კატეგორიები

„ჯანსაღი დაბერება“

„ჯანსაღი დაბერება“

„ჯანსაღი დაბერება“ – ეს ტერმინი და იდეა განვითარებულ ქვეყნებში უკვე წლებია, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს იდეა ხანდაზმულებისთვის ნიშნავს, რომ თავი მარტოდ არ იგრძნონ, ერთმანეთი არ დაკარგონ, დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვნები არიან ოჯახებისთვის, საზოგადოებისთვის, ერთმანეთისთვის. რომ არ შეწყვიტონ განათლება, ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბედნიერების განცდა.

იდეა შთამბეჭდავია, თუმცა რეალურად არც ისე მარტივი. საქართველოში ხანდაზმულები ხშირად ჩივიან სიდუხჭირეზე, საკვებისა თუ მედიკამენტების ფასზე, ჯანდაცვისა თუ გამაჯანსაღებელ სერვისებზე, რომლებზეც ხელი არ მიუწვდებათ. ამ ფონზე კი „ჯანსაღი დაბერების“ იდეაზე ფიქრი მართლაც რთულია, თუმცა წლების წინ სწორედ ამ იდეისთვის მაინც გამოინახა თბილისში სივრცე. 60+ კლუბი, უკვე რამდენიმე წელია ხანდაზმულებს უამრავ მომსახურებას სთავაზობს.

„ბევრი ქალბატონი გავიცანი, რომლებიც სულ შინ ისხდნენ და არიან მარტოხელებიც. ისეთებიც, რომლებმაც შვილები, შვილიშვილები უკვე გაზარდეს და სხვა ატმოსფერო სჭირდებათ. ეს კლუბი ძალიან ეხმარება ამ ადამიანებს. იმიტომ, რომ ყველა გამოდის უკვე გარეთ, სილამაზეზეც ფიქრობენ. ვერც კი შეამჩნევთ, რომ 70-80 წელზე მეტის არიან. ცოტა ხნის წინ ვარძიაშიც ვიყავით და ყოჩაღ ჩვენ“, – ამბობს ცისანა მიქაბერიძე.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივაა, იმისთვის, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანების ცხოვრების ხარისხი არ გაუარესდეს.

„ეს ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამაა, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს უკვე და ძალიან წარმატებით. ჩვენ გვიან დავიწყეთ, მაგრამ უკვე წარმატებით. ჯანსაღად დაბერებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი სოციალური პროექტია, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გაჯანსაღებასა და მათი ცხოვრების მრავალფეროვნებას უწყობს ხელს“, – ამბობს „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორი, ნინო ანჯაფარიძე.

„ძალიან ბევრი ასაკოვანი გვყავს და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება წლების განმავლობაში. ეს, ერთი მხრივ, გამოწვევაა, რადგან უნდა იყოს მორგებული, შესაბამისად, სოციალური სისტემები აწყობილი იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ჯეროვნად მათ საჭიროებებს, მაგრამ ამავდროულად არის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ შევძლოთ, 60-65 წლის ადამიანები უკან ჩავრთოთ შრომის ბაზარზე“, – აღნიშნავს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მარიამ ბანძელაძე.

გაეროს მოსახლეობის ფონისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ერთობლივი 2022 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანაში – საქართველოში, სერბეთში, აზერბაიჯანში, ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კოსოვოში გამოკითხულ ხანდაზმულთა 80-მა პროცენტმა თქვა, რომ მარტოობას განიცდის. მათი მეხუთედი კი ამ პრობლემას მწვავედ აღიქვამს.

უფრო მეტიც, ამ კვლევის მიხედვით, ხანდაზმულები ხშირად თავს ოჯახის წევრებისგან გარიყულად გრძნობენ და არ აქვთ საკმარისი სოციალური კავშირები, რაც მათი ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.

„რადგან საზოგადოება იცვლება, რეგიონსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვხედავთ, რომ იზრდება რაოდენობა იმ ხანდაზმული ადამიანების, რომლებსაც მარტო ცხოვრება უწევთ. საქართველოს შემთხვევაში ვიცით, რომ 2030 წლისთვის მოსახლეობის თითქმის 20% ხანდაზმული იქნება. ეს საკმაოდ დიდი პროცენტია. ამ ჯგუფის საჭიროებები და მოთხოვნილებები განსხვავდება დასაქმებული ან ახალგაზრდა ადამიანების საჭიროებებისგან და ამრიგად, აუცილებელია მრავალმხრივი ინიციატივები პოლიტიკისა და ჯანდაცვის სისტემის შესაცვლელად, რათა ხანდაზმულთა საჭიროებებზეც იყოს მორგებული. ასევე აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც ისინი შეხვედრას, დროის გატარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას მოახერხებენ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ გონებასა და სხეულზე, ორივეზე“, – ამბობს UNFPA-ს საქართველოს ოფისის დირექტორი, მარიამ ხანი.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიხედვით, ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ჯანმრთელობის დაცვის, ჯანსაღი კვების, განათლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წყალობით. ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია, თუმცა ამ სერვისებზე საქართველოში ხანდაზმულთა დიდ ნაწილს ხელი კვლავ არ მიუწვდება.

თემქის მედიათეკაში გახსნილი 60+ კლუბი კი არის იმედი, რომ ერთ დღეს აქაც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი ის სიკეთეები, ის თანამედროვე მიდგომები და სტანდარტები, რომლებსაც აქ, ამ სივრცეში სთავაზობენ ბენეფიციარებს ისე, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია.

ავტორი: ანა ალელიშვილი

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები