4 ოქტომბერს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები და ქუჩის პროტესტი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. ბრიუსელში ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში. დიპლომატების შეფასებით, დამატებითი პრობლემა არის, როგორც ამბობენ „რეპრესიული კანონმდებლობა“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ სამართლებრივი წინააღმდეგობის გარეშე მიიღო:
„დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმამ, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო…
ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას.
აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ.
ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმას ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ“.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ბრიფინგით გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი. ის ამბობს, რომ ინსტიტუტი გმობს ნებისმიერი ფორმის ძალადობას, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის. მისივე განმარტებით, საქართველოს ევროინტეგრაცია დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლების ნაბიჯებზე:
„საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს რუსულ პროპაგანდას. ეს არის სახელმძღვანელო, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას, თავდასხმას ჩვენს ელჩზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ყველა მხარისგან. ევროკავშირი ყოველთვის მოუწოდებდა მშვიდობიანი პროტესტისკენ, მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ, როგორც ზოგადი უფლებისკენ და ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას. ეს არის განცხადება ამ საკითხზე“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სანდოსა და თავისუფალს არ უწოდებენ საქართველოს სხვა ევროპელი პარტნიორებიც. მიზეზებად დასახელებულია იგივე საკითხები, რაც კენჭისყრის დღემდე – ეუთო/ოდირის არყოფნა და ოპოზიციონერი ლიდერების პატიმრობა.
„სამწუხარო დღე საქართველოს დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირს არ მიეცა შესაძლებლობა, დაჰკვირვებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რეკომენდაციები არ შესრულდა. გამოყენებულია ძალადობრივი მეთოდები. რეპრესიული კანონები და ოპოზიციონერი ლიდერების პატიმრობა კიდევ უფრო მეტ უნდობლობას იწვევს საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე.
„არჩევნები, რომელშიც ოპოზიციონერი ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება დევნის სამიზნე გახდა, არ იყო უზრუნველყოფილი ეუთო/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლებით, ვერ შეფასდება ვერც თავისუფლად და ვერც დემოკრატიულად. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა დაკავებული. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან ინკლუზიური დიალოგისკენ“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე ვრცელდება.
ევროპის ქვეყნების განცხადებებს მმართველი პარტია პასუხობს. ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კახა კალაძე მარტა კოსისა და კაია კალასის განცხადებას ასე ეხმაურება:
„ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ერთი რამ უნდა გაიგოთ თქვენ – ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არიან რიგითი მოქალაქეები, ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაც კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან… ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი“.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი კი ამბობს, რომ „ბრიუსელის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის თავზე ნაცრის წაყრა“:
„სამწუხაროდ, ბრიუსელის მხრიდან ეს განცხადებები „გაფუჭებულ მაგნიტოფონს“ ჰგავს, როცა კასეტა ჩაიხვევს და მისი ჩართვა რამდენჯერაც არ უნდა სცადო, განსხვავებულ სიტუაციაში, განსხვავებულ კონტექსტში ერთსა და იმავეს იმეორებს. თავზე ნაცრის წაყრას და რადიკალურ ოპოზიციაზე თავზე ხელის გადასმას რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებენ, ქართველ ხალხთან მისასვლელ გზას მით მეტად დაიგრძელებენ. ამიტომ არჩევანი მათზეა…“
საქართველოში განვითარებული პროცესები ერთ-ერთ მთავარ ამბად იქცა რუსულ სახელმწიფო მედიაში. კრემლის მიერ კონტროლირებადი არხების მტკიცებით, თბილისში გამართული საპროტესტო აქცია იყო ე.წ. „დასავლელი გლობალისტების“ მცდელობა, მოვლენები „ფერად რევოლუციაში“ გადაეზარდათ.
შეფასებების თვალსაზრისით, აქტიური იყო რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი. მათ შორის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში კირილ დმიტრიევი. პლატფორმა X-ზე მან საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული პროცესი „მემარცხენეებსა და გლობალისტებს“ დააბრალა.
სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ პროტესტის მონაწილეები „პროევროპულ უმცირესობად“ მოიხსენია, დასავლეთი კი ე.წ. „მაიდანის მეთოდების“ ხელახლა გამოყენებაში დაადანაშაულა:
„მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მოწინააღმდეგეებს აღმაფრთოვანებელი უპირატესობით უსწრებს მისი ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ამჟამინდელი მერი, კახა კალაძე, რომელიც ცნობილია ზელენსკის რეჟიმის ხისტი კრიტიკით. ეს იქცა ახალი ქუჩის პროტესტის საბაბად ვითომდა „პროევროპული უმცირესობისთვის“, რომელსაც საკუთარ გეოპოლიტიკურ თამაშებში ბრიუსელის რუსოფობები იყენებენ.
როგორც ეს ათ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში მოხდა: კვლავ არეულობა, კვლავ შტურმი სამთავრობო რეზიდენციებზე, კვლავ კოცონები. კოლექტიური დასავლეთის „მაიდანის მეთოდები“ არ ძველდება. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ პოლიტიკური გაკვეთილების სწავლა შეუძლია და გადაჭრით მოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად“.
ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ცესკოს გამოცხადებული შედეგები, კვლავ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი, ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები ინკლუზიური დიალოგისკენ და „ქართული ოცნების“ მოლოდინი ურთიერთობების გადატვირთვისთვის – ასეთია ქვეყანაში არსებული სურათი 4 ოქტომბრის შემდეგ, გრძელვადიან ჭრილში პროცესების განვითარების ხედვა კი ბევრისთვის ისევ ბუნდოვანი რჩება.