ათასობით პალესტინელი სახლში ბრუნდება. ჩრდილოეთისკენ გეზი მას შემდეგ აიღეს, რაც ღაზაში ცეცხლი შეწყდა. ესმით, რომ ეს გარანტირებულ მშვიდობას არ ნიშნავს, თუმცა მაინც იმედი აქვთ, რომ ეს იყო ბოლო ომი, რომელიც საკუთარი თვალით ნახეს. 2-წლიანი გამანადგურებელი ომის შემდეგ საკუთარი სახლის ამოცნობა ბევრს გაუჭირდა, თუმცა თუ დონალდ ტრამპის გეგმა ანკლავის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. ამაში მხარდაჭერას მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც გამოთქვამენ.
„ჩემი ოჯახი მელოდება, ბარგი უკვე ჩავალაგეთ, რათა სახლში დავბრუნდეთ. იმავე ტანჯვას გავდივართ, საბედნიეროდ ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მაინც დიდი შვებაა, სიკვდილითა და სისხლისღვრით მიღებული ტკივილის შემდეგ, რომელიც ჩვენი საყვარელი ადამიანებისა და ნათესავების ტანჯვის გამო მოგვადგა”, – ამბობს იძულებით გადაადგილებული პირი, ჯამალ მესბაჰი.
ისრაელელები კი უკვე ორშაბათს, 13 ოქტომბერს, ელოდებიან 20-მდე გადარჩენილ ტყვეს, რომლებიც „ჰამასსა” და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმებით სახლებში ბრუნდებიან. სანაცვლოდ, ისრაელი 250 პატიმარს გაუშვებს, მათ შორის სამუდამო პატიმრობაში მყოფ პირებს. ასევე 1700-ზე მეტ პალესტინელს, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში არ მონაწილეობდნენ.
„ძალიან რთულია იმის ყურება, რომ ტერორისტები თავისუფლები იქნებიან, ასევე იმის ყურება, რომ ტყვეების ნაწილი უკან გარდაცვლილი ბრუნდება, ეს არის ბედნიერება ტკივილით, ეს ძალიან რთულია”, – ამბობს ისრაელის მოქალაქე ლილაჩ როზენბერგ-ფრიდმენი.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა კი, უკვე გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტრამპის გეგმით გათვალისწინებულ წერტილებზე მობილიზდნენ. ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, ვიდრე ეს ძალები ანკლავს ბოლომდე არ დატოვებენ, მანამდე კი შეთანხმების სხვა პირობებია შესასრულებელი. მის დასაცავად აშშ ადგილზე 200-მდე ჯარისკაცს გზავნის. მანამდე თელ-ავივი მოუწოდებს პალესტინელებს, მოერიდონ შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებს.
„მე მოვუწოდებ ღაზის მოსახლეობას, არ მიუახლოვდნენ ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ზონებს, პატივი სცენ შეთანხმებასა და უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება”, – ამბობენ ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი გეგმის პირველი ფაზის შესრულებას ელოდება, რაც ტყვეების გათავისუფლებას უკავშირდება. მისი თქმით, ტყუის ყველა, ვინც ამბობს, რომ ტყვეების გათავისუფლება „ჰამასს” მოლაპარაკებათა მაგიდაზე თავიდანვე ედო, სინამდვილეში მათ მას შემდეგ დასთანხმდნენ შეთანხმების ამ ნაწილს, როდესაც მიხვდნენ, რომ უკვე სიკვდილის პირას იყვნენ.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უდიდეს მიღწევას აღორძინების ომში: ჩვენი ტყვეების დაბრუნებას, ცოცხლებისა და მკვდრების. ეს იყო ჩვენი ცენტრალური მიზანი, მე ამას დავპირდი ტყვეების ოჯახის წევრებსა და ისრაელის მოქალაქეებს. დაგპირდით და შევასრულე. მათ წინ რთული მისია ელით, ფსიქიკური და მენტალური გამოჯანმრთელების გზაზე, მთელი ისრაელი დაეხმარება მათ, რომ დადგნენ ფეხზე. „ჰამასი” კი შეთანხმებას მხოლოდ მაშინ დასთანხმდა, როდესაც დანა ყელზე ჰქონდა მიბჯენილი და ახლაც ასეა.
მე ვიცოდი, რომ თუ ძალით შევიჭრებოდით „ჰამასის” ბოლო ციხესიმაგრეში, ღაზაში— და იქ დაჯგუფების ყველა მართვის ცენტრს გავანეიტრალებდით, „ჰამასი” თავისი მმართველობის გადარჩენას შეეცდებოდა. და თუ ჩვენს სამხედრო წნეხთან ერთად ავამუშავებდით უზარმაზარ პოლიტიკურ წნეხს ჩვენი დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ტრამპის დახმარებით, ეს ძლიერი კომბინაცია აიძულებდა „ჰამასს” დაებრუნებინა ყველა ჩვენი მძევალი. მაშინ, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები ღრმად იქნებოდნენ შესულები ღაზის სექტორში და კონტროლს შეინარჩუნებდნენ. ახლა სწორედ ეს ხდება. ამ გზით ჩვენ შევავიწროვეთ „ჰამასი”, გეგმის შემდეგი ნაწილი კი „ჰამასის” განიარაღება და დემილიტარიზებაა.
ისრაელის მოქალაქეებმა რთული ტესტი გაიარეს, გმადლობ მათ მხარდაჭერისთვის. ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას, რომელიც შეცვლის ახლო აღმოსავლეთის სახეს. ამასთან გეტყვით, რომ ჩვენი კამპანია ჯერ არ დასრულებულა, წინ გამოწვევები და შესაძლებლობებია, რომლებსაც ერთად შევხვდებით და ერთად გავაფართოებთ მშვიდობას“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ღაზაში ომის დასრულება გამოაცხადა „ჰამასმაც”.
„ვაცხადებთ, რომ შეთანხმება შედგა. დასრულდება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომი და ცეცხლი სრულად შეწყდება. ეს გულისხმობს საოკუპაციო ძალების გაყვანას, დახმარების შემოსვლას, რაფაჰის გადასასვლელის გახსნას ორივე მიმართულებით და პატიმრების გაცვლას. შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდება 250 პალესტინელი პატიმარი, მათ შორის ის პირები, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ასევე გათავისუფლდება ღაზის სექტორიდან 1700 პატიმარი, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს“, – აცხადებს ღაზაში „ჰამასის“ ლიდერი, ხალილ ალ-ჰაია.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ნაწილია, რომელსაც მის გარდა ეგვიპტე, კატარი და თურქეთი შუამდგომლობენ. საკუთარი დიპლომატიური წარმატების აღსანიშნად აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში მალე ჩაფრინდება, მანამდე სამადლობელს მისი წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და სიძე, ჯარედ კუშნერი იღებენ, რომლებიც მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულები.
„პრეზიდენტი ტრამპისთვის ტყვეების დაბრუნება პრიორიტეტი იყო, რაზეც ბევრი ვიმუშავეთ… მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა, რომ არა ისრაელის შეიარაღებული ძალების სიმამაცე, მათ მიაღწიეს დასახულ მიზნებს არა მხოლოდ ღაზაში, არამედ გაანადგურეს „ჰეზბოლა”. ყველა თქვენგანს ჰყავს შვილები, ოჯახები, თუმცა მსხვერპლზე წახვედით, რათა ცვლილებები მოგეხდინათ. დიდი მადლობა პრემიერ ნეთანიაჰუს, ვინც უდიდესი სამუშაო გასწია. პრეზიდენტ ტრამპთან ერთად წინ ბევრი საქმეა”, – ამბობს ჯარედ კუშნერი.
„ყველაზე რთული პრემიერის საქმე იყო. ის იცავდა ქვეყანას, იღებდა რთულ გადაწყვეტილებებს. არ ვიცი, პირადად რას გავაკეთებდი ასეთ სიტუაციაში. მის გარეშე ამის მიღწევა გართულდებოდა. მან არაერთი რთული ზარი განახორციელა. შედეგად კი აქ ვართ, „ჰამასი” იძულებული გახდა შეთანხმებას დასთანხმებოდა“, – აღნიშნა ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივენ უიტკოფმა.
„ჰამასმა” და ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შეთანხმებას ხელი გუშინ, 9 ოქტომბერს, მოაწერეს, ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში გამართული რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ. სამშვიდობო გეგმის სხვა პუნქტებზე მუშაობას მხარეები პირველი ფაზის ამოწურვის შემდეგ გააგრძელებენ.
