საფრანგეთის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ გადადგა. გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე მან მთავრობის ახალი კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა, რომელიც მეტწილად ძველი სახეებით იყო დაკომპლექტებული.
პარლამენტის ოპოზიციური ფლანგი ამას მძაფრი კრიტიკით შეხვდა, რადგან საფრანგეთში არსებული ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონის მიერ დანიშნული პრემიერისგან მეტს ელოდნენ.
შესაბამისად, ახალი მთავრობისთვის ნდობას გამოცხადება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ეს კი ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს. ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ლეკორნუს მოთხოვნა გადადგომის თაობაზე უკვე დააკმაყოფილა.
„პრემიერ-მინისტრობა რთული ამოცანაა, ახლა ეს კიდევ უფრო რთულად გამოიყურება. ვერ იქნები პრემიერ-მინისტრი იმ შემთხვევაში,თუ ამისათვის საჭირო პირობები არ შესრულებულა,შესაბამისად ჩემი ფუნქციების შესრულებას ვერ გავაგრძელე. უკვე სამი კვირაა ვებრძვი კონკრეტულ პირობებს, რის ფარგლებშიც შევძლებდით საფრანგეთისთვის ბიუჯეტის მიღებას. კონსულტაციების დროს რჩებოდა შთაბეჭდილება რომ ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს,მოჰყვებოდა უკან სვლა. მე მზად ვიყავი კომპრომისებისთვის, თუმცა თითოეული პოლიტიკური პარტია საკუთარი პროგრამის მიღებას ითხოვდა. თითოეული პოლიტიკური პარტია იქცეოდა ისე, თითქოს საკუთარი უმრავლესობა ჰყავდა პარლამენტში”, – აღნიშნა ლეკორნუმ ბრიფინგზე.
მმართველი პარტის მთავარი ოპონენტები პოპულისტური „ეროვნული გაერთიანებიდან“ მარი ლე პენი და ჯორდან ბარდელა მოუწოდებენ, საფრანგეთის პრეზიდენტს დაითხოვოს ეროვნული ასამბლეა. ამ შემთხვევაში ქვეყანას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა მოუწევს.
ჯერ უცნობია, რა ალტერნატიული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი. პოლიტიკური კრიზისი საფრანგეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუსმა ბიუჯეტის პროექტზე მხარდაჭერა პარლამენტში ვერ მოიპოვა. მისი შემცვლელი 1 თვის წინ სწორედ ლეკორნუ გახდა, ვისმა გადადგომამაც უკვე მოახდინა ნეგატიური ეფექტი ფრანგულ საფონდო ბირჟებზე.