31 თავი, 6 კლასტერი და 83 გვერდი – ეს არის საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიში, რომელიც მოსალოდნელზე ბევრად მწვავე აღმოჩნდა. ანგარიშზე იმუშავა 33 ევროპულმა ინსტიტუტმა და 9 სააგენტომ.
ვრცელი დოკუმენტის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებული უკუსვლა აქვს დემოკრატიის, ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების სისტემის ნაწილში.
ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს შესახებ მოცემულია პოზიტიური გზავნილებიც. მაგალითად, იმ მხრივ, რომ ქვეყანაში, ბრიუსელის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, ასევე წინსვლაა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით და რომ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან საქართველო ინარჩუნებს პარტნიორულ ურთიერთობას.
საქართველოს გარდა, ევროკომისიას დემოკრატიული სტანდარტების მხრივ კრიტიკული გზავნილები აქვს სერბეთთანაც. ბრიუსელი ბელგრადს ასევე მოუწოდებს, შეწყვიტოს მოსკოვთან ღია პარტნიორობა და კრემლისთვის დახმარება, სანქციების გვერდის ავლაში, მითუმეტეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე.
ექსპერტების თქმით, მიუხედავად მსგავსი კრიტიკული გზავნილებისა, საქართველოსა და სერბეთის მიმართ ევროკავშირის მიდგომა განსხვავებულია სხვადასხვა მიზეზის გამო:
„სერბეთის მთავრობა, მიუხედავად იმისა, რა საშინაო პოლიტიკას ატარებს, ყოველთვის მზად არის, ესაუბროს ევროკომისიას, ევროკავშირს, თანაც საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში. ისინი ყოველთვის ჰპირდებიან [ბრიუსელს], რომ შეასრულებენ „საშინაო დავალებას“… როდესაც ევროკომისარი ამ მოხსენებას წარადგენდა, ის ამბობდა, რომ სერბეთში საკმაოდ ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, თუმცა გარკვეულ საკითხებში არსებობს პროგრესი… სერბეთის მთავრობა ცდილობს მაინც, თავი მოაჩვენოს, რომ რეფორმები სრულდება… საქართველოსთან კი პირდაპირი დიალოგი არის შეწყვეტილი. არ დაგვავიწყდეს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება იყო, რომ ქვეყანას არ გაეგრძელებინა ევროინტეგრაციის მოლაპარაკებები 2028 წლამდე. კარი ბრიუსელს არ დაუხურავს. სერბეთს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია… რა თქმა უნდა, ბრიუსელი თვალს არ ხუჭავს იმ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რაც დღეს სერბეთში აღინიშნება და ამ ყველაფერს ჩვენ მოხსენებაშიც ვკითხულობთ…“ – თქვა ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მკვლევარმა.
პოლიტოლოგის, კორნელი კაკაჩიას თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ამჟამად ჩიხში შესული ურთიერთობები არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ 2024 წლის 28 ნოემბრიდან. ის ასევე განმარტავს, რომ ერევნის ევროპული მისწრაფებების ფონზე, სომხეთის ევროინტეგრაცია საქართველოს გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
„რა თქმა უნდა, სომხეთის სურვილი გასაგებია, თუმცა საქართველოს გარეშე მისი ევროინტეგრაციის საკითხი ვერ წაიწევს წინ. გეოპოლიტიკა და გეოგრაფია ბევრ რამეს გვკარნახობს…
არ არის გამორიცხული, თუკი სომხეთში მომდევნო წლის არჩევნების შემდეგაც არსებული ხელისუფლება შენარჩუნდება, დიდი შანსია, ის ცოტა ხანში დაეწიოს კიდეც საქართველოს. ჩვენ [საქართველო] რამდენიმე კომპონენტით ვართ წინ – ეს არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი. ასევე, არსებობს რისკი, რომ აღმოვჩნდეთ გაფართოების არა არსებულ ტალღაში, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, არამედ გადავიწიოთ „გაურკვეველ პერიოდში“, როდესაც საუბარი იქნება თურქეთსა და სომხეთზეც. ეს ძალიან რთული იქნება, რადგან თურქეთის ევროკავშირში გაწევრება მრავალი ათწლეულია, გაჭიანურებულია და არავინ იცის, როდის დამთავრდება“, – განაცხადა პოლიტოლოგმა, კორნელი კაკაჩიამ, ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას.
ექსპერტების თქმით, ახლა საქართველო უნდა დაელოდოს ევროპელი ლიდერების შეხვედრას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, სადაც განიხილება ქვეყნის წინააღმდეგ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედების საკითხი, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვა, ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესება.

