მთავარიაზიაავღანეთიპაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს, ავღანეთმა და პაკისტანმა ცეცხლის შეწყვეტა გადაწყვიტეს. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის  სისხლიან შეტაკებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

შეთანხმება  რეგიონის ძირითადი ძალების, მათ შორის საუდის არაბეთისა და კატარის მოწოდებების შემდეგ შედგა. ძალადობამ რეგიონში უფრო მეტად შექმნა დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან კვლავ გამოჩნდნენ დაჯგუფებები, მათ შორის „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ქაიდა“.

„ჩვენს მებრძოლებს მორალური პრინციპები აქვთ.  ჩვენი მოჯაჰედები სხვა სულისკვეთებით იბრძოდნენ. პაკისტანმა დაახლოებით დილის ოთხ საათზე შეუტია ავღანეთს. ჩვენმა მებრძოლებმა მათ შესაბამისი,  გამანადგურებელი პასუხი გასცეს.  ჩვენი მეომრები თავს გასწირავენ და  დაიცავენ სამშობლოს“, – აცხადებს „თალიბანის“ მებრძოლი ჰაფიზ ჰამიდულა.

პაკისტანი ავღანეთს შეიარაღებული დაჯგუფებების შეფარებაში ადანაშაულებს, რასაც „თალიბანის“ მმართველები უარყოფენ.

პაკისტანი ბოლო წლებში სხვადასხვა დაჯგუფებას ებრძვის. თავდასხმა განსაკუთრებით 2021 წლიდან გახშირდა, როდესაც „თალიბებმა“ავღანეთში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით,   ცეცხლი ავღანეთის მოთხოვნით მხოლოდ 48 საათით შეწყდა.  სასაზღვრო გადასასვლელები ჯერ ისევ ჩაკეტილია.

თავის მხრივ, „თალიბანის“ მთავრობის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ზავი პაკისტანის დაჟინებული მოთხოვნით დაიდო.

ოთხშაბათს პაკისტანმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა ღამის ბრძოლაში ათობით ავღანელი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წევრები და მებრძოლები, დახოცეს.

„თალიბანის“ წარმომადგენელმა ადრე განაცხადა, რომ პაკისტანის ძალებმა მსუბუქი და მძიმე შეიარაღება გამოიყენეს სამხრეთ ყანდაჰარის პროვინციაში სპინ-ბოლდაკზე თავდასხმების დროს, რის შედეგადაც ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.

პაკისტანი ამტკიცებს, რომ მან  „არაპროვოცირებული“ თავდასხმა მოიგერია, მისი თქმით, იგი  ბრძოლის დროს მშვიდობიან მოსახლეობას არ ესხმოდა თავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend