პოლონეთში რუსული დრონების შეჭრამ ნათელი გახადა NATO-ს სამხედრო ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებს უკავშირდება. შედეგად, აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები უკვე მიმართავენ გარკვეულ ზომებს თავიანთი საზღვრების გასაძლიერებლად.
საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ნაგებობების გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნები უპილოტო საფრენი აპარატების პოტენციური თავდასხმის შესაჩერებლად ე.წ. დრონების კედლის მოწყობასაც აპირებენ.
უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის რუსეთის მეზობელ ქვეყნებში გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის, ესტონეთისა და რუსეთის საზღვარზე ესტონეთის ხელისუფლება ახალ სასაზღვრო ღობეს, ტანკსაწინააღმდეგო თხრილებსა და ბუნკერებს აშენებს.
„ჩვენ მნიშვნელოვან პოზიციებთან ახლოს ვათავსებთ მე-4 კლასის რაც შეიძლება მეტ მასალას, როგორებიცაა ე.წ. დრაკონის კბილები, მავთულხლართები, ბეტონის ბლოკები. როგორც იცით, ესტონეთში მიწების უმეტესობა ჩვენი არ არის. ამიტომაც ძალიან რთულია ამის გაკეთება მშვიდობიან დროს“, – აცხადებს ესტონეთის არმიის საინჟინრო მეთაური აინარ აფანასიევი.
თუმცა ეს თავდაცვითი ზომები ვერ შეაჩერებს ალიანსის წინაშე მდგარ უშუალო საფრთხეს, დრონებსა და ელექტრონულ ომს. პოლონეთში დაახლოებით 20 რუსული დრონის შეჭრის შემდეგ უფრო მეტად მიაქციეს ყურადღება NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებს.
„დრონები კოღოები არ არიან, ამიტომ შეუძლებელია, გქონდეთ რაიმე ელექტრონული კედელი, რომლითაც შეგიძლიათ შეაჩეროთ. დრონები ძალიან დახვეწილია. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის დრონი. არსებობს სადაზვერვო და სათვალთვალო და მრავალროტორიანი დრონები. არსებობს „შაჰიდისა“ და „რიპერის“ ტიპის დრონები, რომლებიც ძალიან მაღალ სიმაღლეზე მოქმედებენ. უნდა გავიაზროთ, რომ ამ დრონების წინააღმდეგ ბრძოლას ძალიან კომპლექსური მიდგომა სჭირდება“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ალიანსს შეუძლია, ამოიცნოს სარაკეტო საფრთხეები, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ დრონებთან გამკლავება არც ისე მარტივია.
„როდესაც ვსაუბრობთ დაბალი სიმაღლის აღმოჩენის შესაძლებლობებზე, ვგულისხმობთ, რომ ამ მხრივ NATO-ს ყველა ქვეყანას აქვს ხარვეზი. პოლონეთის ინციდენტით ვნახეთ, რომ დრონების უმეტესობა ვერ აღმოაჩინეს. ეს არის რეალური პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ. სწორედ ამიტომ უკვე მოვაწერეთ ხელი რამდენიმე კონტრაქტს. ამ მიზეზით ვგეგმავთ დამატებით ზომებსაც, რადგან ეს უნდა იყოს მრავალშრიანი და ინტეგრირებული სისტემა აკუსტიკური სენსორებით, დაბალი და მაღალი სიმაღლის რადარებით. ეს არის კომპლექსური ზომები“, – აცხადებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური.
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის – NATO-ს ბალტიისპირეთის ფრონტის ხაზის – სამხედრო და თავდაცვის წარმომადგენლებმა Associated Press-ს განუცხადეს, რომ დრონებისგან დაცვა მოითხოვს ტექნოლოგიური, ფინანსური და ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებას.
