მთავარისაქართველოპროკურატურამ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს წარუდგინა ბრალი

პროკურატურამ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს წარუდგინა ბრალი

„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ – ეს არის ის ბრალი, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ედავება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კიდევ ერთ დაკავებულ მაღალჩინოსანს, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას. ის ამ თანამდებობას ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის დროს იკავებდა. თავად ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის უძრავი ქონება კი ფინანსურმა პოლიციამ 30 ოქტომბერს გაჩხრიკა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბრალდებულის უშუალო დაქვემდებარებაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ლაგი კაპიტალი“.

ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ „ლაგი კაპიტალი“ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა და ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა საავანსო თანხების გაცემას. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და „ლაგი კაპიტალს“, ეტაპობრივად, ავანსის სახით გადაურიცხა 11 200 000 ლარზე მეტი თანხა. ჩარიცხული თანხებიდან „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს.

შედეგად, პროექტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღები არ აშენებულა…“ – განაცხადა პროკურორმა გიორგი გაგნიძემ.

შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელები ფინანსურმა პოლიციამ მიმდინარე წლის ოქტომბერში დააკავა. სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის 2 თანამშრომლის მიმართ. ამავე ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ დავით ტაბიძეს კი სასამართლომ 29 ოქტომბერს 300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კორუფციის მასშტაბურ ფაქტებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, გარკვეულ შემთხვევებზე მთავრობას ინფორმაცია უკვე 2 წელია, აქვს.

პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ რამდენიმე გამოძიების ფარგლებში უკვე ამოღებულია „20 მილიონ ლარამდე თანხა“, რომელიც, მისივე მტკიცებით, „სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდება“:

„2022-2024 წლები ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად რთული და მძიმე წლები იყო. იყო უსამართლობა, უხეში ზეწოლა, უხეში ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ. იყო პირდაპირი მოწოდებები და მოთხოვნები ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, არის ამხელა ზეწოლა, ასეთი წნეხი, უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და როცა ასეთ დროს ადამიანი ხელის მოთბობაზე ფიქრობს, ეს არის პრინციპულად არასწორი – უფრო უხეში შეფასება არ მინდა!…

2023 წლის დეკემბერში, როდესაც ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო გარკვეული ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მან სწორედ ამ შენობაში გააკეთა კონკრეტული განცხადებები და მას ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები. ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება სწორედ კორუფციას უკავშირდებოდა…“

კორუფციის ბრალდებით ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებსა და მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკაზე აქტიურად საუბრობენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მიერ გამოცხადებული ბრძოლა კორუფციასთან მოჩვენებითია და მსგავსი დანაშაულის რიგ შემთხვევებზე ამ დრომდე თვალს ხუჭავენ.

„არც ერთი წუთით არ დავიჯერებთ კორუფციასთან რეალურ ბრძოლას, ვიდრე ერთი და იმავე მიდგომას არ დაექვემდებარება ღარიბაშვილის კლანის წარმომადგენლები და კობახიძის კლანის წარმომადგენლები. ეს არის „ოპტიკური ილუზია“, რომლითაც ცდილობენ, საზოგადოებას მიჰყიდონ ეს ამბავი, როგორც კორუფციასთან ბრძოლა…“ – თქვა კოალიციის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით, 1 წლის წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, „ქართული ოცნების” 89 დეპუტატი ტაშს უკრავდა ირაკლი ქარსელაძეს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვრცელდება არა თუ მინისტრის მოადგილეზე და მინისტრზე, არამედ „ქართულ ოცნებაზე“, როგორც რეჟიმზე…“ – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებულ ფინანსურ ხარვეზებზე 29 ოქტომბერს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის მიერ ინტერპელაციის წესით დაბარებულმა მინისტრმა, რევაზ სოხაძემაც ისაუბრა. ამ დღეს მან თქვა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 პროექტიდან 161 პრობლემური იყო.

ამ უწყების გარდა, უკვე რამდენიმე თვეა, კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს პროკურატურა ერთობლივ გამოძიებას ატარებენ, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისა და მათთან დაკავშირებული პირების ქონება.

ორი უწყების ერთობლივი გამოძიების სამიზნე გახდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის სახლიდან 6 მილიონ დოლარზე მეტი ამოიღეს დაახლოებით ორი კვირის წინ. პროკურატურამ მისი წინასწარი პატიმრობა არ მოითხოვა და სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად 1 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვებაც.

გაჩხრიკეს სუსის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის, სახლი და დააკავეს მასთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი.

გაჩხრიკეს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ურძავი ქონებაც.

ამ პროცესებამდე ცოტა ხნით ადრე, მიმდინარე წლის სექტემბერში კი დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend