11 ევროპელი ლიდერი უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
„რუსეთის დროის გაჭიანურების ტაქტიკამ მრავალჯერ დაგვანახა, რომ მშვიდობის მიღწევით სერიოზულად დაინტერესებული მხოლოდ ერთი მხარე – უკრაინაა.
ყველასთვის ნათელია, რომ პუტინი კვლავ ძალადობასა და განადგურებას ირჩევს. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ უკრაინამ მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს, როგორც ცეცხლის შეწყვეტამდე, ისე ცეცხლის შეწყვეტისას და შემდგომშიც“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი.
ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციას, რომ საომარი მოქმედებები დაუწყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„გაერთიანებული ვართ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების სურვილით, რომელსაც უკრაინელი ხალხი იმსახურებს.
მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომ ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და კონტაქტის არსებული ხაზი მოლაპარაკებების დაწყების წერტილი უნდა გახდეს. ჩვენ კვლავ მტკიცედ ერთგული ვართ პრინციპის, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა იცვლებოდეს.
რუსეთის დროის გაჭიანურებისს ტაქტიკამ მრავალჯერ დაგვანახა, რომ მშვიდობის მიღწევით სერიოზულად დაინტერესებული მხოლოდ ერთი მხარე – უკრაინაა. ყველასთვის ნათელია, რომ პუტინი კვლავ ძალადობასა და განადგურებას ირჩევს.
ამიტომაც ვაცხადებთ, რომ უკრაინამ მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს, როგორც ცეცხლის შეწყვეტამდე, ისე ცეცხლის შეწყვეტისას და შემდგომშიც. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ეკონომიკასა და მის თავდაცვის ინდუსტრიაზე, ვიდრე პუტინი მშვიდობისთვის მზად არ იქნება. ვამუშავებთ ზომებს, რათა სრული მოცულობით გამოვიყენოთ რუსეთის გაყინული აქტივები, რომ უკრაინამ აუცილებელი რესურსები მიიღოს.
ამ კვირის ბოლოს ევროპის საბჭოსა და „მსურველთა კოალიციის“ ფორმატში ლიდერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ შემდეგი ნაბიჯები და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების გზები“, – ნათქვამია განცხადებაში.


