სლოვაკეთის მმართველი კოალიციის მომხრე კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გეგმას, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის უფლების გაუქმებას ითვალისწინებს.
ფიცოს განცხადებით, კანონმდებლობა თაღლითობისა და მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად არის მიმართული, თუმცა დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი პროდასავლურად განწყობილ ამომრჩევლებზეა მიმართული და შესაძლოა, ათიათასობით სლოვაკს ხმის მიცემის შესაძლებლობა წაართვას.
„იცით, დემოკრატიულ ქვეყანაში და, წესით, პარლამენტში ამის თქმაც არ უნდა მჭირდებოდეს, რომ ამომრჩევლები თავად ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს. თქვენ კი სრულიად საპირისპიროს ცდილობთ. გსურთ, თავად აირჩიოთ თქვენი ამომრჩევლები. გსურთ, განსაზღვროთ, ვის ეკრძალება ხმის მიცემა, ვის შეექმნება ამის გამო სირთულეები, ან ვის მოუწევს ამაში თანხის გადახდა. ეს არ არის დემოკრატია. და, რა თქმა უნდა, თქვენ ეს ძალიან კარგადაც იცით“. - განაცხადა პარტია „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხალ შიმეჩკამ.
კრიტიკოსების აზრით, ცვლილება ხმის მიცემის პროცესს გაურთულებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შორეულ რეგიონებში მცხოვრებლებს, ასევე იმ სლოვაკებს, რომლებიც ისეთ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც სლოვაკეთის საელჩო ან საკონსულო არ არის.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ კვირას ქვეყანაში ათასობით ადამიანი მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.
2023 წელს თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ფიცოს ბრიუსელთან არაერთხელ ჰქონდა დაპირისპირება. ამავდროულად, მას კვლავ მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
