კატეგორიები

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა
ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი კიევისადმი ბუდაპეშტის რიტორიკის ცვლილება და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოსაზღვრე ზაკარპატიაში ვიზიტი გახდა - პეტერ მადიარი ეთნიკურად უნგრელებით დასახლებულ ამ უკრაინულ ოლქს ეწვია და ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ვისთან ერთადაც პატივი მიაგო რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცთა და მოქალაქეთა ხსოვნას.

ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით, ლიდერებს შორის კომუნიკაცია მხოლოდ ევროკავშირისა და NATO-ს ეგიდით გამართული სამიტებით არ შემოფარგლულა.

იმის მიუხედავად, რომ მადიარის წინამორბედი კიევში 2024 წლის ივლისში ოფიციალური ვიზიტითაა ნამყოფი, უკრაინისადმი მისი რიტორიკა, განცხადებები და ნაბიჯები არ ჰგავდა პარტნიორებს შორის ურთიერთობას.

მოქმედი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ხელისუფლება არამხოლოდ დაიცავს ზაკარპატიის ოლქში მცხოვრები ეთნიკურად უნგრელების უფლებებს, არამედ მხარს დაუჭერს რუსული თავდასხმების ქვეშ მცხოვრებ უკრაინელ ხალხსაც. მადიარმა წინამორბედი დაადანაშაულა წინასაარჩევნო კამპანიის ერთგვარ ანტიუკრაინულ პლატფორმად გამოყენებაში, რომელიც შუღლს აღვივებდა ბუდაპეშტსა და კიევს შორის.

მანვე დასძინა, რომ უნგრეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას არა შეიარაღებითა და სხვა სამხედრო ძალით, არამედ ჰუმანიტარული დახმარებითა და დიპლომატიის მეშვეობით:

„უნგრეთმა იცის, ვინ არის აგრესორი და მკაცრად გმობს იმ საშინელ თავდასხმებსა და აგრესიის უწყვეტ სერიას, რომელსაც რუსეთი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას აქვს უფლება და, შეიძლება ითქვას, ვალდებულებაც, დაიცვას საკუთარი თავი, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

ომის დაწყებიდან დღემდე უნგრეთი ყველანაირი ჰუმანიტარული საშუალებით მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელ ხალხსა და ზაკარპატიის უნგრულ უმცირესობას.

აქ ზაკარპატიის უნგრელებს ვესაუბრე და ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ ბოლოს და ბოლოს ორმა ქვეყანამ ერთმანეთთან დაახლოება დაიწყო. მოხარულები ვართ, რომ ეს სრულიად არასაჭირო და გაუგებარი პოლიტიკური ესკალაცია საბოლოოდ შეჩერდა და ჩვენ ნორმალური, ევროპული ფორმით დავიწყეთ კომუნიკაცია.

ვიცი, რომ უკრაინაში ბევრი ადამიანი ამას ხედავს და თავადაც გრძნობს, რომ ეს ქვეყანა ევროპის ბუნებრივი მოკავშირეა და ასეც არის. მოუთმენლად ველით პრეზიდენტის ვიზიტს ბუდაპეშტში ან უნგრეთის სხვა ქალაქებში, თუ მისი სამუშაო გრაფიკი ამის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა პეტერ მადიარმა.

მიუხედავად მხარეებს შორის აშკარად დამთბარი ურთიერთობებისა, კვლავ რჩება რამდენიმე პრობლემა. მაგალითად, ბუდაპეშტი ისევ არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრებას და მიიჩნევს, რომ ამ პროცესს დამსახურება სჭირდება.

ამავდროულად, „ვიშეგრადის ოთხეულიდან“ მხოლოდ პოლონეთია თანახმა, ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტიდან უკრაინის მხარდასაჭერად თანხა დაიხარჯოს. ვარშავა მიიჩნევს, რომ „დამოუკიდებელი უკრაინა რუსეთის შეჩერების ყველაზე ეკონომიური გზაა“, ხოლო კიევის მხარდაჭერა ევროპის ქვეყნების „საერთო უსაფრთხოებისთვის გადასახდელი მცირე ფასია“.

საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის მოწინააღმდეგეთა შორის არის უნგრეთიც, თუმცა ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე პეტერ მადიარმა თქვა, რომ ეს არ გულისხმობს ანტიუკრაინულად განწყობას.

ბუდაპეშტის პოლიტიკური ლიდერის ვიზიტის პარალელურად, რუსულ საოკუპაციო არმიას არ შეუწყვეტია იერიშები უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე. მორიგ ჯერზე სამიზნედ იქცა ოდესის ოლქი, სადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა სამრეწველო ობიექტზე ჭურვით დარტყმების შედეგად.

ამ ფონზე, უკრაინა ვაშინგტონისგან ისევ ელოდება „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემას.

„Patriot-ის რაკეტების პარტია ამჟამად შეერთებულ შტატებშია. გულწრფელად რომ გითხრათ, 60 რაკეტის მიღება კარგი იქნებოდა, თუმცა ნამდვილად არსებობს 48 რაკეტის მიწოდების ერთი კონტრაქტი.

სამწუხაროდ, ჰეგსეთს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია ეს კონტრაქტი, ამიტომ ყველაფერი მთლიანად მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ჩვენ 50 რაკეტის მიღების იმედი გვაქვს, თუმცა, თუ მათ 60 რაკეტის გამოგზავნა სურთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პენტაგონის წარმომადგენელმა Financial Times-ს განუცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის მხრივ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე უარყოფენ შეფერხების პოლიტიკურ მოტივებს და მიზეზად სხვა ქვეყნების მოთხოვნებსა და მარაგების დეფიციტსაც ასახელებენ.

დაკავშირებული ამბები
ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს კანონმდებლებმა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმების გეგმა დაამტკიცეს