კატეგორიები

აშშ-ში ვიზიტის შეჯამება და პოლიტიკური შეფასებები

აშშ-ში ვიზიტის შეჯამება და პოლიტიკური შეფასებები

საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველ საერთაშორისო მასშტაბის გამოსვლას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომათა დარბაზიდან თავად მეექვსე პრეზიდენტი წარმატებულად აფასებს. შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში თქვა, რომ გაეროს ტრიბუნიდან სწორად ისაუბრა და საქართველო ღირსეულად წარადგინა. აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თბილი მისალმებისას მას საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვისკენ მოუწოდა და ახლა ტრამპის ზარს ელის, რისი დაპირებაც მისივე თქმით, თავად აშშ-ის პრეზიდენტისგან მიიღო.

„ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, არაერთმა ლიდერმა ისაუბრა ღირებულებებზე. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა. ღირებულებებს, რომლებსაც ის შეეხო, ჩვენ ამ პრინციპებს ვიცავთ. ეს ეხებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს, კულტურის დაცვას, საკუთარი ქვეყნების პირველ ადგილზე დაყენებას და ყველას მოუწოდებდა, რომ თავიანთ ქვეყნებს მიხედონ, ჩვენ უკვე დიდი ხანია ეს პროცესი დაწყებული გვაქვს. ის ასევე შეეხო ოჯახისა და რწმენის თემას, რომელსაც იცავს ჩვენი ქვეყანა.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მყარად იყვნენ. ალბათ საზოგადოებას აინტერესებს ვახშამი, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა. მე მას განვუცხადე, რომ დროა ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს, დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება, დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

რუსული ნარატივები ზოგად მშვიდობაზე და კვაზი ტრადიციული ღირებულებები – ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაეროში მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას. მათი თქმით, ყველაზე სამწუხარო მის გამოსვლაში საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის, როგორც ოკუპანტის ვერ ან უარეს შემთხვევაში, არ ხსენება იყო.

„გუშინდელი გამოსვლა ქართველი ხალხის სახელით რეჟიმის მსახურ ყაველაშვილის კიდევ ერთხელ აჩვენებდა იმ დიდ საფრთხეს, რომელსაც რეჟიმი უქმნის არაღიარების პოლიტიკას… იმ სამშვიდობო პოლიტიკას მათ შორის, რითაც ქვეყანა მშვიდობიანად უნდა გაგვეერთიანებინა და ამის ნათელი დადასტურება არის, ერთის მხრივ, რუსეთის სახელის გაქრობა ოკუპაციასთან, რაც პირველად მოხდა „ქართული ოცნების” მმართველობის წლებში, როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან რუსეთი საერთოდ არ ახსენა ყაველაშვილმა, რაც კიდევ უფრო ასუსტებს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას”, – აცხადებს პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია.

ექვსდღიანი ვიზიტისას ნიუ-იორკში ქართულმა მხარემ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბერს დასრულდა.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები