კატეგორიები

ცხოვრება დევნილობაში

ცხოვრება დევნილობაში

საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 28 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

14 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების მასშტაბური დარღვევის გამო რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. მართალია, რუსეთი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა აღარ არის, თუმცა იურისტები მაინც საუბრობენ საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნის შესაძლებლობაზე, რომელიც, მათივე თქმით, ამ და სხვა გადაწყვეტილებების აღსრულებას შესაძლებელს გახდის.

იმის გასარკვევად, თუ როგორც ცხოვრობენ 2008 წლის ომის შედეგად დევნილები დღეს, ევრონიუს ჯორჯიას გადამღები ჯგუფი ბერბუკისა და წეროვნის დევნილთა დასახლებებს ესტუმრა.

სოფელ დისევიდან დევნილი მზია ოქროპირიძე 16 წელია, ოჯახთან ერთად ბერბუკის დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სახელმწიფოს მიერ აშენებულ კოტეჯებში აქ თამარაშენიდან, აჩაბეთიდან და დისევიდან დევნილი 900-მდე იძულებით გადაადგილებული პირი შეასახლეს.

დისევიდან 8 აგვისტოს წამოვიდნენ,  იმ დროს, როცა სოფლები აქტიურად იბომბებოდა, მშობლიური სახლის დატოვებას დევნილი ქალი ასე იხსენებს.

„ჯერ ჩამოვედით გორში, რომელიც ასევე დაიბომბა, მერე კასპში წავედით, მერე თბილისში, ჯერ წყნეთში, მერე – ოქროყანაში ვცხოვრობდით, საბოლოოდ კი ამ დასახლებაში გადაგვანაწილეს”, – ამბობს მზია ოქროპირიძე.

ტრაგიკულად დაიღუპა მზიას დედამთილი, რომელიც მეუღლესთან ერთად ოკუპირებულ სოფელში დარჩა. მისი გარდაცვალების ზუსტი დეტალები ოჯახისთვის დღემდე ცნობილი არ არის.

ტრაგედიამ უმძიმესი კვალი დატოვა – მეუღლის ჯანმრთელობის პრობლემებს მზია სწორედ 2008 წლის მოვლენებს უკავშირებს.

„ახლა აღმოაჩნდა საშინელი თავის ტკივილი – მოვიარეთ ექიმები და თბილისში დამყავს… მკურნალობას გადის – ძალიან ძვირი გვიჯდება ყველაფერი – დედაზე ნერვიულობამ ძალიან იმოქმედა… სულების გარდა არაფერი გამოგვიტანია იქიდან, მარტო სულები გადავირჩინეთ…”

წეროვნის დევნილთა დასახლება მცხეთის მუნიციპალიტეტში 2008 წელს გაშენდა. სახელმწიფომ ომის შემდეგ ამ ადგილას ააგო 2000-ზე მეტი კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც ახალგორიდან და დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორისაა 82 წლის პედაგოგი ლეილა ოვაშვილი…

დევნილმა ქალმა, რომელიც ახალგორში მასწავლებლად 80-იან წლებიდან მუშაობდა, იქ მუშაობა 2008 წლის ომის შემდეგ კიდევ ერთი წლის განმავლობაში განაგრძო – ახალგორის სკოლაში ყოველდღიურად თბილისიდან დადიოდა მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იყო.

„აღარ გაგატარებთო – აღარ გვიშვებდნენ – ან აიღეთ საბუთი მოქალაქეობის, ან დატოვეთ აქაურობაო… მართლა ძალიან საშიში იყო… ვისაც ბავშვები ჰყავდა, იძულებული გახდა, რომ გაეხიზნა და ვინც დარჩა იქ – ოსებიც და ქართველებიც ერთად იმალებოდნენ ტყეში”, – ამბობს ლეილა.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, დევნილების ოჯახი 2009 წლის შემდეგ ახალგორში ვეღარ ჩადის.

„ყველაზე დიდი ტკივილი რაც დამრჩა, ის არის, რომ ჩემი შვილის საფლავი მაქვს იქ… ძალიან გული მტკივა, როცა ჩვენ გვეუბნებიან ბოდიში მოუხადეთ ოსებსო – საბოდიშო ჩვენ რა გვაქვს? რატომ მოვუხადო ბოდიში?

რაც მოხდა, რაც განვიცადეთ იქ და დავკარგეთ, იმის ანაზღაურება არც ისე ადვილია – მორალური ზიანია, რომლის ანაზღაურებაც არ არსებობს.

სახლ-კარს არ ვჩივი – სასაფლაოზე შესვლის უფლება მომცენ”, – ამბობს ახალგორიდან დევნილი პედაგოგი.

„ნომერ პირველი სირთულე ალბათ მაინც იყო ფსიქოლოგიური ამბავი, რომ შენს ტვინს გაეცნობიერებინა, რომ ეს რეალობაა, რაც მოხდა – ახლა ხარ აქ და აქ უნდა იფიქრო რაღაცაზე – მე ერთი წელი დამჭირდა, რომ ეს პრობლემა გადამელახა. ყველა აზრი და ფიქრი, რომელიც თავში მომდიოდა, იყო ახალგორში”, – გვეუბნება ახალგორიდან დევნილი ნანა ჩქარეული, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის დამფუძნებელია.

ნანა 17 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და გვიყვება, როგორ შეცვალა წლებმა დევნილთა დასახლება: „ქალაქთან ახლოსაა ჩვენი დასახლება, დიდი დასახლებაა, პატარა ბიზნესები და სერვისები მუშაობს, გარშემოც არის საწარმოები, სადაც დასაქმება შესაძლებელია, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც დასაქმება და უმუშევრობაა”.

ნანა ჩქარეულმა 2009 წელს წეროვანში დააფუძნა მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი, რომლის მეშვეობითაც დასავლელი დონორი ორგანიზაციების დახმარებით დევნილთა დასახლებაში არაერთი ახალგაზრდული სამეწარმეო და საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა.

„პირველ წლებში იყო ძალიან ბევრი დახმარება, რომლებიც შემდეგ წლებში ძალიან შემცირდა… და ეს იყო ძალიან რთული. სამწუხაროდ, დღეს კიდევ გვყავს ადამიანები და ოჯახები, რომელთა მთავარი შემოსავალი სწორედ ეს 45-ლარიანი დახმარებაა.

შეიძლება მადლიერება არ გამოვხატოთ იმ ორგანიზაციებისა და მეგობრების მიმართ, რომლებმაც დაგვაძლევინეს დევნილობის ტკივილი – რომ არა მათი თანადგომა, უფრო რთული იქნებოდა ჩვენი ყოფა.  ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შესაძლებლობები ნელ-ნელა მცირდება და გული მწყდება, რომ ჩემს შვილს აღარ ექნება ის ხელმისაწვდომობა განათლების შესაძლებლობებზე, რომლებიც ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქ მივეცით”, – ამბობს ნანა ჩქარეული.

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 296 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული, მათგან 2008 წლის ომის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 28 ათასამდე ადამიანია.

 

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები