„„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება” – წერია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს.
ამავე განცხადებაში წერია, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.
„ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებასა და არჩევნებზე დაკვირვებას.
საია გააგრძელებს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
„2025 წლის ადგილობრივ არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით“ ვერ დააკვირდება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც.
არჩევნებს არ დააკვირდება ეუთო/ოდირის მისიაც.
