საფრანგეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ორივე კენჭისყრა ჩავარდა. ფრანგმა დეპუტატებმა სებასტიან ლეკორნუს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით წარმოდგენილ ორ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს.
მემარცხენე „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წინადადებას მხარი 271 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ შუამდგომლობას 144 დეპუტატი მიემხრო. ლეკორნუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის ეროვნული ასამბლეის დეპუტატების 289 ხმა იყო საჭირო.
თანამდებობიდან გადადგომიდან ოთხი დღის შემდეგ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სებასტიან ლეკორნუ პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა.
კენჭისყრამდე სებასტიან ლეკორნუმ მაკრონის პრეზიდენტობის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სადავო და არაპოპულარული საპენსიო რეფორმის შეჩერების შესახებ განაცხადა, რითაც ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი დაარწმუნა, რომ ამ ეტაპზე მაინც შეეკავებინათ თავი მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების მცდელობის მხარდაჭერისგან.