ლუვრში მომხდარმა ინციდენტმა მსოფლიო შეძრა. 88 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობის გატანამ მუზეუმების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. სამუზეუმო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს ამბავი მძარცველებს ახალი დანაშაული ჩადენისკენ უბიძგებს. ამიტომ მათ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე დაიწყეს ფიქრი.
ნიდერლანდელი გამომძიებელი არტურ ბრენდი, რომელიც ძირითადად ხელოვნების ნიმუშების ძარცვის საქმეებზე მუშაობს, ამბობს, რომ მუზეუმებმა უსაფრთხოების სისტემები უნდა განაახლონ. არტურ ბრენდი გამომძიებელია, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტი დაკარგული ნამუშევრის დაბრუნება შეძლო, მათ შორისაა პაბლო პიკასოსა და ვან გოგის ნახატები. როგორც ცნობილია, 2020 წელს ნიდერლანდებში დაკარგული ვან გოგის ნამუშევარი მას პარკით მიუტანეს.
„ვფიქრობ, ახლა მთელი მსოფლიო პანიკაშია. ყველა მუზეუმის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ შემდეგი სამიზნე მათი მუზეუმია. ამას ბოლო რამდენიმე წელია, ვხედავთ. ისინი ახლა პრევენციული ზომების მიღებას აპირებენ, მუზეუმს ხელახლა აფასებენ და მსჯელობენ, რისი გაკეთება შეუძლიათ. ვთვლი, რომ მუზეუმების უმეტესობას ეშინია, იგივე არ დაემართოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, ნებისმიერ ადგილას ძარცვის მსგავს მცდელობებს ვიხილავთ“, – ამბობს გამომძიებელი არტურ ბრენდი.
გამომძიებელს მიაჩნია, რომ მძარცველებმა სტრატეგია შეცვალეს, რადგან ისინი ნახატების ნაცვლად ხშირად ძვირფას ქვებსა და სამკაულებს იპარავენ.
„ვხედავთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მუზეუმის გაძარცვის შემთხვევები გაიზარდა. მანამდე ძირითადად ცნობილ ნახატებს იპარავდნენ. თუმცა, ბოლო ათწლეულია უმეტესად ოქრო, ვერცხლი და ბრილიანტი გააქვთ. ამას თავისი ლოგიკა აქვს. თუ ცნობილ ნახატს მოიპარავ, შემდგომ მისი გაყიდვა გაგიჭირდება, რადგან მას ყველა იცნობს. ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული ნივთების გადნობა, ბრილიანტებისა და სხვა ძვირფასი ქვების დაშლა და ცალკე გაყიდვა კი ბევრად მარტივია. ასე დამნაშავეების პოვნა უფრო რთულდება“, – აღნიშნავს გამომძიებელი არტურ ბრენდი.
საფრანგეთში, პარიზის პროკურორის განცხადებით, ლუვრის სამკაულების ძარცვაში ეჭვმიტანილმა ორმა პირმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. საფრანგეთის პოლიციამ დააკავა ორი მამაკაცი, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მუზეუმში შევიდნენ და ძვირფასი სამკაულები გამოიტანეს.

პარიზის პროკურორის, ლორ ბეკუოს თქმით: „ორი მამაკაცი სამკაულების ძარცვაშია ეჭვმიტანილი. ერთი მათგანი ალჟირის მოქალაქეა, 34 წლის. ის საფრანგეთში, კერძოდ, ობერვილიეში, 2010 წლიდან ცხოვრობს. იგი უმუშევარია, თუმცა ადრე რეპერიც იყო და კურიერადაც მუშაობდა. იუსტიციის სამსახურები მას იცნობდნენ ძირითადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების გამო. თუმცა ნასამართლევიცაა ქურდობის საქმეზე”.
პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ორივე ეჭვმიტანილს ქურდობისა და კრიმინალური შეთქმულებისთვის წინასწარ წაეყენა ბრალი. ისინი შაბათ-კვირას დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი პარიზის შარლ-დე-გოლის აეროპორტში აიყვანეს, როდესაც ის საფრანგეთის დატოვებას ცდილობდა. რაც შეეხება ძვირფასეულობას, პროკურატურის ინფორმაციით, ის ჯერ არ უპოვიათ.

