მოლდოვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციის დიდი ტალღის წინაშე დგას.
არჩევნებმა, რომელიც 28 სექტემბერსაა ჩანიშნული, უნდა განსაზღვროს, გააგრძელებს ქვეყანა ევროკავშირისკენ სვლას, თუ მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდება.
კენჭისყრამდე კვირაზე ნაკლები რჩება და არაერთი ორგანიზაცია ახლა კრემლთან დაკავშირებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის კამპანიებზე საუბრობს. მიზანი ერთია – შემცირდეს პროევროპული „ქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მხარდაჭერა.
მკვლევრები ამბობენ, რომ ეს კოორდინირებული კამპანიები რუსეთის გავლენის ოპერაციების ახალი ეტაპია. ეს კამპანიები ახალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს: ყალბი ვებსაიტები დასავლურ მედიას ჰბაძავენ, ქირაობენ ე. წ. „ჩართულობის ფერმებს“, AI ბოტები კი წერენ კომენტარებს, რომლებიც მმართველი პარტიისა და ევროკავშირის დისკრედიტაციას ემსახურება.
როგორც მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ამბობს, 28 სექტემბრის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი კენჭისყრა იქნება. შედეგები კი გადაწყვეტს, გახდება მოლდოვა სტაბილური დემოკრატია, თუ რუსეთი ქვეყნის ევროპული გზიდან გადაყვანას შეძლებს.

ორგანიზაცია Reset Tech 2022 წლიდან აკვირდება იმ ციფრულ საფრთხეებს, რომლებიც დემოკრატიის წინაშე დგას და რუსეთის გავლენის ოპერაციებს იკვლევს. ორგანიზაცია ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ინგლისურენოვან პლატფორმა Restmedia-ს აკვირდება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პლატფორმა AI-ით შექმნილი სტატიებითა და ხარისხიანი გრაფიკული გამოსახულებებით აუდიტორიას თითქოს საგამოძიებო ჟურნალისტიკას სთავაზობს. მასალების მეოთხედი მოლდოვას ეხება და „კრემლთან შეთანხმებული პროპაგანდით“ პრეზიდენტ მაია სანდუს, მის პარტიასა და ევროკავშირს ესხმის თავს.
„ვფიქრობ აშკარაა, რომ კრემლი მოლდოვას საცდელ ზონად იყენებს სხვადასხვა მეთოდის გამოსაცდელად. და ასევე აშკარაა, რომ ამ ტექნიკას შემდეგ სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კამპანიებში გამოიყენებს. სწორედ ეს ვიხილეთ პოლონეთის არჩევნებში შარშან. იგივე ვნახეთ რუმინეთის არჩევნებშიც. ეს არის მეთოდები, რომლებიც დროთა განმავლობაში ვითარდება და მათ ცდიან ისეთ პატარა ქვეყნებში, სადაც მიაჩნიათ, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ამას ყურადღებას არ მიაქცევენ – შესაბამისად, დიდი ძალები დიდ კომპანიებს პასუხს არ მოსთხოვენ. და ჯერჯერობით, ისინი მართლებიც არიან.
ჩვენ რუსეთის გავლენის ოპერაციებს 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ვაკვირდებით. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის საიდუმლო სამსახურების ნაკვალევის ამოცნობა ვისწავლეთ. ასეთი შემთხვევები აღმოსავლეთ ევროპაში გვინახავს, მაგრამ ისინი განსაკუთრებით აქტიურები არიან მოლდოვაში. ეს გასაკვირი არც არის, რადგან მოლდოვაში მართლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ეს კენჭისყრა ქვეყნის ევროპულ კურსს უკავშირდება. გარკვეულწილად ეს რუსეთსა და ევროპას შორის მიმდინარე დაპირისპირებაში პირველი სერიოზული ტესტია“, – ამბობს ბენ სკოტი, Reset Tech-ის დირექტორი.
„ჩვენ ბრძოლის გამოცდილება გვაქვს რუს ოლიგარქებთან, რომლებიც დიდი თანხებით ერევიან არჩევნებში და ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობენ. ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლება უკეთაა მომზადებული, ვიდრე ევროპის მრავალი ქვეყანა. ჩვენ ვიცით, როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდასა და პრორუს ოლიგარქებს, მაგრამ ჩვენი პარტნიორებისგან მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ მათ ვეუბნებით, თუ რა ხდება ამ წინასაარჩევნო კამპანიაში და პასუხად მეტი ქმედება გვჭირდება და არა მხოლოდ სიტყვები, რომ „მოლდოვას მხარს უჭერენ“. ჩვენ ეს გვესმის. დიახ, მხარს გვიჭერთ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებში ქმედებები გვჭირდება, რადგან მხოლოდ სიტყვები ვერ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას პრორუსული რეჟიმისგან, თუ ეს არჩევნები რუსეთმა გააკონტროლა“, – ამბობს დრეი რუსუ, ორგანიზაცია WatchDog-ის მედიამონიტორინგის ექსპერტი.
მოლდოვის ხელისუფლება დიდი ხანია აფრთხილებს პარტნიორებს, რომ რუსეთი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადასაყვანად აქტიურად იყენებს დეზინფორმაციის კამპანიებს, ერევა არჩევნებში და არალეგალურად აფინანსებს პრორუსულ პარტიებს.
ამასთან, მასობრივი არეულობისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის ორგანიზების ბრალდებით 22 სექტემბერს მოლდოვაში 74 პირი დააკავეს.
მოსკოვი მოლდოვის არჩევნებში ჩარევასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებთან დაკავშირებულ ბრალდებებს მუდმივად უარყოფს. მეტიც, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე რუსეთის საგარეო დაზვერვაში ევროკავშირის მიერ მოლდოვის „ოკუპაციის გეგმაზე“ საუბრობენ. 23 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო მედიამ საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიუროს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, „ბრიუსელი იმ შემთხვევაშიც არ აპირებს მოლდოვის ოკუპაციის გეგმაზე უარის თქმას, თუ არჩევნების შემდგომი ვითარება გარედან ჩარევას არ მოითხოვს“.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ამტკიცებს, რომ მოლდოვის საზღვრებთან ახლოს, რუმინეთის ტერიტორიაზე NATO-ს დესანტი უკრაინის ოდესის ოლქში გადასხდომისთვის ემზადება „დნესტრისპირეთის დაშინების მიზნით“.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ არჩევნებამდე თვეებით ადრე აცხადებდა, რომ კრემლი დაგეგმილ არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება.
ამ არჩევნებში მაია სანდუს პარტიის მთავარი მეტოქე პრორუსული ძალების პატრიოტული ბლოკია“, რომელსაც სათავეში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი უდგას.