიორები ვართ, ასევე ახლო მოკავშირეებიც. ისრაელსა და საქართველოს ხანგრძლივი და კარგი ურთიერთობა აქვთ სახალხო მიმართულება იქნება ეს თუ სამთავრობო. იმ პირველ ქვეყნებს შორის ვიყავით, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 90-იან წლებში, თუმცა ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ბევრი ამბობს, რომ ის 2600 წლის წინანდელიც კია.  ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს, საერთო ინტერესებს, ურთიერთპატივისცემას. ისრაელი პატივს სცემს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენობას და იგივე დამოკიდებულებაა საქართველოს მხრიდანაც. კარგი საშუალებაა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის მიწაზე, ამის ხშირად გამეორება მნიშვნელოვანია. ბევრი პოტენციალი არსებობს ჩვენს ურთიერთობების განსავითარებლად: განათლება იქნება ეს, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგია, ინოვაცია თუ სხვა მიმართულება. ისრაელი მეოთხე ქვეყანაა ტურისტების მაჩვენებლით საქართველოში, მოსვლამდე გადავხედე მონაცემებს და ჩანს, რომ გასული წლის ოქტომბრისთვის გვქონდა 530 ფრენა ერთი მიმართულებით, ორივე მიმართულებით კი დაახლოებით 265 ფრენა მხოლოდ ოქტომბერში – ეს კვირაში 60 ფრენაა, ციფრებში კი ეს 460 ათას მგზავრს ითვლის მხოლოდ ერთ თვეში. ბევრი ისრაელელი ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში, სხვადასხვა მიმართულებებით – იქნება ეს უძრავი ქონება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა თუ სხვა. პოტენციალი დიდია და ვეძებთ გზებს, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენ შორის არსებული ურთიერთობები, რათა ის კარგიდან შესანიშნავი გახდეს. ორ თვეზე მეტია აქ ვარ და უკვე 2 ისრაელელი მინისტრის ვიზიტი ვიხილე, კერძოდ შს და სოფლის მეურნეობის მინისტრების. ორივე ვიზიტისას ვისაუბრეთ თანამშრომლობის ინიციატივებზე. ორი კვირის წინ თქვენი შს მინისტრი სტუმრობდა ისრაელს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოსაწერად სხვადასხვა მიმართულებით: იქნება ეს პოლიცია, საზღვრები, უსაფრთხოება თუ ა.შ. ნოემბერში გეგმაშია საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისრაელში, ველით განათლების მინისტრს უკვე თებერვალში, რომელიც ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრება, რომელსაც ისრაელის განათლების სამინისტრო აწყობს. ჯანდაცვის მინისტრსაც სურს ვიზიტი. ეს კავშირები არსებობს. ჩვენი ურთიერთობების მთავარი კომპონენტი ქართულ-ებრაული საზოგადოებაა ისრაელში, რომელიც დინამიკური და აქტიურია – საუბარია დაახლოებით 100 ათას ადამიანამდე. ის თაობებიც კი, ვინც საქართველოში არ დაბადებულა, საუბრობს ქართულად და ისინი ძალიან კარგი ხიდი არიან ჩვენს ხალხებს შორის.

-შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ თქვენი წარსული საქმიანობა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტში გარკვეულ როლს ითამაშებს სწორედ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების  გაძლიერებაში?

-სწორედ ამის შესწავლას ვცდილობ. ეკონომიკა მნიშვნელოვანი ფაქტორი და დიპლომატიური ხელსაწყოა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. დღეს სამწუხაროდ საქართველოსა და ისრაელს შორის ვაჭრობა დაბალ მაჩვენებელზეა და მხოლოდ რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ითვლის, მაგრამ თუ ფართო სურათს შეხედავთ, ეკონომიკური მოცულობა ქვეყნებს გაცილებით დიდი აქვთ. ჩემი გამოთვლებით წელს ისრაელელი ტურისტების 400-ათასიან მაჩვენებელს მივაღწევთ საქართველოში. ისრაელელი ტურისტები ჩამოდიან საქართველოში, დიდი ხნით, ხარჯავენ აქ ფულს, ეს კი საქართველოსთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია ისრაელელი ტურისტებისგან. ვფიქრობ მათთვის საქართველო ერთ-ერთი პირველი დანიშნულების წერტილია, ეს კი მზარდი ტენდენციაა. ინვესტიციების მხრივაც ერთ-ერთი პირველი ვართ – ვფიქრობ, ჩვენმა მთავრობებმა უნდა იპოვონ სწორი მექანიზმები და შეთანხმებები, რათა გაზარდონ ვაჭრობის მოცულობა ქვეყნებს შორის, არის ინიციატივები, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა – არ მსურს წინასწარი შეფასებების გაკეთება, ვნახავთ.

-ვნახავთ, ახლა გადავინაცვლოთ გეოპოლიტიკურ საკითხებზე და ახლო აღმოსავლეთზე. როგორია ისრაელის სტრატეგია რეგიონში? როგორ ხედავთ ახლო აღმოსავლეთის მომავალს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ და ასევე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის სრულად შესრულების პერსპექტივებს? ბუნებრივია, ყველა კონტექსტის გათვალისწინებით – ვგულისხმობ რეგიონულ კონტექსტს, მხარეებს შორის არსებულ მცირე ესკალაციებს, ასევე რეგიონული აქტორების ფაქტორსაც, ვისი ნაწილიც ისრაელის მიმართ მტრულადაა განწყობილი.

-ისრაელის დაარსების დღიდან ჩვენი ქვეყანა ისწრაფოდა მშვიდობისკენ მეზობლებთან ერთად. ჩვენ მოვაწერეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმებებს ეგვიპტესთან, რომელიც ყველაზე დიდი არაბული სახელმწიფოა, დოკუმენტი უკვე 40 წელს ითვლის. გვაქვს ხელმოწერა იორდანიასთანაც, უკვე 30 წელია, პროცესი დავიწყეთ პალესტინელ მთავრობასთანაც, მაგრამ ის წარმატებული ვერ გამოდგა. პრეზიდენტი ტრამპის პირველ ვადაში მიღწეულ იქნა აბრაამის შეთანხმება, რომელმაც მაროკოსთან, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან მშვიდობა მოიტანა. ისრაელი ღიაა და სურს უფრო მეტ არაბულ სახელმწიფოსთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა. საუდის არაბეთიც ბედნიერი იქნება ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებით. ამ ქვეყნებთან არ გვაქვს დავები, არც ტერიტორიული, არც  პოლიტიკური, არც იდეოლოგიური. ისრაელს სურს მშვიდობა და უსაფრთხოება მსოფლიოს იმ წერტილში, რომელსაც ის ეკუთვნის. ებრაელი ხალხი აქ 3 ათას წელზე მეტია ცხოვრობდა და განდევნის შემდეგ დაუბრუნდა საკუთარ მიწას, საკუთარ სახელმწიფოს ასაშენებლად რომ იცხოვრონ მშვიდობით მეზობლებთან ერთად. ჩვენი ხელი გაწვდილი გვაქვს ნებისმიერ მეზობელთან მშვიდობისთვის. მშვიდობა მხარეებს შორის პროცესია, განგრძობადი პროცესი – ზოგჯერ მას აქვს გართულებები, ზოგჯერ ეს რეალობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ყველას არ სურს, არსებობენ ახლო აღმოსავლეთში ბნელი  ძალები, ორგანიზაციები, რომლებიც მუსლიმურ საძმოს ეკუთვნიან, „ჰამასი”, „აისისი”, „ალ ქაიდა” და ასევე მეორე მხრივ ირანი და მისი სატელიტები, „ჰეზბოლა”, იემენელი ჰუსიტები. მათ სურთ დესტაბილიზაცია რეგიონში, კონფრონტაციაში შედიან ისრაელთან, რადგან არ აღიარებენ ისრაელისა და ებრაელი ხალხის უფლებას, იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში. ესაა მთავარი დაბრკოლება ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის, იმედია, კონსტრუქციული ძალები აჯობებენ მათ და ახლო აღმოსავლეთის ერებს შორის უკეთესი ურთიერთობა იქნება. ეს მარტივი გზაა, რა თქმა უნდა, ცხოვრება გაცილებით რთულია, თუ ბრძოლა აუცილებლობაა, უნდა იბრძოლო კიდეც, უნდა იბრძოლო, თუ არჩევანი არ გაქვს. არავის სურს ომში ყოფნა, ტანჯვა ან სხვისთვის ტანჯვის მოტანა. ჩვენ გვსურს მშვიდობა პალესტინელებსა და სხვა მეზობლებთან, იმედია, რომ ეს დღეც მოვა.

-მას შემდეგ, რაც მძიმეწონიანმა დასავლელმა ლიდერებმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარა, ჩვენ მკაცრი კრიტიკა მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მხრიდან. მას შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდა და ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს, შეიცვალა თქვენი პოზიცია? როგორ ხედავთ პალესტინელი ხალხის მომავალს ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე?

-პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არასწორ კონტექსტში და არასწორ დროს მოხდა. როდესაც ღაზაში „ჰამასთან” 2 წელია, გაცხარებულ ომში ვიმყოფებით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ომში ვართ ირანთან 6 ფრონტზე – კერძოდ იემენელ ჰუსიტებთან, ლიბანურ „ჰეზბოლასთან”, სირიაში ასადის რეჟიმთან, რომელიც დღეს აღარ არსებობს, ასევე  სხვა ფრონტებზე – ეს არაა სწორი დრო ჯილდოს გასაცემად. ჩვენ ეს პროცესი სწორედ ასე დავინახეთ, ეს იყო ჯილდოს გადაცემა პალესტინელებისთვის. ვერ დააჯილდოებ იმას, ვინც კარგად არ იქცევა. მშვიდობა ასე არ მიიღწევა, მშვიდობის ინტერნაციონალიზება არ შეიძლება, ეს ორ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს. როდესაც დავა გაქვს მეზობელთან, უნდა დაელაპარაკო მეზობელს და არა სხვა ქალაქს, რომ თხოვო მათ მოსაზრების გაჟღერება და მისი გათანაბრება  საკუთართან. ამას ცდილობს პალესტინის მთავრობა. ოსლოს შემდეგ ბევრი მცდელობა გავიარეთ, ყველა პრემიერ-მინისტრის პირობებში, ვთავაზობდით პალესტინას სახელმწიფოს იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც არსებობდა. არსებობდა მოლოდინი, რომ ისინი აიღებდნენ და ღაზას ახლო აღმოსავლეთის სინგაპურად აქცევდნენ, მაგრამ სხვა რამ მოხდა, კონტროლი „ჰამასმა” აიღო და ღაზა აქცია უდიდეს ტერორისტულ ბანაკად მსოფლიოში, ასობით კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბებით ტერორისტული დანიშნულებისთვის. ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2012 წელს კვლავ განაახლა მოლაპარაკებების რაუნდები, ისინი უარს ამბობდნენ თანამშრომლობაზე. ასე მშვიდობა არ მიიღწევა. ისრაელი კვლავ მზადაა მოლაპარაკებებისთვის პალესტინასთან, მაგრამ ვითხოვთ ისრაელის უფლებების აღიარებას, ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო და იყოს უსაფრთხოებით უზრუნველყოფილი, რომ არ ვიქცეთ ტერორისტების სამიზნედ. ჩვენ გვსურს აღმოვფხვრათ რისკები, ჯერ სამწუხაროდ არ მოსულა მომენტი ურთიერთშეთანხმებისთვის. ჩვენ გვსურს უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეებისთვის და გვსურს აღიარება ახლო აღმოსავლეთში. მშვიდობას მოაქვს სტაბილურობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად, კომპრომისი არ იქნება ისრაელის უსაფრთხოებისა და მისი არსებობის ირგვლივ.

-თქვენს ნარატივს თუ დავეყრდნობით, ისრაელი არ არის პალესტინური სახელმწიფოს წინააღმდეგი, თუმცა ამას დროისა და დიპლომატიის საკითხად განიხილავთ. ასეა? მაგრამ რა ხდება პალესტინელ ხალხთან დაკავშირებით, როგორ ხედავთ მათ მომავალს ამ მიწაზე.

-კითხვა ალბათ უფრო ისაა, თავად  როგორ ხედავენ პალესტინელები საკუთარ მომავალს. ჩვენ ბევრი შეთავაზება გვქონდა, მათთან ჰქონოდათ სახელმწიფო ან მმართველი ორგანო. პალესტინის ხელისუფლების დაქვემდებარებაში ბევრი ინსტიტუციაა, მათ აქვთ მეტ-ნაკლები ავტონომია თუმცა არ არიან სახელმწიფო, რადგან არ აქვთ ამისათვის ყველა საკმარისი ასპექტი. ამასთან, სახელმწიფოებრიობა უნდა იყოს მოლაპარაკებების შედეგი, შედეგს მოლაპარაკებამდე ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ. ესაა მთელი ლოგიკა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთსა და პალესტინასთან მიმართებით სხვა სტანდარტები მოქმედებს. ისრაელიც სხვა სტანდარტით ფასდება. ნახეთ რა ხდება სუდანში, სამოქალაქო ომი, ათობით ათას ადამიანს სასტიკად კლავენ, წვავენ, მიმდინარეობს ეთნიკური წმენდა და ა.შ. რას აკეთებს მსოფლიო, სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, ნორვეგია, ესპანეთი, ბელგია – ისრაელის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა ქვეყნები. რამე გაგიგონიათ მათგან? რასაც ისრაელი აკეთებს თავდაცვაა, 7 ოქტომბერს მოკლული 1200 ადამიანის შემდეგ  სხვა გზა არ გვქონდა, ინიციატივა უნდა აგვეღო და თავი დაგვეცვა. „ჰამასისა” და მისი პარტნიორების პროპაგანდა სიმართლეს არ შეესაბამება – ღაზაში არ ყოფილა შიმშილობა, გენოციდი, შუა ომისას ადგილზე ჰუმანიტარული დახმარება შედიოდა. თუმცა ისრაელი გააკრიტიკეს ლონდონის ქუჩებში, ამერიკულ უნივერსიტეტებში, მათი ლოზუნგებით კი ისრაელს არ აქვს არსებობის უფლება მსოფლიოს ამ წერტილში. ეს ყველამ ნახა, მაგრამ ისრაელთან სხვა სტანდარტი მუშაობს, უარეს შემთხვევებში იგივე სტანდარტი არ მუშაობს. ისრაელთან დაკავშირებით ყველაფერს სხვა რიტმი აქვს და ესაა რეალობაა…

-და რა არის აქ ისრაელის საპასუხო სტრატეგია?

-ჩვენ თავად დემოკრატია ვართ და თვითრეგულირების მექანიზმებს ვექვემდებარებით. სამართალდამცველი ორგანოები ამოწმებენ შეიარაღებული ძალების ქმედებებს, გადაცდომები ომში ყოველთვისაა და ამის შესახებ თავად  ისრაელის მედია წერს, და არა ვინმე სხვა. ჩვენ შეგვიძლია თვითინსპექტირება, მაგრამ ვრჩებით ფაქტის წინაშე. თუ ვინმეს სჭირდება პასუხები, ღია ვართ ამისათვის, ვფიქრობ, დრო თავად აჩვენებს, რომ ბრალდებები ჩვენთან მიმართებით უსაფუძვლოა.

-გეთანხმებით, რომ ამ საკითხებზე საათობით შეიძლება საუბარი, ამიტომ გთავაზობთ მივუბრუნდეთ საქართველოს საკითხს და გკითხოთ, როგორ ხედავს ისრაელი საქართველოს როლს რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. ასევე როგორც კომპლექსური სამეზობლოთი შემოფარგლულ ქვეყანას, რა რეკომენდაციები გექნებათ საქართველოსთან რომ მან უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და ითამაშოს გარდამტეხი როლი რეგიონში.

-როდესაც რუკას უყურებ საქართველოს სტრატეგიულობა ძალიან ნათელი ხდება.  ეს უპირატესობა და ზოგჯერ პირიქითაც, მაგრამ საქართველოს შეუძლია, იყოს ხიდი აზიასა და ევროპას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ითამაშოს პოზიტიური როლი კავკასიაში. მას ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა აქვს გარდა რუსეთისა, ვისთანაც ტერიტორიული დავა მიმდინარეობს, რუსეთს ქვეყნის 20% უკავია. იმედია, ეს ტერიტორიები  ერთ დღესაც გათავისუფლდება. სხვა მეზობლებთან კი საქართველოს  შეუძლია, წამყვანი როლი ითამაშოს არა მხოლოდ ცენტრალური აზიის, არამედ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ევროპასა და ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებაში. აქ დიდი ეკონომიკური პოტენციალია. სხვა ერებთან საქართველოს განვითარებადი ურთიერთობები ისრაელისთვის კარგი გზავნილია. აბრეშუმის გზის ფორუმზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პრემიერების ხილვა ჩემთვის ოპტიმიზმის მომცემი იყო. ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობა კარგი პლატფორმაა კეთილდღეობისთვის. თავის მხრივ მზად ვართ მხარდაჭერისთვის: ტექნოლოგიებში, ინოვაციებში, სოფლის მეურნეობაში დაწინაურებულები ვართ და შეგვიძლია თქვენთან თანამშრომლობა.

-დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის.
-გმადლობ, პატივია აქ ყოფნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend