მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, კოალიცია „ცვლილებისთვის“, კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ – ჯერჯერობით ეს ის პოლიტიკური გაერთიანებებია, რომელთა საქმიანობის აკრძალვას „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს. ჯერჯერობით კი იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, სამომავლოდ აკრძალვა, საჭიროებისამებრ, სხვა პარტიებზე გავრცელდეს.
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ამ ნაბიჯით მმართველი პარტია ასრულებს დაპირებას, როგორც თავად ამბობს, მილიონ 120 ათასი ამომრჩევლის წინაშე. სარჩელის ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად ის ასახელებს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის 460-გვერდიან დასკვნას.
„მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო-პოლიტიკურ, ისე საგარეო-პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის კონსტიტუციურობას… ეს პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებთ…“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გაერთიანებისა და საერთო გზების ძიებისკენ სხვა პარტიებს მოუწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ჯერჯერობით ბუნდოვანია, რა ფორმით აპირებს თინა ბოკუჩავა ერთობის მიღწევას არსებულ ოპოზიციურ სპექტრში:
„პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის უკეთესი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციისა და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის, იმ პარტიებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება.
პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი…“
ბრძოლას ბოლომდე გეგმავს გვარამია-მელია-ჯაფარიძის პოლიტიკური გაერთიანება. კოალიციაში „ცვლილებისთვის“ არ სჯერათ მართლმსაჯულების სისტემის სამართლიანი გადაწყვეტილების:
„პარტიები, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებებსა და რეჟიმებს ცვლის ხალხი. მილიონამდე საქართველოს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იქნება ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ბერკეტს, ყველაფერს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში…“ – განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ თევზაძემ.
დანარჩენი ორი პოლიტიკური გაერთიანებისგან განსხვავებულად მოხვდა ასაკრძალ პარტიათა სიაში „ლელო-ძლიერი საქართველო“. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ისინი პატივს სცემენ ამ კოალიციის ამომრჩევლებს, რომლებმაც მუნიციპალურ საკრებულოებში მანდატი „ლელოს“ სულ 59 წევრს მიანიჭეს. მისივე განმარტებით, სარჩელის აღსრულების შემთხვევაში, დეპუტატები საქმიანობას დამოუკიდებლად შეძლებენ.
ამ ერთგვარი პრივილეგიის მიუხედავად, „ლელოს“ კოალიცია 27 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საპასუხო სარჩელის გამოწვევას არ აპირებს და გეგმავს, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას სამართლებრივად უპასუხოს:
„კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და „ლელოს“ სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას…“
საკონსტიტუციო სარჩელი არ ეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის“. მიზეზს „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ და ამბობენ, რომ საპარლამენტო მანდატების გამოყენებამ ექსპრემიერის გუნდი ასაკრძალ პოლიტიკურ გაერთიანებების სიას აარიდა. პარტიაში, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობას 1 წლის დაგვიანებით შეუდგა, არ სჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას აპირებს.
„წელს შექმენით „ნაცების“ „გასასამართლებელი კომისია“, რომელზეც ორჯერ დაიბარეთ გიორგი გახარია და არც ერთხელ მერაბიშვილი, სააკაშვილი და რეჟიმის სხვა შემქმნელები. რატომ არ შექმენით ეს კომისია 2014 წელს? ან 2021 წელს? ამავე კომისიაზე დაყრდნობით ჩორჩანაზე გამოძიება დაიწყეთ, „ნაცურ“ საქმეებზე დაიწყეთ თუ არა, დღემდე არ ვიცით…
კოლექტიურ „ნაცებად“ მოიხსენიებთ მათაც, ვინც „ნაცებისგან“ იდევნებოდა, თუმცა თქვენს რიგებში არიან ადამიანები, ვინც 2016 წელსაც „ნაცების“ შემომწირველი იყო ან მათი მაჟორიტარობის კანდიდატი.
ვისი სასამართლოთი აპირებთ „ნაცების“ აკრძალვას, გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის? ვის გადაუგზავნეთ აკრძალვის სარჩელი, „ნაცების“ მოსამართლე ჩინჩალაძეს?“ – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა.
„არსებითი გავლენისა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის პერსპექტივის არქონის“ არგუმენტით ხსნის შალვა პაპუაშვილი გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, აკრძალვა არ შეეხებათ პარტიებს: „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ფედერალისტები“. მათი ნაწილი ასაკრძალი კოალიციების წევრია.
სარჩელში არის კიდევ ერთი ცვლილება. მაგალითად, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით. თუმცა, შალვა პაპუაშვილმა დამატებით განმარტა, რომ პარტიის აკრძალვის შემდეგ დააკვირდებიან, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები.
საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვე აქვს. მანამდე კი უცნობია, შედგება თუ არა სარჩელში მოხვედრილი პოლიტიკური სუბიექტების ერთობა საკითხის ირგვლივ, რომელიც მათ საბოლოო აკრძალვას ისახავს მიზნად.

