სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ბრალდებით, სამი პირი დააკავა – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათივე თქმით, სამივე შემთხვევაში ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების წარდგენითა და, შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობების პირის სტატუსის მინიჭებით, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისკენ.
„პირველ შემთხვევაში, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დ.ტ.-მ მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ, გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველი იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი – ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე.
მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თ.დ.-მ 9500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება.
მესამე შემთხვევაში, ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ც.ო.-მ 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში ც.ო.-მ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბი ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც ც.ო.-მ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონსულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც თავის მხრივ დაამზადა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით”, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენასა და გასაღების კუთხით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


