მთავარისაქართველო4 ოქტომბერი ორი პოლიტიკური პერსპექტივით

4 ოქტომბერი ორი პოლიტიკური პერსპექტივით

4 ოქტომბერი – ერთი თარიღი ორი განსხვავებული პოლიტიკური მოლოდინით. პოლიტიკურ ძალთა ერთი მხარე, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ნაწილის ჩართულობით, თვითმმართველობის არჩევნებისათვის ემზადება. ოპოზიციის მეორე ნაწილი, სამოქალაქო სექტორი და უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეები კი „ქართული ოცნების“ მმართველობის ე.წ. „მშვიდობიანი დამხობისთვის“. დაანონსებული აქციის თანაორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ მშვიდობიან ფორმებს გამოიყენებენ ამ დღეს ხელისუფლების შესაცვლელად, რადგან მათივე თქმით, ძალადობა მხოლოდ რუსეთს და მის მიერ მართულ რეჟიმს სურს საქართველოში.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები, შეაჩეროს ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული უკანონო სამართლებრივი აქტების მოქმედება და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში დანიშვნის შესახებ, შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფით.

„თავისუფლების მოედანი“, როგორც დემოკრატიული წინააღმდეგობისაგან წარმოშობილი პარტია, ყოველთვის იყო სამართლიანი პროტესტის მონაწილე და ლიდერი. ამიტომ, როგორც აქამდე ვიყავით საერთო წინააღმდეგობის ერთგული, ისევე ვიქნებით 4 ოქტომბერსაც და ბოლომდე, სანამ არ ასრულდება ჩვენი საერთო მიზანი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენა“, – განაცხადა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს აქცია მისი სახელწოდებებიდან გამომდინარე, ძალადობრივი იქნება და შესაძლო რადიკალიზმს, სახელმწიფო შესაბამისად დაუპირისპირდება. მშვიდობიანი დემონსტრაციის შემთხვევაში კი მოქალაქეებს მოუსმენენ, თუმცა თავიანთ კურსს კვლავ გააგრძელებენ.

„ყველას მოვუწოდებ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, ნუ ეთამაშებიან სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს არ არის 90-იანების საქართველო, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და თუ ვინმეს სურვილი ექნება, რომ რაიმე ტიპის ძალადობას მიჰყოს ხელი, იგი ჩანასახშივე აღიკვეთება. რაც უფრო ახლოვდება მათ მიერ დაანონსებული 4 ოქტომბერი, თავიანთ რეალურ სახეს აჩენენ. აქ მშვიდობიანზე ლაპარაკი ზედმეტია. როდესაც საუბარია დამხობაზე, რა თქმა უნდა, დამხობა და რევოლუციები თავისთავად მოიცავს ძალადობრივ გზებს“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა.

„ჩვენ 4 ოქტომბერს არ ვიქნებით წარმოდგენილი ამ აქციაზე. ჩვენთვის 4 ოქტომბერი არის ცვლილების დაწყება თვითმმართველობის რიგებიდან, ეს არის მშვიდობიანი ფორმით ბრძოლა და ეს არის, რა თქმა უნდა, არჩევნები. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა, რომ რეალურად დაიწყოს ცვლილება თვითმმართველობის რიგებიდან. ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი რადიკალური, ძალადობრივი სცენარის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს აძლიერებს „ოცნების“ რეჟიმს და საბოლოოდ ეს წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე.

ასევე დაუშვებელია რუსთაველზე არსებული წრფელი ემოციებისა და ძალისხმევის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება”, – აცხადებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ტატა ხვედელიანი.

ოპოზიციის ის ნაწილი კი, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, კვლავ აცხადებს, რომ პოლიტიკური ცვლილებები მშვიდობიანად, მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი. მათივე თქმით, ისინი ემიჯნებიან დაანონსებულ საპროტესტო აქციასა და ყოველგვარ რადიკალიზმს.

ოთხ ოქტომბერს საქართველოში გაიმართება ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები, თვითმმართველი ქალაქების მერებსა და საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ. არჩევნების პარალელურად პოლიტიკურ პარტიათა და მოქალაქეთა ნაწილი, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს, მათივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „მშვიდობიანად დამხობის“ მოტივით. ოთხ ოქტომბრამდე 3 დღე დარჩა.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend