სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტი წარადგინა, რომელიც იურიდიულ დონეზე აფიქსირებს ერევნის უარს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.
ვიდრე ნიკოლ ფაშინიანი და მისი მმართველი პარტია ამ ჩანაწერს „მდგრადი და მტკიცე მშვიდობის საფუძველს“ უწოდებს, სომხეთის ოპოზიცია ახალ კონსტიტუციას აღწერს როგორც „აზერბაიჯანის მოთხოვნების შესრულებას“.
სამხრეთკავკასიური ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, რომელმაც თავის სიტყვით გამოსვლაში სიტყვა „მშვიდობა“ 18-ჯერ ახსენა, ამ ჩანაწერის იურიდიულ დონეზე აღსრულება აუცილებელია იმისთვის, რომ სომხეთის რესპუბლიკა გახდეს „ჭეშმარიტად დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფო, რომელიც უკან მოიტოვებს წარსულს, სადაც ნაციონალისტური პროპაგანდა ამართლებდა ქვეყნის ძარცვასა და ძალაუფლების უზურპაციას“.
საგულისხმოა, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე იურიდიულ დონეზე უარის თქმა, რომელიც აზერბაიჯანმა სამხედრო გზით 2020-2023 წლებში დაიბრუნა, არის ბაქოს მთავარი წინაპირობა ერევანთან სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ გასაფორმებლად. მიუხედავად ნიკოლ ფაშინიანთან რამდენჯერმე შემდგარი კომუნიკაციისა, ილჰამ ალიევი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს, ვიდრე არ იარსებებს მტკიცე გარანტია იმისა, რომ სამომავლოდ სომხური მხარე კვლავ არ განაცხადებს პრეტენზიას ყარაბაღის ტერიტორიაზე.
ბაქოს პოზიციაა, რომ სომხეთის ამჟამინდელ კონსტიტუციაში მოქმედი პრეამბულა, რომელიც, თავის მხრივ, 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეყრდნობა და მთიანი ყარაბაღის სომხეთთან ხელახლა გაერთიანებაზე მიუთითებს, ვერ აღადგენს ნდობას ორ მეზობელს შორის.
ამასთან, აზერბაიჯანული მხარე მიესალმება ფაშინიანის მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებსა და კონსტიტუციის ახალ პროექტს, რაც სომხურ ოპოზიციაში დამატებით სიბრაზეს იწვევს.
ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ბაქოს მოთხოვნებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, მეორე მხრივ კი, სწორედ ამ მოთხოვნებს ასახელებენ ახალი კონსტიტუციის მიღების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად.
განურჩევლად იმისა, რა უდევს საფუძვლად სომხეთის ხელისუფლების პოზიციას - საკუთარი შეხედულებები თუ გარე ზეწოლა - ამ ეტაპზე მას არ გააჩნია კონსტიტუციის პროექტის რეფერენდუმზე გასატანად საჭირო უფლებამოსილება, რასაც სომხეთის კანონმდებლობა მოითხოვს.
ამის წინმსწრები საპარლამენტო პროცედურა, სულ მცირე, 70 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებს, მმართველ პარტიას კი მხოლოდ 64 მანდატი აქვს. შესაბამისად, მას ოპოზიციისგან, სულ მცირე, ექვსი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება - ოპოზიციის ორი ფრაქცია კი ერთიანია და კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელსაც ისინი „ალიევის კონსტიტუციას“ უწოდებენ.
თავის გამოსვლაში ფაშინიანმა ყველა მხარისთვის მომგებიანი შეთანხმების შესაძლებლობაზე ისაუბრა: კონსტიტუციური რეფერენდუმის დანიშვნის მხარდაჭერის სანაცვლოდ, იგი პოლიტიკიდან წავა, განურჩევლად იმისა, როგორ დასრულდება კენჭისყრის შედეგები.
კერძოდ, თუ ხალხი კონსტიტუციის ახალ პროექტს მხარს არ დაუჭერს, ფაშინიანი პირობას დებს, რომ დაუყოვნებლივ გადადგება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროექტს მხარს დაუჭერენ, იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩება, თუმცა მომდევნო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღარ იქნება.
ოპოზიცია ამ წინადადებას სერიოზულად არ განიხილავს. მმართველ პარტიას პარლამენტში საჭირო ექვსი ხმის მოპოვება მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციისთვის, რომელიც სომხეთის ყოფილ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, გავლენის მოხდენის რეალურ ბერკეტს წარმოადგენს.
ვიდრე ოპოზიცია ცდილობს, ფაშინიანი ალიევის „ნების შემსრულებლად“ წარმოაჩინოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი თავის მხრივ აშკარად მიანიშნებს, რომ ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის პროექტს კრემლის მითითებით ბლოკავს.
უცხოური ძალების ინტერესების გატარებაში ურთიერთბრალდებების ფონზე, პოლიტიკური დიალოგის ნაცვლად, სომეხი პარლამენტარები სულ უფრო ხშირად ფიზიკურ ანგარიშსწორებას მიმართავენ.
ადგილობრივი პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ურთიერთბრალდებები რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ოპოზიცია რეფერენდუმის ჩატარებას მხარს არ დაუჭერს, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე დაიწყოს მსჯელობა.
