მოსკოვმა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა გამოცადა, სიმბოლური სახელწოდებით „ბურევესტნიკი“, რომელიც შტორმის მომასწავებელს ნიშნავს. შორი მოქმედების რაკეტა არქტიკის რეგიონიდან გაუშვეს, ახალი მიწის კუნძულებიდან, რომელიც ბარენცის ზღვის არქიპელაგს ეკუთვნის. მან 15 საათის განმავლობაში 14 000 კილომეტრი იფრინა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რაკეტის წარმატებით გამოცდაზე საუბარს დიდი დრო დაუთმო და თქვა, რომ ბირთვული ქობინის მქონე ამ შეიარაღებას ნებისმიერი თავდაცვითი ფარის გარღვევა შეუძლია. მოსკოვი გეგმავს ის შეიარაღებული ძალების არსენალს მალევე დაუმატოს.
„ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და ბირთვული შეკავების მზადყოფნა უმაღლეს დონეზეა. ალბათ, გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის ყველა ბირთვულ სახელმწიფოსაზე მაღალია”, – უთხრა პუტინმა რუს სამხედროებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ახალი რაკეტების გამოცდას ჯობია, ვლადიმერ პუტინი ფოკუსირდეს უკრაინაში ომის დასრულებაზე, რომელიც მას დაგეგმილზე მეტ ხანს გაუგრძელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამოტოვა შესაძლებლობა რუსეთისთვის შეეხსენებინა, რომ შეიარაღების ნაწილში თავს უკონკურენტოდ გრძნობს.
„იციან, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი, მათ სანაპიროსთან ახლოს. ვგულისხმობ იმას, რომ მას არ სჭირდება 8 000 მილის გავლა და ამიტომ ისინი ჩვენთან არ თამაშობენ, ჩვენც არ ვთამაშობთ მათთან. რაკეტებს ჩვენც მუდმივად ვცდით, მაგრამ არ მგონია, ამის თქმა პუტინისთვისაც მიზანშეწონილი იყოს. მან ომი უნდა დაასრულოს. ომი, რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, ახლა მეოთხე წელია, მიმდინარეობს. სწორედ ამას უნდა მიხედოს პუტინმა, რაკეტების გამოცდის ნაცვლად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მოსკოვში თვლიან, რომ რაკეტის გამოცდა აშშ-რუსეთს შორის არსებულ მინიმალურ დიპლომატიურ კავშირებს უფრო ცუდს ვერ გახდის და „ბურევესტნიკის” გამოცდა მხოლოდ ეროვნული ინტერესებითაა ნაკარნახევი, რომლისთვისაც საფრთხედ მოსკოვში კვლავ ევროპას ასახელებენ.
„აქ არაფერია ისეთი, რამაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა უნდა დაძაბოს. მითუმეტეს, რომ ეს ურთიერთობები მინიმალურ დონეზეა და გამოიკვეთა პირველი მცდელობა, რომ ეს ურთიერთობა ამ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეს. ეს პროცესი რთულდება ჩვენთან მიმართებით გადადგმული იმ ნაბიჯების გამო, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენივე ინტერესებიდან გამოვდივართ, ღია ვართ ურთიერთობების დარეგულირებისთვის. რუსეთი თანმიმდევრულად ეწევა თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სწორედ ამის ფარგლებში ხდება შეიარაღების ახალი სისტემების შემუშავება. მათ მიეკუთვნება ხსენებული სისტემაც. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მითუმეტეს იმ მილიტარისტული განწყობების ფონზე, რომლებიც პირველ რიგში ევროპისგან გვესმის. აშშ-ის პრეზიდენტის ხედვა მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს საკუთარი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, ასე იყო, ასე არის და სულ ასე იქნება“, – განაცხადა კითხვის საპასუხოდ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
რუსი სამხედროების განმარტებით, „ბურევესტნიკი” ამუშავებს მცირე ზომის ბირთვულ რეაქტორს, რომელიც ძრავაშია ჩამონტაჟებული. ეს კი იძლევა საშუალებას, რაკეტა ჰაერში დღეების მანძილზე დარჩეს. საკონტინენტთაშორისო რაკეტაზე მოსკოვი ღიად ჯერ კიდევ 2018 წლიდან მუშაობდა, თუმცა 3 წლის შუალედში ჩატარებული ათზე მეტი ცდა ხელშესახები შედეგების გარეშე დასრულდა.
„პუტინი ამას ტელევიზიით შემთხვევით არ აკეთებს, მას კონკრეტული გზავნილი აქვს. მათ შორის სურს, აჩვენოს, რომ ზაფხულში წარუმატებელი გამოცდის შემდეგ საბოლოოდ რაკეტამ იმუშავა. აშშ-მა 1950 წელსაც გამოცადა მსგავსი სისტემა, მაგრამ ის გარემოსთვის კოშმარს წარმოადგენდა და მის მშენებლობაზე უარი თქვა. მხოლოდ რუსეთმა გამოიჩინა სიგიჟე, რომ ეს სისტემა აეშენებინა. აქვე გეტყვით, რომ ასეთი შეიარაღების ქონა ყველას შეუძლია, უბრალოდ სხვა ქვეყნებმა მეტი იფიქრეს. თავად „ბურევესტნიკი” შექმნილია სარაკეტო სისტემებში შეღწევისთვის. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მას პრაქტიკულად შეუზღუდავი მანძილით ფრენა შეუძლია, მათ შორის შეუძლია, დაცულ სისტემებს აარიდოს თავი. თუმცა მეორე მხრივ, შესაძლებელია, რომ მის საპასუხოდ მოეწყოს უფრო მეტი თავდაცვითი სისტემები ან საჰაერო საშუალებები. ამიტომ არ მგონია, ეს სისტემა დაუმარცხებელი იყოს, თუმცა შეიარაღებაში არსებული გამწვავებული რბოლის პერსპექტივიდან ესაა სიახლე, რომელსაც უნდა მოვუფიქროთ წინააღმდეგობა, რათა ის ჩამოვაგდოთ“, – აღნიშნავს ჯეფრი ლუისი, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრიდან.
შეიარაღებას, რომელიც დასავლეთში Skyfall-ის სახელით გვხდება, შეუძლია დედამიწის შემოვლა დაბალ სიმაღლეზე, ის გვერდს უვლის ანტისარაკეტო სისტემებსა და რელიეფურ ბარიერებს და ამის შემდეგ ქობინს რთულად პროგნოზირებად ადგილას ისვრის.

