თანამდებობაზე რვათვიანი ყოფნის შემდეგ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ქვეყნის მთავრობის აწ უკვე ყოფილ მეთაურს, გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, არ განუმარტავს, მაგრამ თქვა, რომ „აღარ შეუძლია სახელმწიფოს მართვა თავისი პრინციპებითა და შეხედულებებით“.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ალექსანდრ მუნტიანუს მადლობა გადაუხადა მაია სანდუმ იმ რვათვიანი სამუშაოსთვის, რაც მანდ ქვეყნისთვის გაწია. მან უარყო მოლდოვურ მედიაში გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ პრემიერის გადადგომა რაიმე ფორმითაა დაკავშირებული მისთვის უფლებამოსილების ხელშეშლასთან, ამ თემას კი „სიცრუე“ უწოდა.
სანდუს განმარტებით, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სრული თავისუფლება, შეესრულებინა საკუთარი მანდატი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, თავისი შეხედულებისამებრ.
მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს ორშაბათიდან დაიწყებს, კიშინაუს მთავარი ამოცანა კვლავ იქნება მიმართული ევროინტეგრაციასა და ამ პროცესისთვის საჭირო რეფორმების შესრულებაზე, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ბრიუსელმა მოლდოვას მოლაპარაკებების კლასტერები გაუხსნა.
„აუცილებლად გვჭირდება გადავიაზროთ ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის ფისკალურ პოლიტიკასა და შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული. ხელისუფლებაში შეკრული გუნდი გვჭირდება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის მიზანს - ევროკავშირში გაწევრებას. ეკონომიკური განვითარების რეალიზებისთვის გვჭირდება გადამწყვეტი ნაბიჯები.
მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად და ჭეშმარიტად მუშაობდნენ სახელმწიფო ინსიტუტებში - არ დაკარგოთ შრომისადმი ენთუზიაზმი.
ქვეყნის მომავლისადმი ნდობისთვის ჩვენ ვალდებული ვართ, მივაღწიოთ წარმატებას, შევიყვანოთ მოლდოვა ევროკავშირში და განვავითაროთ სახელმწიფო“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
ალექსანდრუ მუნტიანუ წარსულში საფინანსო სექტორში იკავებდა მაღალ პოზიციებს - როგორც მოლდოვის ეროვნულ ბანკში, ისე ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში. ის ასევე ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც მოლდოვის გარდა, უკრაინასა და ბელარუსშიც საქმიანობს.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა დროში ემთხვევა მოლდოვაში, აერონავიგაციების მომსახურების უზრუნველყოფის სფეროში არსებული სახელმწიფო კომპანიის ირგვლივ სკანდალს, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა თანამშრომელთა მაღალი შრომითი ანაზღაურების გამო.
კიშინაუში ეჭვობენ, რომ საქმე, შესაძლოა, კორუფციულ სქემას უკავშირდებოდეს.
