კატეგორიები

მზადება დიდი ომისთვის?!

მზადება დიდი ომისთვის?!

რუსეთი ნატოს ქვეყნებს სამ რეგიონში ესაზღვრება. ეს არის შორეული აღმოსავლეთი, სადაც მას აქვს საზღვაო საზღვარი აშშ-სთან; შავი ზღვა, რომელზეც გასასვლელი აქვს თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს; მას ასევე აქვს  სახმელეთო საზღვარი შემდეგ ქვეყნებთან – ნორვეგიასთან, ფინეთთან, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასა და პოლონეთთან – კალინინგრადთან. მთლიანობაში სახმელეთო საზღვრის მანძილი დაახლოებით 2500 კილომეტრია.

შეიარაღებული ძალების რაოდენობას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბალტიის ქვეყნებს ჯამში დაახლოებით 34 ათასი სამხედრო ჰყავს. ფინეთი გამორჩეულია მრავალრიცხოვანი რეზერვით, აქტიური სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობით კი  პოლონეთია პირველ ადგილზე, ასევე ცნობილია, რომ ვარშავა ლიდერია ევროპის მასშტაბით მშპ-სთან მიმართებით ყველაზე მეტი დაფინანსებით, რომელსაც ის  თავდაცვის მიზნით იყენებს.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი. სამხედრო ანალიტიკურ გამოცემებში აღნიშნულია, რომ კონცეფციურად რუსეთი სახმელეთო იერიშებს ანიჭებს უპირატესობას. აქედან გამომდინარე, სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობა უფრო მეტად ბალტიისპირეთის მიმართულებითაა მაღალი.

სწორედ ამ გაზრდილი რისკების გამო ნატომ აღმოსავლეთით მასშტაბური წვრთნები დაიწყო. უახლესი მანევრები ძალების სწრაფად გადაყვანას გულისხმობდა. ამაზევე მეტყველებს გაზრდილი დაფინანსება სამხედრო ინდუსტრიისთვის. „რაინმეტალი“ მნიშვნელოვან ახალ ქარხნებს სწორედ აღმოსავლეთ ევროპაში ხსნის. ექსპერტთა შეფასებით, ამ დროისთვის ევროპაში სამხედრო წარმოება არ არის მასშტაბური  და ამ მხრივ კვლავ რუსეთი ლიდერობს, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური თვალსაზრისით ევროპის თავდაცვაზე მეტი იხარჯება. უბრალოდ დროის ფაქტორია ამ ტემპის დაჩქარება.

რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომშია ჩართული. დრონებით ინციდენტი გააქტიურდა რუსეთ-ბელარუსის სამხედრო სწავლების პარალელურად. რუსული დრონები კონკრეტულად აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გამოვლინდა და აღსანიშნავია, რომ ყველაზე მასშტაბური ინციდენტი პოლონეთს უკავშირდება. დრონების გარდა რუსული გამანადგურებლებიც გამოჩნდნენ, მაგალითად, ესტონეთის საჰაერო სივრცეში. სწორედ ამ ინციდენტების გამო დაგეგმა ნატომ მნიშვნელოვანი სწავლება „ბალტიის მცველი“.  შესაბამისად, ექსპერტების აზრით, ნატო ახლა უფრო მეტად იქნება მზად, გაანადგუროს საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტები. „დრონების კედელი“ კი არის კონცეფცია, რომელიც მოიცავს  საჰაერო თავდაცვის მრავალშრიან სისტემაში დრონების საწინააღმდეგო სენსორებს, აღმომჩენსა და გასანადგურებელ საშუალებებს. და ბოლოს,  ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ  ამ ეტაპზე კონფლიქტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უკრაინის ომის დასრულებამდე ნაკლებად სავარაუდოა.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფინური ანალიტიკური ორგანიზაცია Black Bird Group-ის სამხედრო ექსპერტმა ემილ კასტეჰელმიმ ისაუბრა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები