უკვე მეექვსე სასწავლო წელია, რაც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში, ნაძალადევში, მოუწესრიგებელი რჩება სასკოლო ინფრასტრუქტურა.
ახლის აშენების დაპირებით, 1000-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილი მე-10 საჯარო სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს. ადგილზე სამშენებლო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, თუმცა, როგორც მოსწავლეთა მშობლები ამბობენ, დაგვიანებით, დარღვევებითა და ძალიან ნელი ტემპით.
საკლასო ოთახების ნაცვლად, მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, ბოლო დღეებია შეხვედრა ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე უწევთ. მათ 28 და 29 ოქტომბერს დადიანის გამზირზე, მშენებარე მე-10 სკოლის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს რამდენიმე მოთხოვნით.
პროტესტის მონაწილეებს შეხვდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი, ლალი კალანდაძე და გაირკვა, რომ მათ ალტერნატიული ფართი შესთავაზა. თუმცა, როგორც მე-10 საჯარო სკოლაში აცხადებენ, უწყების მიერ შემოთავაზებული ფართი მათთვის საკმარისი არ არის:
„29 ოქტომბერს, გაიმართა შეხვედრა, რომლის შედეგადაც ინახა ფართი ჭყონდიდელის 56 ნომერში. თუმცა, აღნიშნული სივრცე ვერ აკმაყოფილებს ჩვენი მოსწავლეების სრულად განთავსების საჭიროებებს სასწავლო პროცესისთვის.
ამჟამად განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ალტერნატიული, რეალური ფართების მოძიებაზე. უახლოეს ორ დღის ვადაში მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.“
ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველის აპარატიც:
„სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით უკვე სწავლობს ბავშვებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას, რასთან დაკავშირებითაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გამოხატავენ პროტესტს. საკითხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია გამოთხოვილია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან. მოცემულ ეტაპზე, წარმოება გრძელდება.“
2019 წლიდან მე-10 საჯარო სკოლის ფაქტობრივი მისამართია ალიო მირცხულავას ქუჩა. აქ 22-ე საჯარო სკოლა მდებარეობს და სწორედ ამ სკოლის მოსწავლეებთან იყოფენ საკლასო ოთახებს მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
თუმცა, როგორც 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს გაირკვა, 22-ე სკოლის შენობაც ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშეა.
წინასწარი შეფასებით, ავარიულია შენობის ძირითადი ფლიგელი, რის გამოც მთელი სკოლა დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. განათლების სამინისტრო შენობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის ჯერ ისევ ელის.
კითხვები სკოლების გაჭიანურებულ მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არამხოლოდ ქუჩაში, არამედ საკანონმდებლო ორგანოშიც გაისმა. ვადაგადაცილებასა და მნიშვნელოვან ხარვეზებს აღიარებს ინფრასტრუქტურის მინისტრი.
29 ოქტომბერს პარლამენტში, თავად „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ, ინტერპელაციის წესით დაბარებულმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ მშენებლობის დასრულების კონკრეტულ ვადების დასახელება ჯერ ისევ უჭირს:
„კონტრაქტით დასრულების ვადა აქვს 2026 წლის მაისი, თუმცა აქ პრობლემა არის სპორტული მოედნის მშენებლობა, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს აქვს გარკვეული პრობლემები.
ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ამ პრობლემების მოგვარების საკითხში. ასევე კონტრაქტორი ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა სამუშაოებს და ამ მიმართულებითაც აქტიურად გადავდგამთ ნაბიჯებს. გვესმის, გუშინ ჩვენც ვიხილეთ მოსახლეობის, მოსწავლეების და მშობლების გულისწყრომა. შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს აღნიშნული პროექტი..“
თბილისის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე „ევრონიუს ჯორჯიამ“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კითხვით მიმართა 2025 წლის სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.
მმართველი პარტიის მიერ ინიცირიებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 1 სექტემბრიდან გაუქმდა ამ სამუშაოებზე პასუხისმგებელი სამსახური – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.
ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბოლოს საჯაროდ ისაუბრა 22 სექტემბერს, ახალციხეში ერთ-ერთი სკოლის გახსნისას:
„უახლოეს მომავალში დაზუსტდება ის საბოლოო სია, სადაც სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. ეს პროცესები აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე, რომელიც აუცილებელია აღსაზრდელებისა და მასწავლებლებისთვის, რომლებიც მათ აღზრდაში ძალიან დიდ საქმეს ეწევიან…“
მიუხედავად პრობლემის მასშტაბისა, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხი ვერ მოხვდა ხელისუფლების „უმაღლესი განათლების რეფორმის“ პრეზენტაციაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს წარადგინა.
არადა მხოლოდ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის გამზირზე გასულ წლებში დაანგრიეს ოთხი სკოლა, ახალი და ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობებით ჩანაცვლების დაპირებით.
მათგან მხოლოდ 113-ე საჯარო სკოლის ადგილას კვლავ ცარიელი მინდორი, შენობის კედლისა და თუნუქის სამშენებლო ღობის მცირე ნაწილია შემორჩენილი. დანარჩენ სკოლებში კი ჯერ იევ დაუსრულებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

