გამანადგურებელი ომიდან 2 წლის თავზე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის პირველი ნიშნები გაჩნდა. „ჰამასსა” და ისრაელს შორის ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებები ისე დასრულდა, რომ მხარეებმა სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოაწერეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 24 საათში ანკლავში ცეცხლი უნდა შეწყდეს, 72 საათში გატაცებული ტყვეები ისრაელს დაუბრუნდეს, ამას პალესტინელი პატიმრების დაბრუნება მოჰყვება ღაზაში – შემდეგ კი ისრაელის ჯარი ანკლავს ეტაპობრივად დატოვებს.
20-პუნქტიანი გეგმა მოიცავს ბევრ კომპლექსურ საკითხს, რაზეც მხარეებს სამუშაო აქვთ. თუმცა დღეს ამაზე არავინ ფიქრობს, დღეს რეგიონში სიხარულის დღეა. ამ ამბავმა ყველაზე დიდი ბედნიერება ტყვეების ოჯახებს მოჰგვარა, სიახლე მათ შუამავალმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ამცნო და უთხრა, რომ ორშაბათს, 13 ოქტომბერს, 734-დღიანი ტყვეობის შემდეგ მათი ოჯახის წევრები სახლებს დაუბრუნდებიან.
„ამაზე მეტი რა უნდა იყოს. საოცრად ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი შვილი, ომარი სახლში დაბრუნდება. ისრაელში ახლა ყველა გარეთაა, ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი. რაც მთავარია, ბედნიერია ჩემი შვილიშვილი. რონი ამდენი ხანია, ოცნებობდა, მამა სახლში ენახა, დედას სთხოვდა ხოლმე ის მოეყვანა, ახლა კი თამამად ვეტყვით, რომ მამა ბრუნდება“, – აღნიშნავს დანი მირანი, ტყვეობაში მყოფი ომარ მირანის მამა.
ზეიმობს პალესტინაც, 2-მილიონიან ანკლავში გადარჩენილ და ამ დროის მანძილზე ლტოლვილობაში მყოფ მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედი მიეცათ. უჭირთ იმის წარმოდგენა, თუ რა შეიძლება დახვდეთ ადგილზე, რადგან „ჰამასის” სასტიკი თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ანკლავში დაწყებული მასშტაბური ომით ქალაქები და სოფლები გაანადგურა. მშვიდობის პერსპექტივა უკვე დიდი სიახლეა მათთვის, ვისაც არც კი სჯეროდა, რომ გადარჩებოდა.
„კარგი ამბავია, ალბათ ეს სიხარული ისტორიას დარჩება. დავიღალეთ. ამდენი ხანია ლტოლვილობაში ვართ და გვახარებს, რომ ეს დღეც დადგა. ეს ღმერთისგან გამოგზავნილი ხსნაა, ომის, ბომბების, დევნილობისა და სიკვდილიანობის შემდეგ. გვსურს დავუბრუნდეთ საცხოვრებლებს, შევამოწმოთ ჩვენი სახლები, ვიმუშაოთ, ქუჩაში გავიდეთ, მშვიდად დავიძინოთ“, – ამბობს ალაა აბდ რაბო, იძულებით გადაადგილებული პირი პალესტინიდან.
ამავდროულად რეგიონი დიდი სტუმრისთვის ემზადება. აშშ-ის პრეზიდენტი შაბათ-კვირას ისრაელსა და ეგვიპტეში ჩასვლას გეგმავს, რათა საკუთარი დიპლომატიური ძალისხმევის წარმატება ადგილზევე აღნიშნოს. დონალდ ტრამპს ძალიან სურს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღოს, ამიტომაც ჩქარობდა მისი გუნდი, პირველს ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული სიახლე სწორედ მათ პრეზიდენტს ეთქვა. შეხვედრის მიმდინარეობისას ფურცელზე დაწერილი წერილიც ამის ნაწილი იყო, რომელიც ტრამპს სახელმწიფო მდივანმა გადასცა. ისრაელში კარგად ესმით, რომ ამერიკელი პრეზიდენტის ლოიალობისა და მისი მცდელობების გარეშე გართულდებოდა. უშიშროების კაბინეტისა და მთავრობის სხდომამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს მადლობა არაერთხელ გადაუხადა.
„ჩვენ მივაღწიეთ ამ ისტორიულ მომენტს, პრეზიდენტი ნეთანიაჰუს ძალისხმევითა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ბრძოლის შედეგად – ასევე დიპლომატიური სამუშაოს დამსახურებით. ესაა ეროვნული და მორალური გამარჯვება ისრაელის სახელმწიფოსთვის. ჩვენმა ძალისხმევამ „ჰამასი” მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოიყვანა და არ დავისვენებთ, ვიდრე თითოეულ უდანაშაულო ტყვეს სახლში არ დავაბრუნებთ. პრეზიდენტი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს ამ შედეგისთვის – ლიდერებმა უკვე მიულოცეს ერთმანეთს, ისინი შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე. ისრაელის დროით 5 საათზე უშიშროების კაბინეტი შეხვდება, რის შემდეგაც, 24 საათში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება, ამის შემდეგ ისრაელის შეიარაღებული ძალები გადაინაცვლებენ რუკებზე მითითებულ ყვითელ ზონაში. ამ 24-საათიანი პერიოდის შემდეგ კი გაიხსნება 72-საათიანი ფანჯარა, როდესაც თითოეული ტყვე ისრაელში დაბრუნდება”, – ამბობს შოშ ბედროსიანი, ისრაელის მთავრობის სპიკერი.
„დიდი დღე პალესტინისთვის” – ასე აფასებს ვაშინგტონი მომხდარს, მასთან ერთად კი მთელი მსოფლიოც. საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის ორივე მხარისათვის სამართლიანი მიდგომის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. მითუმეტეს ახლა, როდესაც 10-მდე ქვეყანამ სექტემბერში, გაეროს სხდომაზე პალესტინის აღიარებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა.
გარღვევად აფასებს მომხდარს ბრიუსელი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს მხარეებს, ზედმიწევნით შეასრულონ შეთანხმების პირობები. ფრანგმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ მზადაა, ძალისხმევა გაწიოს მშვიდობის მისაღწევად საჭირო ყველა პროცესში, პარიზს უერთდება ლონდონიც. შეთანხმებას მიესალმა თურქეთის პრეზიდენტიც, თუმცა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არ ავიწყდება არც ის ბრძოლა, რომელიც წინაა და რომელიც პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს უკავშირდება.
„ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით შეთანხმების განხორციელებას. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში სრულფასოვანი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს, უზრუნველყოფილი იყოს ტყვეების გაცვლა და ისრაელის მხრიდან კი ცეცხლის შეწყვეტა, ასევე განსაზღვრულ არეალში ჯარების გაყვანა”, – აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტი.
„პალესტინა და ისრაელი წინ მიიწევენ სამშვიდობო გეგმის განხორციელების კუთხით. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი პალესტინის უდიდესი მხარდამჭერია, ასე რომ მზად ვართ დახმარებისთვის პალესტინის რეკონსტრუქციის საქმეში. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს”, – თქვა სპიკერმა, პაულა პინიომ ევროკომისიის სახელით.
„მე მტკიცედ მივესალმები სიახლეს. შედგა შეთანხმების პირველი ფაზა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა შეიმუშავა. ეს ღრმა შვებაა, განსაკუთრებით ტყვეებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე ღაზის მოსახლეობისა და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ პარტნიორებთან ვიმუშავებთ, რომ ეს შეთანხმება გაჭიანურების გარეშე განხორციელდეს. მადლობას ვეტყვი აშშ-ის პრეზიდენტს, კატარს, ეგვიპტესა და თურქეთს ამ მოლაპარაკებებში გაწეული შრომისთვის. გეგმის შემდგომ ეტაპებზე დიდი ბრიტანეთი მზადაა დახმარებისთვის”, – თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.
ვიდრე ცეცხლი ძალაში შევა, „ჰამასი” ისრაელისგან ელოდება იმ პატიმრების სიას, რომელიც ისრაელელი ტყვეების სანაცვლოდ უნდა მიიღოს. მათ შორის არიან სამუდამო პატიმრობაში მყოფი მძიმე დამნაშავეებიც, რაც თელ-ავივის განცხადებით, რთული, თუმცა ახლა საჭირო ნაბიჯია.