მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია.
მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალურ გვერდზე ასევე ნათქვამია, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ანტონიო გუტერეშმა მიხეილ ყაველაშვილს უთხრა, რომ საქართველომ „დიდ ზეწოლას გაუძლო“.
„შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რისთვისაც გაეროს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაგვიხადა და განაცხადა, რომ საქართველომ ძალიან დიდ ზეწოლას გაუძლო“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
