5 ოქტომბერს სირიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ამბოხებულებმა ქვეყნის ავტოკრატი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს.
წინასაარჩევნო პროცესი ქვეყანაში არასტანდარტულად წარიმართა. ქუჩებში არ ყოფილა გამოკრული საარჩევნო ბანერები და არაფერი მიუთითებდა იმას, რომ ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. სირიის ზოგიერთ მოქალაქეს ამაზე ინფორმაციაც კი არ ჰქონია.
საპარლამენტო არჩევნები სრულყოფილად ვერ ჩატარდა, რადგან დამასკოს მთავრობას ქვეყნის ტერიტორიაზე სრული კონტროლი ჯერ არ მოუპოვებია. კონფლიქტის გამო არჩევნები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სუვაიდის პროვინციასა და ქურთების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.
არჩევნების შედეგად, 210-წევრიანი სახალხო ასამბლეა ჩამოყალიბდება. ორი მესამედი საარჩევნო კოლეგიის მიერ იქნება არჩეული, ხოლო ერთ მესამედს სირიის დროებითი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა აირჩევს. ახალი პარლამენტი 30-თვიანი ვადით იმუშავებს და ქვეყანას მომავალი არჩევნებისთვის მოამზადებს.
სპეციალისტები სირიის საპარლამენტო არჩევნების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. მათი თქმით, ეს არჩევნები დემოკრატიულ პროცესს ვერ უზრუნველყოფს და საარჩევნო კოლეგიამ შესაძლოა უპირატესობა დროებითი მთავრობის წევრებთან დაახლოებულ კანდიდატებს მიანიჭოს.

სირიის სახალხო ასამბლეის არჩევნების უმაღლესი კომიტეტის წარმომადგენელი, ნავარ ნიჯმეჰი არ უარყოფს იმას, რომ პროცესი სრულყოფილი არ არის, თუმცა დასძენს, რომ ამ ეტაპზე ეს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმია.
„საპარლამენტო არჩევნები მოქალაქეების პირდაპირი მონაწილეობით ტარდება, მაგრამ პროცესი იდეალური, რა თქმა უნდა, ვერ არის რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზი სირიული საზოგადოების დემოგრაფიული სტრუქტურა, ასევე სირიის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობაა. ასევე, არ არსებობს სირიელების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს არჩევნებში მანიპულირება. ამრიგად, ჩვენ არ ვიძლევით ამ არჩევნების სამართლიანობისა და სანდოობის გარანტიას. გადავწყვიტეთ სხვა მექანიზმის გამოყენება, რომელსაც ნაწილობრივ აშშ-შიც მიმართავენ. ეს მექანიზმი შესაძლოა არაა სამაგალითო, მაგრამ ამჟამად ყველაზე რეალისტურია“, – აცხადებს სირიის სახალხო ასამბლეის არჩევნების უმაღლესი კომიტეტის წარმომადგენელი, ნავარ ნიჯმეჰი.
სირიის პარლამენტში ქალებისა და უმცირესობებისთვის დადგენილი კვოტა არ არსებობს, თუმცა დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ საკითხს სერიოზულად ეკიდება და პარლამენტის მრავალფეროვნებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
სირიის დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას თქმით, პარლამენტში მანდატების ერთი მესამედის არჩევისას სწორედ ამ კრიტერიუმით იხელმძღვანელებს.

აჰმედ ალ-შარაა საარჩევნო უბნებს პირადადაც ეწვია და პროცესის მიმდინარეობას დააკვირდა. ჯერჯერობით საპარლამენტო არჩევნების შედეგები უცნობია. წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, 6 ან 7 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

