მთავარიამერიკაპერუდემონსტრანტებისა და სამართალდამცველების დაპირისპირება პერუში

დემონსტრანტებისა და სამართალდამცველების დაპირისპირება პერუში

საპროტესტო აქციები გრძელდება პერუს დედაქალაქ ლიმაში. დემონსტრანტები პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ხოსე ხერისა და კონგრესის გადადგომას ითხოვენ. ისინი მოითხოვენ იმ კანონების გაუქმებასაც, რომლებიც, მათი აზრით, ქვეყანაში კრიმინალის წამახალისებელია.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციებს ახალგაზრდული მოძრაობა „თაობა ზეტ” უწევს ორგანიზებას და მასში, პერუელი ახალგაზრდების გარდა, მონაწილეობენ სხვადასხვა პროფკავშირის წევრები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც 2022 წლიდან გაზრდილ კრიმინალს ემსხვერპლნენ.

პერუს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ხოსე ხერიმ განაცხადა, რომ  ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში კრიმინალის დასამარცხებლად. სამშაბათს, 14 ოქტომბერს, ღამით პრეზიდენტი გავიდა ქალაქის ქუჩებში, სადაც ის აქციის მონაწილეებს შეხვდა. მსგავსი რამ პერუში იშვიათია. მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დროებით მთავრობას დრო მისცენ, სანამ პერუში 2026 წლის არჩევნები ჩატარდება.

„ჩვენ გვყავს ახალი კაბინეტი. მას შეუძლია ამ გარდამავალ პერიოდში დიალოგის მეშვეობით მოაგვაროს მოქალაქეების დაუცველობის საკითხი და მართოს სახელმწიფო. მომავალ წელს კი ის ძალაუფლებას მომავალ მთავრობას გადააბარებს. არის კრიტიკაც. ეს გარდაუვალია. მაგრამ სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედება აჩვენებს, რომ ეს კაბინეტი ნამდვილად კომპეტენტურია და ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესებს. სწორედ ის შეასრულებს მნიშვნელოვან როლს, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს – დავამარცხოთ კრიმინალი“, – განაცხადა ხოსე ხერიმ.

პერუში საპრეზიდენტო კრიზისი, რომლის შედეგად, დინა ბალუარტემ პრეზიდენტის პოსტი 10 ოქტომბერს დატოვა, მას შემდეგ დაიწყო, რაც პერუში კონცერტზე მამაკაცმა დამსწრე აუდიტორიას ცეცხლი გაუხსნა. ოფიციალური მონაცემებით, იანვრიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე პერუში 6,000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პერუს მასშტაბით ასევე გაზრდილია ქურდობისა და გამოძალვის შემთხვევებიც, მსგავსი საჩივრების რაოდენობა ჯამში 28 პროცენტით გაიზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend