უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს შემდეგ კიევში არცერთ დღეს არ ჩაუვლია განგაშის სირენების გარეშე, შესაბამისად ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქის მოსახლეობაც ყოველდღიურად მზადაა სარაკეტო და დრონებით იერიშებისთვის.
ექსპერტების ვარაუდით, რუსული საოკუპაციო არმია ამ ფორმით ცდილობს, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფოს ადგილობრივები და აიძულოს კიევის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, დათანხმდნენ მშვიდობას კრემლის პირობებით - ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა იმ ფონზე, როდესაც პუტინის ჯარები ფრონტის ხაზზე ხელშესახებ წინსვლას ვერ აღწევენ ან უკრაინის დასახლებულ პუნქტებს დიდი სამხედრო დანაკარგების ფონზე იკავებენ.
სამიზნეში მოსკოვს ამოღებული აქვს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა - საცხოვრებელი კორპუსები, რომელთა სიახლოვესაც, როგორც ადგილობრივები პერიოდულად აცხადებენ, არანაირი სამხედრო დანიშნულების ობიექტი ან საწყობი არ მდებარეობს.
მორიგი დარტყმა რუსულმა მხარემ კიევის პეჩერსკის დასახლებაზე მიიტანა, სადაც არის მსხვერპლი - ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც დიმერის დასახლებაში რუსული დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, შენობა ჩამოანგრია, ნანგრევების ქვეშ კი ათობით პირი აღმოჩნდა, რომელთაგანაც დიდი ნაწილი დაიღუპა.
„მაღაზიიდან სულ რამდენიმე წუთის წინ გამოვედი - ამ რამდენიმე წუთმა გადამარჩინა. აფეთქების ხმა გავიგე. რამდენიმე გოგონას ვესაუბრებოდი, როდესაც მოულოდნელად ძლიერი აფეთქება მოხდა და ირგვლივ მინის ნამსხვრევებმა წვიმასავით დაიწყო ცვენა.
მანამდე არანაირი ხმა არ ისმოდა - არც „შაჰედის“ დრონებისთვის დამახასიათებელი ხმა და არც საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმა. სრული სიჩუმე იყო, შემდეგ კი მოულოდნელად წარმოუდგენლად ძლიერი აფეთქება გაისმა და ირგვლივ ყველაფერი ჩაიმსხვრა.
მიმოვიხედე და დავინახე, რომ გაჩერებული ავტომობილები მთლიანად მინის ნამსხვრევებით იყო დაფარული. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ შენობის სახურავს რაღაც დაეცა.
ქუჩაში გავედი - ირგვლივ ყველაფერი მინით იყო მოფენილი. შემდეგ კი შევამჩნიეთ, რომ შენობიდან კვამლი ამოდიოდა“, - ამბობს ნატალია ჰრიჩინა, ადგილობრივი.
მძიმეა ომში მშვიდობიან მოქალაქეებს შორის დაღუპულთა სტატისტიკა.
„რუსეთი ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქვეყნის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას აწარმოებს.
მხოლოდ ერთ თვეში - მიმდინარე წლის ოქტომბერში - რუსეთის დარტყმებს ჩვენს ქვეყანაში 534 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 534 ადამიანი. მათ შორის 16 ბავშვი იყო.
რაც შეეხება ჩვენს პასუხს: რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ განხორციელებულ თითოეულ დარტყმას ჩვენ მრავალჯერ უფრო ძლიერი ძალით ვუპასუხებთ.
ჩვენ გავაგრძელებთ საპასუხო დარტყმების განხორციელებას ამ საშუალებებით და კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს ძალისხმევას“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევჰენი ხმარამ.
უკრაინელებისთვის ვითარება განსაკუთრებით რთულდება მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით. კიევში სუსხიანი ამინდებია - ამ ფონზე კი რუსული ძალები აქტიურად ბომბავენ ენერგოობიექტებს და რამდენიმე საათით ან დღით ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების გარეშე ტოვებენ ათიათასობით აბონენტს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების გარეშე მოსახლეობის დატოვება პრობლემათა მთელ ჯაჭვს ქმნის.
„სიმართლე გითხრათ, ეს ცხოვრება აღარ არის - ეს გადარჩენისთვის ბრძოლაა. ყველა ის მოქმედება, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ყოველდღიური რუტინის ნაწილია, ჩვენთვის ნამდვილ განსაცდელად იქცა.
მაგალითად ავიღოთ ბავშვის საბავშვო ბაღში წაყვანა: თუ საჰაერო განგაშია ან დრონების საფრთხე არსებობს, ბავშვი ბაღში არ მიდის. თუ წყალი ან ელექტროენერგია არ არის, საბავშვო ბაღი არ მუშაობს და ბავშვიც სახლში რჩება. სამუშაოს შესასრულებლად ინტერნეტია საჭირო, მაგრამ დღეს ინტერნეტი არ მუშაობს - საერთოდ არ არის კავშირი.
მოკლედ, ყველაზე მარტივი საქმის შესრულებაც კი ყოველდღიურ, დაუსრულებელ და დამქანცველ დაბრკოლებად იქცა.
სიმართლე გითხრათ, მე და ჩემი მეუღლე უკვე იმ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ფსიქიატრიული დახმარება გვჭირდება: მე დეპრესიული აშლილობა მაქვს, ჩემს მეუღლეს კი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“, - ამბობს ოლექსანდრა ჰორბანი, კიევის მცხოვრები.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობის რუსული აგრესიისგან დასაცავად უკრაინის პრეზიდენტი NATO-ელ მოკავშირეებს, და არამხოლოდ მათ, გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჭიროა არამხოლოდ სიტყვები, არამედ ქმედებები საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად, რადგან კიევი ვერ უმკლავდება ჩრდილოკორეულ ბალისტიკას, რომელიც გაცილებით რთული გასანეიტრალებელია, ვიდრე ის, რომელსაც მოსკოვი მანამდე იყენებდა.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა. ჩვენ გვჭირდება „პეტრიოტის“ სისტემები . გვჭირდება NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები. გვჭირდება SAMP/T-ის სისტემები - შორი მოქმედების მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რაკეტები. თქვენს ქვეყნებს ეს ყველაფერი გააჩნიათ.
რაკეტები, რომლებსაც რუსეთის ბალისტიკის შეჩერება შეუძლიათ, საწყობებში მტვერს არ უნდა იკრავდნენ. ამას ღიად და პირდაპირ ვამბობთ: გთხოვთ, დაგვეხმარეთ!
რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი საჰაერო თავდაცვა, მით ნაკლები შანსი ექნება რუსეთს, გაარღვიოს იგი, და მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება დიპლომატიას, შედეგს მიაღწიოს.**
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოთხმხრივი შეხვედრა -უკრაინის, ევროპის, ამერიკისა და რუსეთის მონაწილეობით - რაც შეიძლება მალე გაიმართოს. მზად ვართ, ეს შეხვედრა, ფაქტობრივად, ხვალვე ჩავატაროთ.**
ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმინეთ, რომ ისინი მის გამართვას შობამდე ცდილობენ. ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა უფრო ადრე შედგება.
ამასთან, ამ შეხვედრაზე მკაფიო დღის წესრიგით უნდა მივიდეთ - წინასწარ მომზადებული და ყველა ჩვენგანის მიერ შეთანხმებული დღის წესრიგით. ვგულისხმობ უკრაინას, ევროპასა და ამერიკას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დიალოგს ომის დასრულების ერთადერთ ალტერნატივად მიიჩნევს პეკინი. ჩინეთი აქამდეც პერიოდულად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, თუმცა განცხადებები მომრავლდა შენჭენის 19 ნოემბრის სამმხრივი სამიტის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები.
თავის მხრივ, კრემლი აცხადებს, რომ მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის მომლაპარაკებელი გუნდების სამმხრივი შეხვედრის მორიგი რაუნდი „უახლოეს მომავალშია“ დაგეგმილი, თუმცა დმიტრი პესკოვს არც კონკრეტული თარიღი და არც მოლაპარაკებების გამართვის ადგილი არ დაუსახელებია.
ევროპა
მსოფლიო
ბიზნესი
კულტურა
დედამიწა
ინოვაცია
მეტი
კატეგორიები
-
ევროპა
-
მსოფლიო
-
ბიზნესი
-
კულტურა
-
დედამიწა
-
ინოვაცია
-
მეტისერვისებიამინდი
კატეგორიები
ევროპა
ევროპა
მსოფლიო
მსოფლიო
კატეგორიები
აზია
აფრიკა
ამერიკა
ავსტრალია
გადაცემები
პრიზმა
წინანდლის ფესტივალი 2023
Scenes
ოკეანე
European Stories
ბაკურიანი 2023
ბიზნესი
ბიზნესი
კატეგორიები
ტექნოლოგია
საზოგადოება
ფოკუსი
პერსპექტივა
გადაცემები
ნამდვილი ეკონომიკა
ეკონომიკა
ბიზნესპლანეტა
Europe Decoded
მოგზაური
კატარი 365
კულტურა
კულტურა
დედამიწა
მეტი
მეტი
სპეციალური გაშუქება
უკრაინა
რუსეთი
საფრანგეთი
გერმანია
გაერთიანებული სამეფო
იტალია
ესპანეთი
პარტნიორის კონტენტი
დღის ამბები
მთავარი ამბავი
სერვისები
ამინდი