უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა კონფლიქტებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრობლემატიკაზე ისაუბრა და საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ხელოვნურმა ინტელექტმა არასოდეს უნდა ჩაანაცვლოს ადამიანური განსჯა.
გენ-მდივანს ეს მორალურთან ერთად პოლიტიკურად მიუღებლად მიაჩნია.მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტი სამხედრო ფუნქციების შესრულებისას ავტონომიურობის ხარისხს ზრდის,იქნება ეს – სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება თუ სამიზნეების შერჩევა,რაც სახიფათო ტენდენციაა. პრობლემას გაერო იმაშიც ხედავს,რომ მსგავსი ტექნოლოგიური შესაძლებლობები ხელმისაწვდომია, როგორც სახელმწიფოებისთვის, ისე არასახელმწიფოებრივი შეიარაღებული ჯგუფებისთვის.
„უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეტი ინფორმაცია ყოველთვის უკეთეს გადაწყვეტილებებს არ ნიშნავს. მართალია, ტექნოლოგიას შეუძლია ხელი შეუწყოს დიალოგსა და მედიაციას, თუმცა ის ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ ურთიერთობებსა და ნდობას, რომლებზეც მშვიდობა და კონფლიქტების მოგვარებაა დამოკიდებული.დღევანდელი ომები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სამიზნეების განსაზღვრის ტექნოლოგიების გამოცდის პოლიგონებად იქცა. ალგორითმები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ძირი გამოუთხაროს ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის თანახმადაც, ძალის გამოყენებასა და ბრძოლის ველზე ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შესახებ გადაწყვეტილებას ადამიანი უნდა აკონტროლებდეს. ასევე არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მოსახერხებელ საბაბად იქცეს. როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან ან ადამიანის უფლებები ირღვევა, პასუხი არასოდეს უნდა იყოს – „ეს ალგორითმმა გააკეთა“. სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ გადაწყვეტილებებზე კონტროლი ყოველთვის ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს და ამ პროცესში საერთაშორისო სამართლისა და ეთიკური პრინციპებით იხელმძღვანელოს.კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები ლეტალური ავტონომიური იარაღის სისტემების მარეგულირებელი, სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტის შემუშავების მიზნით“- აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა,ანტონიო გუტერეშმა.
მოხსენებისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა თუ კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების გარდა, ახლა უკვე მეტად განვითარებული ხელოვნური ინტელექტისთვის შეჯიბრი საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.
